რუსთავის სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს ოთარ ვარამაშვილს გაქცევისთვის ბრალს დღეს წაუყენებენ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 31 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შენობიდან პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით, სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავა.
დაკავებულები არიან თბილისის საბადრაგო სამსახურის მეორე განყოფილების ცვლის უფროსი მ.ს., ცვლის უფროსის მოადგილე რ.ბ. და გუშაგი-ბადრაგი გ.ტ. გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 პრიმა ერთი მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსთავის სასამართლოდან გაქცუელ პატიმარს უკვე მესამე დღეა ეძებენ.