ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

პარლამენტის სავარძლებისთვის ბრძოლაში: „იდიოტების ჯგუფი, რომლებმაც რეფერენდუმი მოიგონეს“

ელექტორატის მოსაზიდად შექმნილი ორმაგი სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში

რეფერენდუმის ჩატარებს საკითხი, რომელსაც ოჯახის დეფინიცია როგორც ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი უნდა განესაზღვრა, წინასაარჩევნოდ აქტუალობას არ კარგავს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი იმით ახსნა, რომ საკითხი დიდი ხანია დარეგულირებულია სამოქალაქო კოდექსში. პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოსვლები უკვე დაანონსდა. რეფერენდუმის მომხრეები პრეზიდენტს და რეფერენდუმის მოწინააღმდეგებს „შავ დღეს“ ჰპირდებიან, პრეზიდენტს კი გადაყენებით ემუქრებიან.

ეს თემა იმდენად ხშირად მუსირებს მედიაში და ზოგადად საზოგადოებაში, რომ „მეტრონომმა“ ჩათვალა მეთოდურად და მკითხველისთვის მარტივად გასაგები ენით მიაწოდოს მათ დეტალები, თუ რა ხდება რეალურად? რას ნიშნავს რეფერენდუმის თემის ასე მძაფრად წამოწევა წინასაარჩევნოდ? რეალურად, ეს თემა არის დღეს საზოგადოების დაკვეთა, თუ ეს არის პოლიტიკური იარაღი საპარლამენტო სკამების დასაუფლებლად? არის თუ არა პოლიტიკური აჯაფსანდალი, როცა მუდამ სხვადასხვა პოლუსზე მდგარი ფიგურები დღეს ერთ ნავში აღმოჩნდნენ? ვინ მოიგებს იმით, თუ ოდიოზები და აკადემიური პერსონები ერთი თავის ტვინში აღმოჩნდებიან? არის თუ არა პატიოსანი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი, როცა ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფების რიგი წარმომადგენლები, რომლებიც ერთ იდეოლოგიას ქადაგებენ, და განსხვავებულს იყენებენ პრაქტიკაში იმისთვის, რომ ელექტორატი მოიზიდონ. უფრო მეტიც, „მეტრონომის“ მარტივი კვლევით ისიც კი გაირკვა, რომ ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტებს: ანუ ერთის მხრივ თქვა – ეს არის რუსული ნარატივი და მეორეს მხრივ, აღნიშნულ თემაზე ხმა მისცე რეფერენდუმის ჩატარებას.

ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ ქვევით შევეცდებით მკითხველს ობიექტურად მივაწოდოთ ყველა ფაქტი და არგუმენტი, ნებისმიერი მხარის პოზიცია და საზოგადოებამ ამ კითხვებს თავად გასცეს პასუხი სად არის ტყუილი, სად არის მართალი, ვინ და როგორ ატყუებს ამომრჩეველს, ვინ მანიპულირებს ადამიანების გრძნობებზე და ვინ როგორი მახინჯი მეთოდებით ცდილობს ფონს გასვლას ქართულ პოლიტიკაში, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, კულტურული ღირებულებების დეფიციტს განიცდის.

იმისათვის, რომ ამ კითხვებს მკითხველმა იოლად გასცეს პასუხი ჩვენ ქვევით შევეცდებით დავალაგოთ რესპონდენტები და მათი პოზიციები ისე, საზოგადოებისთვის მარტივად აღსაქმელი იყოს ვის რა პოზიცია აქვს, რომელი პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ჯგუფის წარმომადგენელში იკვეთება სპეკულაციის ელემენტები და რაც მთავარია, ვინ ვისი თანამოაზრე აღმოჩნდა ნებსით, თუ უნებლიედ…

„ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება – ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია. ამავე დროს, კანონმდებლობა კრძალავს, კანონის ან კონსტიტუციური ცვლილების რეფერენდუმით მიღებას.“ – აცხადებს მარგველაშვილი.

კონსტიტუციის 74-ე მუხლში წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

თუმცა, “მეტრონომთან” საუბარში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ რეფერენდუმით კანონის მიღება, ან გაუქმება არ შეიძლება.

“კარგია პრეზიდენტმა რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი რომ განაცხადა, რადგან სხვა შემთხვევაში, ეს რეფერენდუმი კონსტიტუციის საწინააღმდეგო იქნებოდა შემდეგ გარემოებათა გამო: ადამიანის უფლებების შემზღუდავი საკითხის გამოტანა რეფერენდუმზე, აკრძალულია კონსტიტუციით. მეორე – კონსტიტუციური საკითხის რეფერენდუმით გადაწყვეტა ასევე არ მოდის შესაბამისობაში ქვეყნის უზენაეს კანონთან. სწორედ ამ ორი მიზეზის გამო რეფერენდუმი არ უნდა ჩატარებულიყო”. – აღნიშნავს მენაბდე.

აღნიშნული რეფერენდუმის ინიციატორები ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ დაარსებული „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ დირექტორი ზვიად ტომარაძე, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე და პარლამენტარ თამაზ მეჭიაურის ახალი პარტიის – „ახალი საქართველოსათვის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძე არიან. “ამერიკის ხმის” ინფორმაციით, რეფერენდუმის მთელ ამ კამპანიას ლიბერალიზმის მოძულე ბიზნესმენი, ლევან ვასაძე აფინანსებს.

ოჯახის განმატრების იდეა მაშინვე მოიწონა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ “ქართულმა ოცნებამ” და საქართველოს მართმადიდებლურმა ეკლესიამ.

