ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რეპორტაჟი – პროტესტის მეშვიდე დღე: „ელენესაც რომ სასწრაფო დახმარება დაჭირდეს, ინანებთ“

„მეტრონომის“ ჟურნალისტმა მერიასთან მოშიმშილე მოინახულა

„ნატა ფერაძეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწია შიმშილობის შეწყვეტა. ახლა შიმშილობის ესტაფეტა გადაიბარა ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა. ელენე ახალგაზრდა გოგოა, რომელმაც უკვე მოასწრო ბიძინას ხის გამო საკანში გაეტარებინა ღამე. 2 მეგობართან ერთად ტექნიკის გაჩერებას ცდილობდა. (მეგობრებიც “პატარა” გოგოები არიან)

IMG_0212

ელენემ წელს დაამთავრა უმაღლესი, ჩართული იყო ყველა „პარტიზანული მებაღეობის“ და სხვა მისთვის მნიშვნელოვან სამოქალაქო აქტივობაში. ამოვუდგეთ გვერდში ელენეს, რომელიც ასე გულწრფელად და შემართებით ცდილობს გვქონდეს კარგი გარემო. ნუ ჩავუქრობთ ამ ნაპერწკალს“- ვკითხულობთ „პარტიზანული მებაღეობის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ნატა ფერაძის და ელენე მალაშევსკი-ჯაყელის პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა – შიმშილობა კი იმან გამოიწვია, რომ 17 აგვისტოს ყაზბეგის გამზირის 24 ნომერში ასწლოვანი ნაძვები გაჩეხეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფი“ 42-სართულიანი შენობის აშენებას აპირებს. სულ 13  წიწვოვანი ხეა მოჭრილი. სწორედ ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ადგილზე ადგილობრივი მაცხოვრებლები და „პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათმა ერთ-ერთმა წევრმა ნატა ფერაძემ კი 17 აგვისტოსვე უვადო შიმშილობა თბილისის მერიასთან დაიწყო. მისი მოთხოვნა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრობლების გათავისუფლება და კვალიფიკაციური კადრების აყვანა, ასევე ქალაქში მიმდინარე ეკოპროცესების მკაცრი იურიდიული გამოძიებაა. ადგილზე იმყოფებოდა ასევე თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, რომლის თქმითაც, ყაზბეგის გამზირზე საღი ხეები მოჭრეს.

IMG_0218

ამას თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილება მოჰყვა, რომელმაც თბილისში ხეების მოჭრაზე 10-დღიანი მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მერიის პრესსამსახურმა აღნიშნა, მერის გადაწყვეტილება საზოგადოების მიერ გამოხატული მაღალი ინტერესის და საკანონმდებლო ხარვეზების ერთობლივი განხლვის საჭიროებითაა გამოწვეული.

„ამ ათი დღის განმავლობაში ჩვენ ამ საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან და პირთან ერთად კიდევ ერთხელ გადავხედავთ ქალაქის გამწვანებასთან და ხეების ფორმირებასთან დაკავშირებულ წესებს. მართალია, ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ კანონში ცვლილებები შევიტანეთ და გავამკაცრეთ წესები, თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებული კანონმდებლობა ჯერ კიდევ გადასახედი და დასახვეწია. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხები, რათა რეგულაციები გავხადოთ კიდევ უფრო მკაცრი. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ 21-ე საუკუნეში ურბანიზაცია შეუქცევადი პროცესია. უნდა მივიღოთ ისეთი რეგულაცია, რაც საჯარო და კერძო ინტერესების თანხვედრით მოგვცემს ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას, რათა, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ მწვანე საფარი, მეორე მხრივ კი, ვიზრუნოთ ახალი პროექტების განხორციელებასა და ადამიანების დასაქმებაზე.  ჩვენ მოვუსმენთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს რაციონალური წინადადება და შევიმუშავებთ ახალ წესებს“ – განაცხადა ნარმანიამ, რომლის კომენტარიც მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

IMG_0233

„პარტიზანული მებაღეობის“ წევრებმა ხეების მოჭრის საქმეზე პროკურატურას მიმართეს, სადაც ახლა, ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ნატა ფერაძის შიმშილობის შვიდი დღის განმავლობაში მერიის თანამშრომლებს პროტესტის უკიდურეს ფორმაზე – შიმშილზე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ და აქციის წევრებთან არ უსაუბრიათ. შიმშილობის მეშვიდე დღის დასაწყისში ფერაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც პარტიზანული მოძრაობის წევრებმა აღნიშნეს, მას ჰემოგლობინი დაუვარდა და სასწრაფო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. მან შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა დღეს ნატა ფერაძის მაგივრად შიმშილს „პარტიზანული მებაღეობის“ წევრი, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი იგივე მოთხოვნებით აგრძელებს. „პარტიზანული მებაღეობის“ წევრებმა „ფეისბუქის“ ოფიციალური გვერდიდან თბილისის მერიას მიმართეს და მოუწოდეს, რომ მათთან კომუნიკაცია დაიწყონ.

