ახალი ამბები მთავარი

EMC: „პოლიციაში არ არის მყარი ინსტიტუციური საფუძვლები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვისთვის“

“ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, პოლიციაში არ არის მყარი ინსტიტუციური საფუძვლები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვისთვის და ძირითადად მისი მიღწევა ხელმძღვანელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC) მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევა პოლიციის სისტემაში პოლიტიკურ ნეიტრალიტეტის საკითხს ეხება.

„დიდწილად პოლიციის პოლიტიზირების საფრთხეები შემდეგ ფაქტორებს უკავშირდება, კერძოდ, სისტემა მკვეთრად ცენტრალიზებულია და დაუბალანსებელია. მინისტრის, როგორც პოლიტიკური ფიგურის უფლებამოსილებები, საკადრო საკითხების რეგულირება ბუნდოვანია და დიდწილად მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. საკადრო პოლიტიკაში მინისტრის მონაწილეობა კი არაგონივრულად ფართოა, ცალკეული საპოლიციო ინსტრუმენტები, მაგალითად, იძულებით ნარკოტესტირება, ადმინისტრაციული დაკავება და სხვა იმდენად ხარვეზიანია და ბუნდოვანია, რომ ხელს უწყობს პოლიციის თვითნებობას და ამარტივებს პოლიტიკური მიზნით პოლიციის გამოყენებას. სუსტია სისტემის შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები, რაც ზრდის დაუსჯელობის პრობლემას“,- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ორგანიზატორების თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე საინტერესო ტენდენცია, კერძოდ, კვლევის ფარგლებში არ გამოვლენილა უშუალოდ პოლიციის მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის, მათი ლიდერებისა და აქტიური წევრების მიმართ ძალადობის სისტემური პრობლემა. მონიტორინგის პროცესში არ აღნიშნულა პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში უხეში ძალის გამოყენებით პოლიციის ჩარევა და მისი აღკვეთის ფაქტები. თუმცა, კვლევამ გამოავლინა პოლიციის მხრიდან მკვეთრად რეპრესიული საპოლიციო ძალის გამოყენება ინდივიდუალური აქტივისტების, საზოგადოების ჯგუფების მიმართ.

„კვლევამ ასევე აჩვენა პოლიციის ინერტულობა და არაეფექტურობა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ ძალადობისას, როგორც წესი, ძალადობა კერძო პირების მიმართ იყო გამოვლენილი და ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზებულობის შთაბეჭდილებას ტოვებდა“, – ნათქვამია კვლევაში.

როგორც კვლევის ორგანიზატორები ამბობენ,  კვლევაში განხილული პრობლემები ინფორმირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გადაეცა.

 

იტვირთბა....