გაზეთმა „ქრონიკა +“ ე.წ. ციხის კადრები გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილე პირები იდენტიფიცირებულნი არიან
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა კილაძის მიერ გავრცელებული კადრებიდან დიალოგებს ასაჯაროებს.
“ციხის კადრების” დაუმონტაჟებელი, სრული ვერსია გავრცელდა. ვიდეოს არ დავდებ, პატიმრების სახეები ჩანს. ეს დიალოგები კი პირდაპირ არაადამიანური მოპყრობაა. არანაირი დანიშნულება არ ჰქონდა ამ კადრებს. ტიპი ერთობოდა, ფსიქიკურად დაავადებულების დაცინვა სიამოვნებას ანიჭებდა. მანიაკალური ახირებაა.
-რა გინდა?
-წყალი.
-აგე, წყალი, აიღე.
-მომეცი წყალი, მეკაიფები, ბიჯო?
-აი, წყალი.
-მომე, ბიჯო, გაშრა პირი, ხალხი არა ხართ? მომეცი, თორემ…
-რას იზამ?
-გავღუნავ და გამოვალ… (გისოსს ეჯაჯგურება. ისმის ბედუკაძის ქირქილი და ვიღაც გოგოს კისკისი, რომელიც მერე, წამიერად, კადრშიც გაიელვებს. ნეტა, ეგ თუა იდენტიფიცირებული და დაკითხული?).
-მომე წყალი, ჩემი დედა…
-არა.
——-
სხვა ფსიქიკურად დაავადებული პატიმრის ღია გისოსიან საკანთან:
-რას შვრები?
-გასაღები მომეცი.
-რად გინდა?
-სახლში წავალ.
-სად? სად ცხოვრობ?
-საჩხერეში.
-ვახ. შენა, კაცი ხარ თუ მაიმუნი?
ისმის გოგოს კისკისი.
-არ მეტყობა, რომ კაცი ვარ?
-რაში გეტყობა, აბა, რაში? მაიმუნს ჰგავხარ და…
-წვერს გავიპარსავ…
-მიდი აბა, გაიპარსე…
———
სხვა ფსიქიკურად დაავადებულის საკანთან:
-ქურდმა დაგარტყა ხელი, რა გამოდიხარ?
-არ დაურტყამს. ქურდები აქ არ არიან.
-გოჩა, გესმის, რას ამბობს შენზე? (სხვა პატიმარს გასძახის) ქურდი არ არისო. ბიჭო, რა გამოდიხარ-მეთქი, ქურდმა რომ დაგარტყა?
-პატიოსანი ბიჭი ვარ…
-ბოზი არ გამოდიხარ?
-არა, პატიოსანი ბიჭი ვარ.
-გესმის, გოჩა? ვინ არის, უთხარი აბა…
გოჩა: – ბოზია, ბოზი…
-გაიგე? ბოზი ხარ.
-პატიოსანი ბიჭი ვარ, აუ, შემეშვი რა, თავი დამანებეთ, პატიოსანი ბიჭი ვარ.
———-
-რა ხარ?
-ქურდი ვარ! (პატიმარი საკანში, დამცავი ჩაფხუტით, რომ თავი კედელს არ მიარტყას, უკან შარვალი ოდნავ ჩაწეული და გისოსებში გამოჩრილი ცოცხით, იმიტაციით, თითქოს ანალურ ხვრელშია გაჩხერილი).
-რა ხარ?
-ქურდი ვარ!
-ცოცხი რომ გაქვს ტრაა-ში? მაინც ქურდი ხარ?
-ქურდი ვარ!..”-წერს ბერულავა.
კადრების გამოქვეყნებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ვიდეოკადრებში ნაჩვენები ადამიანები იდენტიფიცირებულია და დარღვეულია ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
„გავრცელებულ ვიდეომასალაში შესაძლებელია მასზე ასახული პირების სრულად იდენტიფიცირება. ეს ხელყოფს მათ პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ზიანს აყენებს მათი და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს.
მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტორის მანდატი არ ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქმიანობის პროცესზე, მედია ვალდებულია დაიცვას ბალანსი საზოგადოების ინფორმირებასა და მოქალაქეთა პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობას შორის. მით უფრო, როდესაც საქმე ეხება წამების და არაადამიანური მოპყრობის არაერთ მსხვერპლს და გავრცელების ფორმა იძლევა მასზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის საშუალებას.“ – აღნიშნულია ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-10 მუხლი სწორედ ჟურნალისტის მიერ სხვისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხება. „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“.