„ელენესაც რომ სასწრაფო დახმარება დასჭირდეს, პარტიზანი მებაღეები პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ძალიან, ძალიან, ძალიან მწარედ ინანებთ! დროზე ჩამოდით და დაგველაპარაკეთ!

დროა ისწავლოთ ქალაქის გულშემატკივრების მოსმენა და მათი რეკომენდაციის რეალურად გაზიარება! ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!“- აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

IMG_0222

„მეტრონომის“ ჟურნალისტმა თბილისის მერიასთან მოშიმშილე მოინახულა. ელენემ „მეტრონომს“ განუცხადა, რომ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური ძალიან ცუდად ფუნქციონირებს. სწორედ ამიტომ, ის სტურქტურის შეცვლას ითხოვს, სადაც გაკონტროლდება ნებართვების გამცემი კომპანიის საქმიანობა, ასევე უშუალოდ ადგილზე ხეების ჭრის პროცესი.

„ეს უნდა იყოს ნამდვილად სწორ დასკვნაზე გაცემული ნებართვები და არა ჯანსაღ ხეებზე, რომლებსაც არ სჭირდებათ არც მოჭრა, არც მკურნალობა და არაფერი.

 

მერიისგან ამ დრომზე პასუხი არ მიგვიღია, ერთადერთი რაც იყო, ეს ათდღიანი მორატორიუმის გამოცხადებაა, რომელიც რეალურად, შედეგის მომტანი არ არის. 10 დღე არაფერს ამბობს. ამას სჭირდება გრძელვადიანი გეგმის შემუშავება. სასაცილოა უბრალოდ, 10 დღეშიც კი უამრავი მესიჯი მოგვდის პარტიზანების გვერდზე, რომ ხეები მაინც იჭრება. ესეც კი არ მუშაობს რეალურად“- აღნიშნა ელენემ „მეტრონომთან“.

აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად მისული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ელენე ხოშტარია. როგორც თავად აქციის მონაწილეებმა გვითხრეს, მათ მხარდასაჭერად პერიოდულად მიდიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. მაგ.: „თავისუფალი დემოკრატებიდან“ და „რესპუბლიკური“ პარტიიდან. თუმცა, ელენე-მალაშევსკი ჯაყელის თქმით, აქამდე მათ ოფიციალური უწყებებიდან არავინ გამოხმაურებიათ.

IMG_0228

რაც შეეხება ნატა ფერაძეს, ის  დღეს  რეაბილიტაციის კურსს გადის, შიმშილობას არ გააგრძელებს, თუმცა ხვალიდან ისევ მერიასთან აქციის მონაწილეების გვერდით დადგება.

დღეს ამ თემაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ თბილისში ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი გადაიხედება.

„სიამოვნებით მივიღებთ ყველა რაციონალურ მოსაზრებას და წინადადებას და ამაზე დაყრდნობით ამ წესს დავხვეწავთ. როდესაც გარემოს დაცვის სტრატეგია გავაკეთეთ, თბილისის ისტორიაში პირველად, მაშინაც გვქონდა საუბარი და გარკვეული რეგულაციები შევცვალეთ, თუმცა ესე მწვავედ საკითხი არასდროს დამდგარა. ამიტომაც, ვფიქრობთ, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე კიდევ გადავხედოთ არსებულ წესებს“, – განაცხადა ნარმანიამ.

ხოლო ჟურნალისტების შეკითხვაზე, დადგება თუ არა ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი, ნარმანიამ უპასუხა, რომ პროკურატურის საბოლოო დასკვნას უნდა დაველოდოთ.

IMG_0225

„გამოკვლევა აუცილებლად უნდა დასრულდეს, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ახორციელებს და ამის საფუძველზე უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. სწორედ ამიტომაც, პროკურატურის შესაბამის ქვედანაყოფებთან ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა მათ ყველა ინფორმაცია მივაწოდოთ. ვიმუშაოთ მათთან ერთად და დადონ საბოლოო დასკვნა, რასთან გვქონდა საქმე. წინასწარ ვარაუდების გაკეთება, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იყოს და ამას ვერ დავეყრდნობით. როდესაც ოფიციალური დასკვნა იქნება, ოფიციალური დასკვნა იქნება შემდგომი რეაგირების საფუძველი. მანამდე რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ხეების ჭრასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების წესი გადაიხედება“, – აღნიშნა ნარმანიამ.

როგორც „მეტრონომს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ამ თემასთან დაკავშირებით მეტ კომენტარს მერი აღარ გააკეთებს.

ნინო ცხადაია

დღის რეიტინგული სტატიები:

იტვირთბა....