სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის რიმა ბერაძის დაჯარიმებას ითხოვს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ სამართალდარღვევათა ოქმი გამოიწერა საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძეზე, რომელმაც 40 პედაგოგს 4000 ლარის ღირებულების სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა.
მისივე თქმით, ბერაძე უნდა დაჯარიმდეს 4 000 ლარით და არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალი” ასევე 4000 ლარით.
“პატრიოტთა ალიანსის“ აკრძალული შემოწირულობა მიიღო 91 600 ლარი, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არის მესამე პირის საშუალებით განხორციელებული ეს შემოწირულობა და ვითხოვთ, შემოწირულობის ორმაგი ოდენობის ჯარიმას, 183 200 ლარს. ბურჭულაძის პარტიამ მიიღო ოთხი პირისგან უკანონო შემოწირულობა, 19 500 ლარის ოდენობით, აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებათ შემოსავლების სამსახურში საკმარისი თანხები და ვერც გამოკითხვის პროცესში ვერ დადასტურდა შემოსავლების არსებობა. სასამართლოს მივმართავთ და მოვითხოვთ, 39 000 ლარით დაჯარიმდეს ბურჭულაძის პარტია. ასევე გამოიკითხა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე და ის ხალხი, ვისთანაც გაფორმდა ხელშეკრულებები ბინების მშენებლობის შესახებ. ხსენებული შემთხვევა არ განეკუთვნება აუდიტის სამსახურის კომპეტენციას, რადგან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აუდიტის სამსახურის უფლებამოსილება შეზღუდულია, თუ ნივთის ან მომსახურების ღირებულება აჭარბებს 100 ლარის. აქედან გამომდინარე ამ საკითხზე ჩვენ ვასრულებთ მოკვლევას”, – განაცხადა თორდიამ.
“მეტრონომი” რიმა ბერაძესთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა დეპუტატმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.