აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტუდენტი ამბობს, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტიპენდია დააკლო

“განათლების საერთაშორისო ცენტრის დამოკიდებულება ასეთია: “ოჰ, ამდენი ფული მოგეცით ისედაც და დანარჩენი შენით იშოვნე”- ამის შესახებ “მეტრონომს” ქართველმა სტუდენტმა გიორგი სალუქვაძემ  განუცხადა, რომელიც სან ფრანცისკოს ხელოვნების უნივერსიტეტში კინო-სამსახიობო განხრით, ხელოვნების მაგისტრანტია.

 

 

„ძალიან დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ნინო კობახიძეს, ნინო ჭელიძეს და განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიის წევრებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრს (ისედაც მნიშვნელოვნად დაკლებული ფული) არ გადმოურიცხავს, ყველა ვადას გადააცილა უკვე.

ჩამოვედი ახლა სან ფრანცისკოში და საერთო საცხოვრებელში არ მიშვებენ გადაუხდელობის გამო.

ვზივარ ეხლა ქუჩაში ჩემოდნებზე.

ჰოსტელების ფასიც კი 80$-დან იწყება აქ“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქართველი სტუდენტი გიორგი სალუქვაძე წერს, რომელიც სან ფრანცისკოს ხელოვნების უნივერსიტეტში კინო-სამსახიობო განხრით, ხელოვნების მაგისტრანტია.

გიორგი პირველი იქნება  საქართველოში, რომელსაც თავის პროფესიაში ასეთი დონის ხარისხი ექნება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ განათლების საერთაშორისო ცენტრი მას სწავლის საფასურს ბოლომდე აუნაზღაურებს.

როგორც „მეტრონომთან“ საუბრისას გიორგი სალუქვაძე ყვება, მას განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში მონაწილეობისას ნათლად ჰქონდა მითითებული, რომ ხარისხის ასაღებად 21 საგანი უნდა გაევლო. პირველ წელს 100%-ინთა სიაში მოხვდა, შემდეგ წელს კი 8 საგნის მაგივრად კვლავ 6 დაუფინანსეს. როგორც სალუქვაძე ყვება, ცენტრთან ერთადერთი ვალდებულება, რაც ხელშეკრულებით აკისრია, კარგი აკადემიური მოსწრებაა.

„ვარ 100%-იან დაფინანსებულთა სიაში. პირველ წელს ეს 100% გახლდათ 6 საგნის გადასახადი. მეორე წელს საგნების რაოდენობა გახლდათ – 8. წელს, გეგმის მიხედვით 7 საგანი უნდა გამეკეთებინა. განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში მონაწილეობისას ნათლად მქონდა მითითებული, რომ ხარისხის ასაღებად უნდა გამევლო 21 საგანი. ყველა უნივერსიტეტი ამერიკაში მხოლოდ ერთწლიან ხარჯთაღრიცხვას გასცემს.  პირველ წელს იქიდან გამომდინარე, რომ 100%-იანთა სიაში მოვხვდი, ცენტრმა სრულად დამიფინანსა სწავლება. არავითარი გაფრთხილება და მოლაპარაკება არ ყოფილა ჩვენ შორის მომდევნო წლების დაფინანსებაზე. ერთადერთი ვალდებულება რაც ხელშეკრულებით მაკისრია არის კარგი აკადემიური მოსწრება (მინიმუმი 3 GPA) ან თუ ჩემი მიზეზით ვერ დავასრულე სწავლა, თანხა უკან უნდა დავაბრუნო.

შარშან 8 საგნის მაგივრად ისევ 6 დამიფინანსეს. მე არ მაქვს საშუალება ფული თავად გადავიხადო, უნივერსიტეტი არც სამუშაო უფლებას მაძლევს.

თავიდან ვინმეს რომ ეთქვა, შენი დასამატებელი იქნება მომავალში რამეო, თანხას ხელს არ მოვკიდებდი. სწორედ იმიტომ გადავწყვიტე წასვლა, რომ  ვიფიქრე, თუ სრულად უზრუნველყოფილი ვიქნებოდი, დროს ჩემს აკადემიურ საქმიანობას დავუთმობდი, მაგრამ ჩემი შრომაც მენანება და განათლების საერთაშორისო ცენტრი ამას ცუდად იყენებს. დამოკიდებულება ასეთია: “ოჰ, ამდენი ფული მოგეცით ისედაც და დანარჩენი შენით იშოვნე”. პირველ წელს ასე არ შევთანხმებულვართ.

ყველაფერი ვცადე, რომ დამერწმუნებინა ცენტრის ადმინისტრაცია და კომისსის წევრები. ეს მათი მხრიდან გაუაზრებელი ნაბიჯია. ამას ისიც ემატება, რომ ცენტრმა შარშან 1 000 000 ბიუჯეტში მიაბრუნა“- აღნიშნა სალუქვაძემ „მეტრონომთან“.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს მხოლოდ პირველკურსელები შეახვედრეს, მას და დანარჩენებს კი გვერდი აუარეს, რომ ეს პრობლემა არ გაეჟღერებინათ.

„რა არ ვცადეთ, მაგრამ ეხლა არავინ არაფერზე აღარ გვპასუხობს. ადმინისტრაციიდან ჩვენს განცხადებებზე ოფიციალურ გაურკვეველ პასუხებს ვიღებთ.  ამ დროისთვის 108,000$-ია დახარჯული ჩემზე და სულ რაღაც 1 5000$ ზეა საუბარი.

მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი, რომ თუ ამ თანხას ცენტრი არ დაამატებს,  მე არ გადავიხდი და გამოვა, რომ დიპლომს ვერ ავიღებ. შესაბამისად, ვერანაირ საქმეში(აკადემიური თუ ა.შ.) ვერ ჩავერთვები და 108,000$ სახელმწიფოს გაფლანგული დარჩება“- აღნიშნა სალუქვაძემ.

