ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მაჟორიტარი კობიაშვილი: „ვრჩები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად“

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ახლა უკვე  “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის დეპუტატიც  გლდანში, ლევან კობიაშვილი, სოციალური ქსელით  ამომრჩეველს მიმართავს:

“როგორც იცით, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ნდობისთვის და აღვნიშნო, რომ ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად სასიამოვნოა, როდესაც იმ უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხარ, სადაც მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა გაქვს გატარებული. მინდა გლდანის მოსახლეობამ იცოდეს, რომ ჩემი სახით თქვენ გყავთ ისეთი კანდიდატი, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აუცილებლად შევხვდები ყველა თქვენგანს, მოვისმენ თქვენს აზრს, გავეცნობი თქვენს პრობლემებს და ერთად დავსახავთ სამოქმედო გეგმას, რომელიც გლდანის მოსახლეობის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს. რადგან ჩემი უმთავრესი მისიაა – ვიყო თქვენი ხმა, გლდანელების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს მოემსახურება და დარწმუნებული ვარ, ერთად დავძლევთ იმ პრობლემებს, რაც გლდანის მოსახლეობას აქვს. აქვე მინდა გამოვეხმაურო აქტუალურ საკითხს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჩემი პრეზიდენტად დარჩენის თაობაზე. ვრჩები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იგივე ტემპით, იგივე რეჟიმში გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ დიდი ცვლილებების მისაღწევად, რაც მე და ჩემმა გუნდმა დავისახეთ მიზნად. სწორედ განხორციელებული პროექტები, ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯები იქნება ჩემი და ჩემი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასება. მინდა, მივმართო თითოეულ ადამიანს, საფეხბურთო სამყაროს ყველა წევრს და გულშემატკივარს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩემი ხელმძღვანელობით გააგრძელებს წინსვლას, იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ქართული ფეხბურთის განვითარება ჰქვია”, – წერს  ლევან კობიაშვილი

იტვირთბა....