„შინაგან საქმეთა სამინისტრო სამტრედიაში 20 აგვისტოს გამართულ აქციაზე პოლიციის მანქანის დაზიანების გამო გამოძიებას აწარმოებს”, – ამის შესახებ „ლიბერალს“ უწყებაში განუცხადეს.
მათი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებასა ან განადგურებას ითვალისწინებს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმერეთის სამხარეო სამმართველო მედიისგან მტკიცებულების სახის კადრების მიწოდებას ითხოს. მსგავსი თხოვნით მათ „ლიბერალის“ რედაქციასაც მიმართეს.
რედაქციამ პოლიციისთვის კადრების გადაცემაზე უარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლით (პირი, რომელიც არ არის ვალდებული, იყოს მოწმე) განაცხადა, რაც ითვალისწინებს, რომ ჟურნალისტს, პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ აქვს ვალდებულება, იყოს მოწმე.
20 აგვისტოს სამტრედიაში მოქალაქეებმა აქცია „დემურ სტურუასათვის, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ” გამართეს.
„ნუ მკლავ, მეც ადამიანი ვარ”, „დღეს გაჩუმება ხვალ სიკვდილს ნიშნავს” – ამ მოწოდებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოქალაქეები დემურ სტურუას საქმეში დამნაშავეთა დასჯასა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდნენ.
წყარო: ლიბერალი
თავად ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
-„რამდენიმე წუთის წინ დატოვა ლიბერალის ოფისი იმერეთის სამხარეო სამმართველოს მაღალჩინოსანმა. მას თან ჰქონდა ოფიციალური წერილი რომლითაც ითხოვდა სამტრედიაში პოლიციური რეჟიმის გასაპროტესტებლად გამართული აქციის კადრებს. ანუ ამ კადრების ოფიციალური წესით გადაცემას.
მე თავად სიღნაღში ვარ, შვებულებაში. რედაქციაში პოლიციას მორიგე ჟურნალისტი დახვდა. თუმცა ტელეფონით დამიკავშირდნენ და ითხოვდნენ ოფიციალურ თანხმობას. როცა დავინტერესდი რად უნდოდათ ამგვარი წესით კადრების ამოღება, მითხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტზე.
ოფიცერმა სერგომ მითხრა რომ იმედმა და პალიტრა ტვ-მ უკვე მიაწოდეს კადრები და არც მე მქონდა უარის თქმის უფლება.
მე, როგორც მედიაორგანიზაციის წარმომადგენელს, როგორც ჟურნალისტს, ნამდვილად მაქვს უფლება არ გადავცე არავითარი კადრი თუ ფოტო არავის, მათ შორის პოლიციას. ასეც მოვიქეცი. შესაბამისი რეაგირება გვექნებაო, გელით მეთქი.
ჰოდა, იცოდით საქმე რომ ყოფილა აღძრული? რომელიღაც პოლიტიკური პარტიაც ამას ითხოვდა როგორც მახსოვს.
ახლა მაინტერესებს რომელი საქმის გამოძიება დასრულდება უფრო სწრაფად: დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის თუ მანქანაზე წარწერის გაკეთების? ამასაც ველი“.