არჩევნებში მონაწილე პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა პარტიული სია 8 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა პარტია/საარჩევნო ბლოკი ვალდებულია პარტიული სია ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგინოს.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ საარჩევნო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები. ეს პირებია: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები; გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის წევრებისა); დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრები;
ე) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები; ვ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები; ზ) საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ქალაქის მერი; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები; ი) მოსამართლეები;
კ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე; ლ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები; მ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;
ნ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები; ო) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები; პ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.
დღეის მდგომარეობით, 10 სექტემბრამდე თანამდებობის დატოვება მოუწევს სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მარტვილი-აბაშის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარად წარადგინა. ასევე უნდა გადადგნენ ის გუბერნატორები, გამგებლები და შესაბამისი თანამდებობის სხვა პირები, რომლებიც პარტიულ სიაში არიან ან მაჟორიტარებად იყრიან კენჭს.