ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერის მიერ „ვირიშვილ მაიმუნად“ წოდებული ირაკლი კუპრაძე დარბაზიდან გააძევეს

გარემოს დამცველი ირაკლი კუპრაძე, რომელსაც ნარმანიამ „ვირიშვილი მაიმუნი“ უწოდა, საკრებულოს  რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებოდა, სადაც ნარმანია სიტყვით გამოდიოდა. მერის მოხსენების დასრულების შემდეგ კუპრაძემ  სიტყვის თქმის უფლება ყვირილით მოითხოვა, რისი საშუალებაც მას არ მიეცა. საბოლოოდ, კუპრაძესა და დაცვას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და გარემოს დამცველი დარბაზიდან გააძევეს.

ამ წუთებში კუპრაძე დარბაზს გარეთ იმყოფება. როგორც მან „მეტრონომთან“ განაცხადა, ნარმანიას გამოსვლა დემაგოგია იყო:

“დაცვამ ლამის ცემა-ტყეპით გამომიყვანა გარეთ მხოლოდ იმის გამო, რომ ვითხოვდი სიტყვის თქმის უფლებას.

ნარმანიას ეს გამოსვლა იყო კიდევ ერთი დემაგოგია და თბილისელების დამცირება. ამის გაგრძელება აღარ შეიძლება. ამის შესაჩერებლად უნდა ამოიღოს საზოგადოებამ ხმა” – უთხრა ”მეტრონომს” ირაკლი კუპრაძემ.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კუპრაძე დაშავებულია. კერძოდ,  როცა ის კანცელარიის დაცვის სამსახურს ძალის გამოყენებით კიბიდან ჩამოჰყავდა,  კიბეზე დაეცა და  ზურგი დაიზიანა. მას დახმარება სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ აღმოუჩინა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას უსმენენ. ნარმანია საკრებულოს დეპუტატების წინაშე ანგარიშით გამოდის და მათ უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ აწვდის ინფორმაციას. სხდომის პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციები ყაზბეგის გამზირზე მოჭრილ ხეებს აპროტესტებენ.

 

იტვირთბა....