დღეს, 5 საათზე ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის თემაზე სამუშაო შეხვედრაა ჩანიშნული. ხელმძღვანელებმა თბილისის მერიაში „პარტიზანი მებაღეები“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მიიწვიეს.
შეხვედრის მიზანი იმ საკითხების განხილვაა, რასაც აქციის მონაწილეები ითხოვენ.
სამუშაო ჯგუფის ძირითადი ფუნქციები იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გამწვანებული ტერიტორიების და დასასვენებელი ადგილების განვითარებისა და შენარჩუნების, ახალი გამწვანებული ტერიტორიების მოწყობის, მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების მიზნით დასკვნებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ასევე, დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის და ინფორმირებულობის უზრუნველყოფა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება.
როგორც მოძრაობა „პარტიზანი მებაღეების“ ერთ-ერთმა წევრმა მარიამ ბაქრაძემ აღნიშნა, მათი მოთხოვნაა, რომ ამ სამსახურში შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც მუდმივმოქმედი იქნება, სამსახურს კონტროლს გაუწევს და ჩართული იქნება პროცესებში.
ასევე, 2017 წლის ბიუჯეტი საკრებულოს მიერ სექტემბერში მტკიცდება, გვინდა, რომ ჩვენი შეთავაზებები და იდეები იყოს გათვალისწინებული. ვეცდებით, რომ ბიუჯეტის შედგენაშიც ჩავერთოთ“ – განაცხადა პარტიზანი მებაღეობის წევრმა მარიამ ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, „პარტიზანი მებაღეების“ მიერ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყაზბეგის 24 ნომერში ხეები გაჩეხეს. რამდენიმე დღის წინ კი თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თბილისის მერი დავით ნარმანია ანგარიშით წარსდა. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთი აქტივისტი ირაკლი კუპრაძე სიტყვის თქმის უფლებას ითხოვდა, რის გამოც ის დაცვამ ძალადობრივი მეთოდებით გარეთ გააძევა. შეხლა-შემოხლის დროს კუპრაძე კიბეზე დავარდა, დაუზიანდა ზურგი, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მერმა განაცხადა, რომ იგეგმებოდა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაცია, ასევე, მისთვის სახელის შეცვლა. მერმა განაცხადა, რომ ის გარემოს დაცვისა და გამწვანების საქალაქო სამსახურად გადაკეთდება.