ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

გაიაფდება თუ არა პური: საქართველოში ფქვილის ფასები მცირდება

 

ხორბლის ფასები საერთაშორისო ბაზრებზე მცირდება. ხორბლის საერთაშორისო საბჭოს ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ხორბლის წარმოება 2016-2017 წლების სეზონზე 20 მილიონი ტონით მეტი იქნება და 2046 მილიონ ტონას მიაღწევს.

ხორბლის ჭარბი მოსავლის ფონზე, ექსპერტები მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების კიდევ უფრო დაცემას პროგნოზირებენ. საქართველოში ხორბლის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხდება, სადაც ასევე რეკორდულ მოსავალს ელოდებიან. „ხორბლისა და პურ – პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის” ხელმძღვანელის ლევან სილაგავას განცხადებით,  რუსეთში წელს 110 მილიონ ტონა მარცვლეულის მოსავალს ელოდებიან, საიდანაც 70 მილიონი ტონა ხორბალია. მისივე თქმით, პირველი სექტემბრიდან რუსეთი გეგმავს ექსპორტის გადასახადის გაუქმებას, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ხორბლისა და ფქვილის ფასს.  კითხვაზე, გაიაფდება თუ არა ხორბლისა და ფქვილის ფასის შემცირების შემდეგ პური და პურპროდუქტები,  ლევან სილაგავა ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი თავად პურის მწარმოებლებს აქვთ, თუმცა ფაქტია, რომ დღეს ერთი ტომარა  პირველი ხარისხის ფქვლის ფასი 33-34 ლარია, შარშან ეს ფასი 46 ლარი იყო. სილაგავა განმარტავს, რომ წელს შემცირებულია ქართული ხორბლის ფასიც და შარშანდელი 50 თეთრიდან 41 თეთრზე ფიქსირდება.

პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ როდესაც ფქვილი ძვირდებოდა, პური არ გაძვირებულა და საწარმოებმა ფასის „დაჭერა“ საკუთარი ფინანსების ხარჯზე შეძლეს. დოლიძის თქმით, გაიაფდება თუ არა პური, ამას ბაზარი დაადგენს, რადგან საბაზრო ეკონომიკის მიხედვით, თუ ფქვილი გაიაფებას გააგრძელებს და მეწარმეებს საშუალება ექნებათ, ფასიც დაიწევს. „პური ღირს იმდენი, რაც უნდა ღირდეს. დღეს პურის მწარმოებელს უჭირს, ყველას ვალები აქვს, ფქვილის 2-3 ლარით გაიაფება არაფერია. ერთი ტომარა ფქვილის ფასი 36 ლარია და მე არ მინახავს ამაზე დაბალი ფასი.” – აცხადებს დოლიძე.

მისივე თქმით, მისი ქარხნიდან პურის გასაცემი ფასი 40 თეთრია, სარეალიზაციო კი 50 თეთრი, რაც მინიმალური ფასია. დოლიძის განცხადებითვე,  ფქვილი გაიაფდა, თუმცა  დოლარმა მოიმატა, ბუნებრივი აირი ძვირია, შესაფუთი მასალები და დანადგარებიც ძვირია. პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე დასძენს, რომ ფქვილი ძირითადი კომპონენტია პურის წარმოებაში, თუმცა ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს საბოლოო ფასზე.

წყარო: “კომერსანტი”

იტვირთბა....