„ისლამური სახელმწიფოს“ ფრანგულენოვანი ონლაინ ჟურნალი “დარ ალ ისლამ” ISIS-ის ე.წ. ომის მინისტრის, თარხან ბათირაშვილის „ანდერძს“ აქვეყნებს.
„ანდერძის“ თანახმად, თარხან ბათირაშვილი რამდენიმე რეკომენდაციას იძლევა და იმედოვნებს, რომ ისინი შეძლებისდაგვარად განხორციელდება.
„ჩემი უკანასკნელი რეკომენდაციები, რომლებიც, იმედია, განხორციელებული იქნება, რამდენადაც შესაძლებელია. პირველი რეკომენდაცია: მივმართავ ყველა მოჯაჰედს, რომლებიც ჩემს განკარგულებაში იყვნენ. გთხოვთ მაპატიოთ თუ გაწყენინეთ. რაც შემეხება მე, მე თქვენ გაპატიეთ. გირჩევთ ალაჰს პატიება თხოვოთ და განაახლოთ თქვენი მონანიება. მეორე რეკომენდაცია: არასოდეს დაანებოთ თავი ჯიჰადს და ჰიჯრას, ვინაიდან ამ ორ რამეში არის ჩვენი სულების გადარჩენა და ჩვენი რელიგიის გამარჯვება. მესამე რეკომენდაცია: განსაკუთრებით მივმართავ ემირებს. მათ ვეუბნები: სანდო პირებისა და ახლო წრის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ არა მათ წარმომავლობას, არამედ მათ შიშს ალაჰის წინაშე და მათ მიერ მოვალეობების შესრულების უნარებს. მეოთხე რეკომენდაცია: უარყავით ამქვეყნიური საზიზღარი ცხოვრება და გახსოვდეთ, განიკითხებით ყველა იმ ქონების გამო, რაც თქვენს ხელში იყო. არ დაკარგოთ დრო ამქვეყნიური ქონების მიპოვების მისწრაფებაში. მეხუთე რეკომენდაცია: ო, მორწმუნეების ემირო, ალაჰმა დაგიფაროს – ალაჰის სახელს ვახსენებ, რათა დაგლოცოს და რათა შეძლო შენს ირგვლივ შეკრიბო დაჩაგრული, დამშეული, მიმოფანტული მორწმუნეები. რათა ალაჰმა შეგაძლებინოს ორი წმინდა ადგილის, ქვეყნის დაპყრობა, ისევე, როგორც იერუსალიმის დაპყრობა. დაბოლოს, მორწმუნეების ემირო, გთხოვ, არ დაივიწყო კავკასია“, – ნათქვამია ანდერძში. დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” თარხან ბათირაშვილის დაღუპვის ფაქტი მიმდინარე წლის ივლისში დაადასტურა.
დაჯგუფების მედია სააგენტო AMAQI წერს, რომ თარხან ბათირაშვილი, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც უმარ ალ-შიშანი, საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ისლამისტების ცნობით, თარხან ბათირაშვილი ერაყის ქალაქ მოსულთან მდებარე დასახლებულ პუნქტ შირკატში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” დაქვემდებარებაში მყოფმა საინფორმაციო საშუალებებმა უმარ ალ-შიშანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურეს.
თარხან ბათირაშვილი საქართველოს მოქალაქე იყო. ის „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას წარმოადგენდა. ბათირაშვილი ე წ. ომის მინისტრის პოსტს იკავებდა.
წყარო: PolitComersant