„მეტრონომი“ ამ პრობლემის შესახებ განათლების საერთაშორისო ცენტრს დაუკავშირდა, სადაც ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა კვიტაიშვილმა განგვიცხადა, რომ „დაკლებული გადასახადი“ არასწორი ტერმინია, რადგან გიორგი სალუქვაძემ დამატებითი თანხა მოითხოვა, რაზეც კომისიამ იმსჯელა და ეს სურვილი არ დააკმაყოფილა. მათივე თქმით, განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია დამოუკიდებელია და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს.

„დაკლებული გადასახადი არასწორი ტერმინია, გიორგი სალუქვაძემ 2014 წელს მიიღო კონკურსში მონაწილეობა და მას დაუმტკიცდა 36 500$ სწავლისა და საყოფაცხოვრებო ხარჯებისთვის. მას შემდეგ მესამე წელია მას უკლებრივ ერიცხება ეს თანხა. ასე, რომ მას არაფერი დაკლებია. მან დამატებით მოითხოვა თანხა, რაზეც კომისიამ იმსჯელა და არ დააკმაყოფილა მისი ეს სურვილი.

დამატებითი თანხა, ალბათ გეგა უკეთესად გეტყვით, მან როგორც განმარტა, სამსახიობო ხელოვნების დაუფლებისთვის, ლაბორატორიისთვის სჭირდებოდა შესაძენად რაღაც ინვენტარი და ასეთი მოთხოვნა იყო. კომისიამ ამაზე იმსჯელა და არ დააკმაყოფილა, გეგა თავად იყო გამოსული კომისიაზე, თავად მოუყვა კომისიას იმ თანხის საჭიროებების შესახებ. განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია დამოუკიდებელია. ამ შემთხვევაში მან არ დააკმაყოფილა დამატებით მოთხოვნილი თანხა. სალუქვაძეს არ მოკლებია არცერთი დოლარი სამი წლის მანძილზე“- განუცხადა „მეტრონომს“ ეკა კვიტაიშვილმა.

გიორგი სალუქვაძე „მეტრონომთან“ იმასაც ამბობს, რომ ამ ყველაფერთან ერთად განათლების საერთაშორისო ცენტრი ტექნიკურადაც გაუმართავია, რადგან ისე გაჭიმეს პასუხების გაგზავნა, რომ დაკლებულ თანხებზე პროსტესტი ვერ მოესწრო „გადმოსარიცხად მეტი დრო აღარ ეყოთ“- აღნიშნა მან.

„დიდი თხოვნა-მუდარის შემდეგ საცხოვრებელში შემომიშვეს, მაგრამ ხვალ 12 საათამდე სან ფრანცისკოს დროით თუ არ იქნა ფული, ლექციაზე დასწრების პრობლემაც შემექმნება“- ამბობს გიორგი სალუქვაძე.

ამაზე განათლების საერთაშორისო ცენტრში გიორგი სალუქვაძეს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ  მან საბოლოოდ, ხელმოწერილი ხელშეკრულება მათ პარასკევს გადაუგზავნა.

„გიორგი სალუქვაძემ საბოლოოდ ხელმოწერილი ხელშეკრულება პარასკევს გადმოგვიგზავნა, ორშაბათიდან  გადარიცხვის პროცედურები დაიწყო. მოგეხსენებათ, რომ საზღვარგარეთ ნებისმიერ გადარიცხვას თან სდევს პროცედურები. 3-5 სამუშაო დღე, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. განათლების საერთაშორისო ცენტრმა მას თანხა გადაურიცხა, რის შესახებაც საგადასახადო გადაგზავნილი აქვს  ელ.ფოსტაზე. იცის, რომ თანხა აქვს გადარიცხული. სავარაუდოდ, ეს თანხა მას უკვე ანგარიშზე უნდა ჰქონდეს ასახული .

მას ხუთშაბათსვე გადაეგზავნა. ეს უკვე ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მან უნდა მოაწეროს ხელშეკრულებაზე ხელი. გეგა არ არის პირველი წლის სტიპენდიანტი და მან კარგად იცის, რომ გადარიცხვებს დრო სჭირდება. ალბათ განაწყენებულია და ეს ამოძრავებს, თორემ ამ თანხასთან დაკავშირებით მისი კომისიის მიერ დამტკიცებული 36 500$ უპრობლემოდ დაუმტკიცდა და გადაერიცხა“- განუცხადა „მეტრონომს“ განათლების საერთაშორისო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა კვიტაიშვილმა.

გიორგი სალუქვაძის თქმით კი თანხა მის ანგარიშზე ჯერ არ ასახულა.

„ყოველ წამში ვამოწმებ ბანკის ანგარიშს და ჯერ არაფერი მოსულა.  25 აგვისტოს  ვიყავი ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად დაბარებული. როცა მივედი, მითხრეს, რომ ხელი კიდევ რაღაც დოკუმენტზე უნდა მომეწერა,  რომელსაც იმეილით გამომიგზავნიდნენ. სანამ გამომიგზავნეს, სანამ მე ამოვბეჭდე და დავასკანერე და უკან გავუგზავნე, ნადვილად დაიკარგა ამაში დრო.  თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო, რატომ იქვე არ მომაწერინეს ხელი?  მაგრამ ვიმეორებ, რატომ უნდა ვითვლიდეთ საათებს და წუთებს, როცა უფრო ადრე შეილებოდა  ყველაფრის გაკეთება“- ამბობს „მეტრონომთან“ გიორგი სალუქვაძე.

ნინო ცხადაია

 

 

 

იტვირთბა....