ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მოამზადა დოკუმენტი სახელწოდებით “პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა”.
დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზე რაც რუსულ პროპაგანდას უკავშირდება.
IDFI-ის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია საქართველოში პროპაგანდისთვის რამდენიმე ძირითად არხს იყენებს:
მედია საშუალებები- საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედია საშუალებებია. მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური „მესიჯ-ბოქსით“ და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს. თვალშისაცემია რუსული პროპაგანდის გამავრცელებლების მიერ სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებაც, როდესაც ხდება დეზინფორმაციის ან ანტიდასავლური ნარატივის შემცველი ინტერნეტ-მასალების ვირუსული გავრცელება.
არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია ბოლო დროს მომრავლებული პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომელთა შორის განსაკუთრებით ორი ორგანიზაციის გამოყოფა შეიძლება – „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“. ეს ორგანიზაციები გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით და იმით, რომ ანალიტიკური ნაშრომების თუ სტატიების გამოქვეყნებისას ეფუძნებიან რუსულ წყაროებს.
ეს ორგანიზაციები გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით და იმით, რომ ანალიტიკური ნაშრომების თუ სტატიების გამოქვეყნებისას ეფუძნებიან რუსულ წყაროებს
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელთა და ხელმძღვანელთა სიაში, ხშირად, ერთი და იგივე პირები მეორდებიან. ორგანიზაციებს შორის კავშირი მათ ვებ-გვერდებზეც არის მითითებული. გარდა ამისა, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ქსელს ასევე აქვს კავშირები ანტი-დასავლური რიტორიკით გამორჩეულ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებასთან.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ა(ა)იპ) ევრაზიის ინსტიტუტის“ 5 წლის მოღვაწეობის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციამ დააფუძნა ა(ა)იპ „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ და „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის”;
„ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე, ნანა დევდარიანთან ერთად არის ა(ა)იპ „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. ნანა დევდარიანის მიერ დაფუძნებულია ა(ა)იპ „გლობალური კვლევების ცენტრი“ და ა(ა)იპ „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“;
ნანა დევდარიანის გარდა, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ თანადამფუძნებელია მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან ტაიმსის“ მფლობელი მალხაზ გულაშვილი;
ა(ა)იპ „ევრაზიულ არჩევანს“ არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. ის ასევე არის ა(ა)იპ „ერეკლე მეორის საზოგადოების“ გამგეობის წევრი. „ევრაზიულ არჩევანს“ აქვს საკუთარი ინტერნეტ ტელევიზიაც – „პატრიოტი TV“.
ჩამოთვლილი ორგანიზაციები გამოირჩევიან ანტი-დასავლური და პრო-რუსული რიტორიკით.
პოლიტიკური პარტიები- საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები პოლიტიკურ სპექტრშიც ფართოდ არიან წარმოდგენილნი. რიგი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური მოღვაწეები, პირდაპირ ან ირიბად, ავრცელებენ კრემლის პროპაგანდას. ამ პოლიტიკური პარტიების ორ ნაწილად დაყოფა შეგვიძლია:
პარტიები, რომლებსაც ღიად პრო-რუსული დღის წესრიგი აქვთ, ხვდებიან რუს პოლიტიკოსებს და სტუმრობენ მოსკოვს;
პარტიები, რომლებიც დეკლარირების დონეზე ემიჯნებიან რუსულ პოლიტიკურ ელიტას და სანაცვლოდ საკუთარ თავს აცხადებენ „პრო-ქართულ“, ნეიტრალიტეტის მომხრე პარტიებად.
განსხვავების მიუხედავად, ორივე სახის პოლიტიკური პარტიის ძირითადი გზავნილები ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას უწყობს ხელს. საქართველოს დასავლური ინსტიტუტებისკენ სწრაფვა წარმოჩენილია, როგორც უშედეგო; სანაცვლოდ, ხდება პრო-რუსული განწყობისა და საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზაცია.
აღსანიშნავია, ასევე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი თუ ყოფილი წევრების მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი გზავნილების და ზოგჯერ მკაფიოდ ანტი-დასავლური განცხადებების გავრცელება, რაც, ირიბად თუ პირდაპირ, კრემლის პროპაგანდის მიზნებს ემსახურება.
სასულიერო პირები-დასავლურ კულტურასთან ქართული ტრადიციების შეუთავსებლობის მითს ასევე ავრცელებენ საქართველოს ეკლესიის კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლები. რთულია დავადგინოთ, ეკლესიის რა ნაწილს შეადგენს ეს ჯგუფი, თუმცა, საგულისხმოა, რომ ბევრი სასულიერო პირი ქადაგებაში ავითარებს მითს რუსეთთან ცივილიზაციური ერთობისა და დასავლეთთან იდეური თუ მორალური შეუთავსებლობის შესახებ”.-აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში.
ბოლოს ორგანიზაცია რეკომენდაციასაც აქვეყნებს რათა რუსული პროპაგანდა შემციდეს.
- კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ შესაბამის დოკუმენტებში;
- რუსეთის პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის აუცილებელია მთავრობამ შეიმუშავოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური სტრატეგია;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა გამოაცხადოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად;
- საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის ანალიზის, რეაგირების და პორპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი;
- ერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ;
- უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები;
- საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას;
- საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დღის რეიტინგული სტატიები: