ომბუდსმენის აპარატის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ილია ჭანტურია სახალხო დამცველის აპარატში არსებულ დარღვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი თანამდებობიდან გაშვება უსამართლოდ მოხდა. მისი თქმითვე სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე 105 ათას ლარად შეძენილი ავტომობილის პრესაში გახმაურების გამო გაუშვეს თანამდებობიდან.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ილია ჭანტურაია რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლა.
ბრძანების ტექსტის თანახმად, გათავისუფლების მიზეზი დისციპლინარული გადაცდომაა.
“გათავისუფლების რეალური საფუძველი ის არის, რომ თანამშრომლებთან ერთად აპარატში არსებულ პრობლემებზე ხმა ავიმაღლე. ასევე, ჩემი პროფკავშირებისადმი კუთვნილების გამო მოხდა ეს ფაქტი, ასე მგონია.”-აცხადებს ჭანტურაია.
მისივე თქმით, გათავისუფლების ბრძანებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
ნანუაშვილმა ჭანტურაიას ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და ყოფილ თანამშრომელს კომისიის დასკვნის გამოქვეყნება ურჩია.
“კომისიამ დაადგინა, რომ ჭანტურიამ ჩაიდინა ყველაზე მძიმე, უხეში გადაცდომებები და დაარღვია ვალდებულებები, რომელიც მას ევალებოდა. მის მიმართ რამდენიმე თვის წინ გამოყენებული იყო დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა – გაფრთხილება, და ვადა ჯერ არ იყო გასული. ვთვლი, რომ მისი გათავისუფლება იყო ერთადერთი გამოსავალი, რადგან მისი მუშაობა ომბუდსმენის აპარატის ეფექტურ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნიდა. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდნენ. ასეთი არაკვალიფიციური თანამშრომლებისგან ნებისმიერი სამსახური დაზღვეული უნდა იყოს.” – აცხადებს ნანუაშვილი.
ტელეკომპანია “იბერიასთავის” მიცემულ ინტერვიუში ილია ჭანტურაია სახალხო დამცველის აპარატში არსებულ დარღვევებზე საჯაროდ საუბრობს და ამტკიცებს, რომ ცოტა ხნის წინ ომბუდსმენის აპარატის მიერ შეძენილი ძვირადღირებული ავტომანქანა ნანუაშვილს საკუთარი მოადგილისთვის ნათია კაციტაძისთვის უნდა გადაეცა.
“სახალხო დამცველი იმდეად უკმაყოფილო იყო ავტომობილის თემის მედიაში ტირაჟირებით, რომ არამხოლოდ ჩემთან დაკავშირებით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, არამედ ეს გახდა ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი რის გამოც პირველ მოადგილეს პაატა ბელთაძეს მოსთხოვა თანამდებობა დაეტოვებინა. პაატა ბლთაძე თავისი მიზეზით არ წასულა სამსახურიდან. ბელთაძის თქმით ნანუაშვილმა მას პირდაპირ მოსთხოვა თანამდებობის დატოვება, სხვა შემთხვევაში მას თავად გაათავისუფლებდა. ამის შემდგომ პაატა ბელთაძემ ერთთვიანი შვებულება აიღო და ერთი თვის შემდეგ თანამდებობიდან წასვლის განცხადება დაწერა. როგორ გგონიათ რატომ უნდა სდომოდა ბელთაძეს ასეთი მაღალი თანამდებობის დატოვება?!”-აცხადებს ჭანტურაია.
ომბუდსმენის აპარატში “მეტრონომს” ბელთაძის წასვლის მიზეზები განუმარტეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბელთაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ეს ფაქტი ავტომობილის შეძენასთან კავშირში არ არის.
“პაატა ბელთაძე სახალხო დამცველის პირველი მოადგილე გახლდათ, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ავტომობილის შეძენის შესახებ ინფორმაციის გახმაურება კავშირში არ არის პაატა ბელთაძის სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით, რასაც თავად ბელთაძეც ადასტურებს მის სატელევიზიო განცხადებაში. ილია ჭანტურაიას განცხადებაში გამოთქვამს საკუთარ ვარაუდებს, რომელიც არ არის ფაქტებზე დაფუძნებული და ამით ცდილობს მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში და მოახდინოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის დისკრედიტაცია”.-აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
რაც შეეხება ჭანტურაიას განცხადებას 105 ათასიანი ავტომობილის ნათია კაციტაძისთვის ჩუქებას, უწების განმარტებით ჭანტურაიას განცხადებები უსაფუძვლოა, რადგან მისი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ექნებოდა ინფორმაცია ვის შეიძლებოდა გადასცემოდა ავტომანქანა.
“ჩვენი ინფორმაციით სახალხო დამცველს სურდა ეს ავტომობილი ნათია კაციტაძისთვის გადაეცა”. -აცხადებს ჭანტურაია.
კითხვაზე რატომ სურდა ნანუაშვილს საკუთარი თანამშრომლისთვის ასეთი საჩუქრის გაკეთება, ჭანტურაია აცხადებს, რომ აპარატის ზოგიერთი თანამშრომელთათვისაც გაუგებარი იყო რატომ შეიძინა უწყებამ ასეთი ძვირადღირებული ავტომანქანა. უწყებაში კი აცხადებენ, რომ ჭანტურაია მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა და იმ გადაცდომებზე საუბრობენ რის გამოც სახალხო დამცველის აპარატის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობა დატოვა.
“ილია ჭანტურაიას ეს განცხადებაც ვარაუდებს ეფუძნება და არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, მას არ ეკავა აპარატში ის პოზიცია რომ ინფორმირებული ყოფილიყო რომელი მანქანა ვისთვის იყო შეძენილი. არ ვადასტურებთ ჭანტურაიას განცხადებას, რომ მანქანა ნათია კაციტაძისთვის იქნა შეძენილი.
რაც შეეხება თავად ილია ჭანტურაიას სამსახურიდან გათავისუფლების მიზეს გაცნობებთ, რომ ილია ჭანტურაიას სახალხო დამცველის აპარატში ეკავა საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. ამავე დროს ის იყო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი პირი.
2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ დაიწყო დისციპლინური წარმოება, მის მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომების შესწავლის მიზნით. წარმოება ჩატარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი დისციპლინური კომისიის მიერ, რომელმაც დაადგინა, ილია ჭანტურაიას მხრიდან ორი დისციპლინური გადაცდომის ფაქტი, კერძოდ:
- სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის, მოქმედი კანონმდებლობით მკაცრად დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ გამოყენება.
სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ მას არ ჰქონია მკაცრად გააზრებული დამოკიდებულება მის სამსახურებრივ ვალდებულებებზე, პასუხისმგებლობაზე და არასამსახურებრივი მიზნებისათვის სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის არამართლზომიერად გამოყენების საკითხზე.
- აპარატის ელექტრონული პროგრამიდან ოფიციალურად რეგისტრირებული დოკუმენტის – საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, წაშლის, სხვა დოკუმენტით ჩანაცვლების დავალების გაცემა და სახალხო დამცველის არაინფორმირებულობა აღნიშნულის თაობაზე,
რაც ეწინააღმდეგება საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის პრინციპს და რამაც გამოიწვია სახალხო დამცველის ინსტიტუტის საჯარო დისკრედიტაცია და მისი ავტორიტეტისათვის საფრთხის შექმნა საზოგადოების წინაშე.
დისციპლინურმა კომისიამ დაადგინა, რომ ჭანტურაიამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა ყველაზე მძიმე გადაცდომები და დაარღვია ის ვალდებულებები, რომლის დაცვა მას ყველაზე მეტად ევალებოდა, როგორც კონფიდენციალურობაზე და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ილია ჭანტურაიას მიმართ, უკვე ერთხელ იყო გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა – გაფრთხილება, რომლის მოქმედების ერთწლიანი ვადა არ არის გასული.
დისციპლინურმა კომისიამ ასევე მიიჩნია, რომ აღნიშნული სერიოზული დარღვევების გამო გამოყენებული უნდა ყოფილიყო, დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა – სამსახურიდან გათავისუფლება”.-აცხდებენ ომბუდსმენის აპარატში.
მარიამ ვარადაშვილი