სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილმა გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 17 წლის ბიჭის მიმართ, რომელიც საკუთარი დის გაუპატიურებაში იყო ბრალდებული.
ახალგაზრდას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111 – 137-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ოჯახურ დანაშაულს, გაუპატიურებას გულისხმობს და 10-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სიღნაღის რაიონულ სასამართლოს ინფორმაციით მოსამართლემ ახალგაზრდა წარდგენილ ბრალში სრულად გაამართლა. აღნიშნული გადაწყვეტილება სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
17 წლის ბიჭი 15 წლის დის გაუპატიურების ბრალდებით, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. გოგონა 8 თვის ორსული იყო. დაკავებულს სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით პატიმრობა 3 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
წყარო: “კახეთის საინფორმაციო ცენტრი”