“არ ვიცი საერთოდ ვაჰაბიზმი რა არის. ბექა ბექაური მართმადიდებელია და არ ვიცი, თუ შეიცვალა ახლა რელიგია”, – ამის შესახებ სუს-ის ინფორმაციით, ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულის ბექა ბექაურის დეიდამ მზიანა სუბელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში ბექა ბექაურს ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია.
„არ ვიცი საერთოდ ვაჰაბიზმი რა არის. ერთი წელია საერთოდ არ მინახავს. მარტის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინებაც არ მოუწერია. ის არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, მონათლულია და არ ვიცი, თუ შეიცვალა ახლა რელიგია. ამაზე წესით სასჯელი არ უნდა იყოს”, – განაცხადა მზიანა სუბელიანმა.
მისივე თქმით, ბექაურის მოქმედებებში საეჭვო არც მის მეუღლეს შეუნიშნავს.
„თვითონ ამბობს, რომ აყვანის პროცესში მცემა სპეცრაზმაო და არა ჩვენების მიცემის დროს. არავითარ გაქცევის მცდელობას ადგილი არ ჰქონია მისი მხრიდან, არ ვიცი ახლა ვის ვუჩივლო”, – განაცხადა სუბელიანმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ტერორისტული აქტი აღკვეთა, რომლის შედეგადაც სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქება იგეგმებოდა.