პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. კანდიდატად წარდგენიდან ცოტა ხნის შემდეგ კობიაშვილმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს, რომ ფედერაციის პრეზიდენტობის პოსტი დატოვებას არ აპირებს.
ფეხბურთის ფედერაციის წესდების მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “სფფ არის ნეიტრალური პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში”. ჩნდება კითხვა როგორ შეინარჩუნებს ნეიტრალიტებს კობიაშვილი თუ ის “ქართული ოცნების” სიით პარლამენტში მოხვდება?
ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ რელიგიურად და პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს ფედერაცია და არა მისი პრეზიდენტი.
„სფფ-ის პრეზიდენტი შეიძლება იყოს სფფ-ის წევრის მიერ წარდგენილი 24-დან 70 წლამდე პიროვნება, რომელსაც უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, აქტიურად ჩართული საფეხბურთო საქმიანობაში და არ უნდა იყოს ნასამართლევი“. მათივე განცხადებით, საქართველოს კანონით „სპორტის შესახებ“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ ეკრძალება იყოს დაკავებული სხვა, მათ შორის პოლიტიკური საქმიანობით.
ამავდროულად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი, უეფას მოთხოვნების შესაბამისად არის ნეიტრალური პოლიტიკურ საკითხებში, მიუხედავად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოლიტიკური საქმიანობისა“.- წერია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი იმ სფეროებს განსაზღვრავს, სადაც მომავალ დეპუტატს შეუძლია საქმიანობა პარალელურად გააგრძლელოს. ესაა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობა. რეგლამენტი ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებას არ ითვალისწინებს.
სპორტული ჟურნალისტი და პაატა ბურჭულაძის მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი ლაშა დვალიშვილი “მეტრონომთან” საუბარში ამობს, რომ კობიაშვილის დარჩენა თანამდებობაზე დაუშვებელია და ფედერაციის არგუმენტებიც არადამაჯერებელია.
“მაგ პუნქტში შავით თეთრზე წერია, რომ ნეიტრალიტეტი უნდა იყოს რელიგიურ და პოლიტიკური მომართულებებით და ეს კობიაშვილის დარჩენის შემთხვევაში ვერ განხორციელდება. მმართველი გუნდის დეპუტატი შესაბამისად არის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, წარმოუდგენელია ეს ნეიტრალიტეტი შენარჩუნებული იქნას. გარდა ამისა, სხვა უამრავი პრობლემაც არსებობს. დღეს ქართული ფეხბურთი არ არის იმ ვითარებაში, რომ მისი ხელმძღვანელობა სადღაც კიდეც სხვა საქმეებით იყოს დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია და მეეჭვება კობიაშვილმა გლდანში გაიმარჯვოს, ჩემთვის მაინც წარმოაუდგენელია მოქმედმა პრეზიდენტმა პარალელურად პარლამენტში იმუშაოს”. – აცხადებს დვალიშვილი.
დვალიშვილის თქმით, ფიფას ეთიკის კოდექსის თანახმად, ფეხბურთის ფედერაცია ვალდებულია, შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი სამთავრობო დაწესებულებებთან, ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასოციაციებთან და ჯგუფებთან მიმართებით.
“მინდა ერთ ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება. გარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებისა, სადაც ნეიტრალიტეტზეა საუბარი. ფიფას დებულებების მიხედვით, ძალიან დიდი ყურადღება ენიჭება იმას, რომ ფეხბურთის ფედერაცია აპოლიტიკური ორგანო იყოს. ფიფა პირდაპირ ამბობს, რომ ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში სახლმწიფოს ჩარევა მიუღებელია როგორც ფიფას, ასევე უეფასთვის. ამის გამო ძალიან ბევრი ქვეყანა დასჯილა. არ ვიცი როგორ ხედავს კობიაშვილი და მისი ლობისტი ამ ორი საქმიანობის ერთად შეთავსებას. ფედერაციის განცხადება, რომ ნეიტრალიტეტს ფედერაცია შეინარჩუნებს სრული აბსურდია. თუ მათ სურთ ვინმეს ნაცარი შეაყარონ თვალებში ეს სხვა საკითხია. ფეხბურთის ფედერაციას მეგობრულ რჩევას მივცემდი, მიხედონ იმ საქმეს რაც მათ ჩააბარეს და დაანებონ თავი იმ მიმართულებებს რაც მათი საქმე არ არის და შესაბამისად ორი საქმის ერთად შესრულებას, სჯობს ჯერ ერთს მიხედონ. არ მგონია ფეხბურთის ფედერაციის გარდა ვინმეს სჯეროდეს იმ განცხადების რასაც ესენი აკეთებენ”. -ამბობს დვალიშვილი.
“მეტრონომი” ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდა. მათ პოზიციას საკითხზე მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მარიამ ვარადაშვილი