“ბექაური აღიარებს, რომ აპირებდა ტერაქტის მოწყობას ოკუპირებულ ტერიტორიასთან, იქ, სადაც მავთულხლართებია განლაგებული. მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვერ იტანს რუსეთს. ამბობს, რომ 3 წელი აგროვებდა იარაღს. მისივე თქმით, ჯარისკაცი იყო და არ გაუჭირდებოდა იარაღის შეგროვება”, – ამის შესახებ სუს-ის ინფორმაციით ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებულ ბექა ბექაურის ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა განაცხადა.
როგორც ის ამბობს, ბექაური ტერაქტის ორგანიზატორად მხოლოდ საკუთარ თავს ასახელებს და ამბობს, რომ განხორციელებასაც მარტო გეგმავდა. რაც შეხება დაკავებულ სხვა პირებს, ადვოკატი ვარაუდობს, რომ მათი დაკავება ბექაურთან კავშირის გამო მოხდა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, ის გამომძიებლებმა დღეს დაკითხეს. ბექაური ამბობს, რომ იგი ერთმა სპეცრაზმელმა სცემა მაშინ, როდესაც მის დასაკავებლად მივიდა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ტერორისტული აქტი აღკვეთა, რომლის შედეგადაც სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქება იგეგმებოდა.