პაატა ბურჭულაძის გუნდს “რეფორმატორთა” ლიდერი ირაკლი ღლონტი შეუერთდა, – ამის შესახებ ღლონტმა განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“საღამო მშვიდობის,
ვადასტურებ, რომ კონსულტაციების შემდეგ მე შევუერთდი ბატონი პაატა ბურჭულაძის გუნდს, როგორც წამყვან ახალ პოლიტიკურ ძალას, რომლის მიზანიც ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ეფექტური მენეჯმენტია. მე არ ვიქნებოდი მართალი, თუ ყველაზე ჯანსაღ ძალას არ შევუერთდებოდი და არ დავუჭერდი მხარს. მე ამ გუნდში დავინახე პროფესიონალიზმი, ცოდნა და რწმენა სახელმწიფოს ტრანსფორმირებისთვის, რის საფუძველზეც უკვე რეალური გახდა სახელმწიფო გახდეს ხალხის !
თქვენ ყველას გახსოვთ, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დაწყების მთავარი საფუძველი რეალობის შეცვლა და განახლება იყო, დღესაც იგივე მონდომებით, იგივე ძალისხმევით თქვენთან ერთად ვიბრძოლებ არასახარბიელო მდგომარეობის ცვლილებისთვის და ვეცდები მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო უმძიმესი ფისკალური და ეკონომიკური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.
მჯერა, დადგა დრო, სახელმწიფოს მმართველობა ხელში აიღოს პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც პროფესიონალიზმის ხარჯზე, საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან ერთად უზრუნველყოფს ქვეყნის ეფექტურ მართვას. ჩემო მეგობრებო, მხარდამჭერებო, გულშემატკივრებო, კრიტიკოსებო, მე ხმამაღლა ვამბობ, რომ ეს ძალა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ორგანიზაციაა !
მჯერა, 8 ოქტომბერს თითოეული მოქალაქე გააკეთებს არჩევანს ტოტალურ უმუშევრობას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, არაპროფესიონალიზმსა და სიმართლეს შორის. სიმართლე, რომელიც ერთადერთი სწორი გზაა საქართველოს განვითარებისთვის და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის, ამ გზას დღეს თავად ვქმნით ბატონ პაატასთან ერთად.
აქვე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს, რომელიც ახლაც ჩემთან ერთად დგას და უკვე ბატონ პაატა ბურჭულაძის გუნდთან ერთად ვგეგმავთ დიდუბის 15 ოლქში გამარჯვებას“- წერს ღლონტი სოციალურ ქსელში.