პოლიტიკური პარტიების ე.წ პროდასავლური ნაწილი ოჯახის დეფინიციის განმსაზღვრელ რეფერენდუმის მაშინვე გაემიჯნა.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ტუღუში “მეტრონომთან” იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მისი პარტია აღნიშნული რეფერენდუმის გამართვის  წინააღმდეგია.

“ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე თავიდანვე ცხადი იყო. პირველი რასაც ხაზი მინდა გავუსვა არის ის, რომ ჩვენ არ ვთვლით ეს თემა რამენაირად აქტუალურია და რეალუარად აწუხებს საქართველოს მოსახლეობას. ქვეყანაში ძალიან ბევრი ლეგიტიმური პრობლემაა დაგროვილი და ეს საკითხი საერთოდ არ მოითხოვს ამ ტიპის გადაწყვეტას, რადგან ეს თემა ისედაც მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით. არავინ დავობს, რომ ეს თემა რუსული ნარატივის ნაწილია, ინტერესი ამ თემის მიმართ ღიად აქვთ დაფიქსირებული ყველა იმ ძალას, რომლებიც არ არიან დასავლური, ევროპული ინტეგრაციის მომხრეები. საერთოდ, რატომ არის ეს თემა რელევანტური და საერთოდ, რატომ უნდა ჩატარდეს ამ თემაზე რეფერენდუმი, რომელიც არაკონსტიტუციური იქნებოდა, ამ კითხვებზე ლოგიკურ ახსნა-განმარტებას ვერ ვიღებთ”. – აღნიშნავს ტუღუში.

რეფერენდუმის ჩატარებას არ ეთანხმება პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მერაბ მეტრეველი “მეტრონომთან” განმარტავს, რომ ინიციატივა წინაასარჩევნოდ ხმების მიღების მიზნით დაწყებული კამპანიაა. მეტრეველი რეფერენდუმის ინიციატივაში “ქართული ოცნების” ინტერესებს ხედავს.

“კანონში წერია, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის კავშირია ოჯახის შექმნის მიზნით და რეფერენდუმს პირიქით, მოწინააღმდეგე მხარე უნდა ითხოვდეს. რაც კანონში წერია ის რეფერენდუმზე რატომ უნდა გავიტანოთ, არ მესმის. მით უმეტეს მაშინ, როცა რეფერენდუმის გზით კონსტიტუციაში ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია. ჩვენ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქორწინება ქალის და მამაკაცის კავშირია, კანონშიც ასე წერია. რეფერენდუმი, რომელიც შეიძლება იყოს ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად პრობლემებს ქმნის, რადგან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვერ ტარდება, რა საჭიროა ვერ ვხვდები. ერთადერი მიზეზი ამ რეფერენდუმის იყო ის, რომ ადამიანის გრძნონებზე ამ პოპულისტური მეთოდებით ითამაშონ. ვითომ ხმები მოაგროვონ და “ქართულმა ოცნებამ” ხალხი არჩევნებზე მიიყვანოს”. – ამობს მეტრეველი.

რეფერენდუმის ჩატარებას ეწინააღმდეგება “რესპუბლიკური პარტიაც”. რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი საკმარისია ქორწინების საკითხის დასარეგულირებლად.

„რესპუბლიკელებს“ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ არსებული მდგომარეობა, ჩანაწერები კონსტიტუციაში, სამოქალაქო კოდექსში აბსოლუტურად საკმარისია ამ საკითხის დასარეგულირებლად. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ამ ცვლილებას კონსტიტუციაში ვარ შეიტანს. თუ ვინმეს აკვიატებაა, რომ ეს ასე უნდა იყოს, ძალიან კარგი, მოიყვანონ იმდენი ხალხი, რამდენიც საჭიროა და უყარონ კენჭი, ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. ჩვენ უბრალოთ ვამბობთ, რომ საკმარისი დაცვა აქვს ოჯახს საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით. თუ ვერ გაიტანეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მართალი ვიყავით“. – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა.

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე ინიცირებული რეფერენდუმის უკან რუსულ პროპაგანდას ხედავს. მართლაც ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების “საფრთხე“, კრემლის დახვეწილი ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნარატივია. რუსული პროპაგანდის მიხედვით, მხოლოდ რუსეთი დგას “ოჯახის სიწმინდის” და “ტრადიციების” დაცვის სადარაჯოზე.

“რეფერენდუმის ჩატარებას არავითარ შემთხვევაში არ ვემხრობოდი. ეს იყო სრულიად აბსურდული, თითიდან გამოწოვილი მცდელობა, რომ საზოგადოებაში გამოიწვიონ გარკვეული გაღიზიანება, ისედაც გაღიზიანებულ საზოგადოებაში, ისეთი თემით, რომელიც აბსოლუტურად არ არის აქტუალური და არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს დღევანდელი საქართველოსთვის. მე თუ მკითხავთ ეს იდიოტების და ნაძირლების ჯგუფია, რომლებმაც ეს რეფერენდუმი მოიგონეს. ეს ემსახურება საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას და მათ სურთ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიყვანონ, რომლებიც ყველაზე რეაქციულ ძალებს მისცემენ ხმას. ეს არის პრორუსული ძალების მიერ მოგონილი საქმე, რათა რაც შეიძლება მეტი პრორუსული განწყობები იყოს არჩევნების დროს. უმცირესობებიდან ამ ეტაპზე რაიმენაირ ქორწინებას არავინ ითხოვს და სწორედ ამიტომ არის თითიდან გამოწოვილი.  საქართველოში მსგავსი საკითხი საერთოდ არ დგას. რატომ უნდა ჩატარდეს საერთო სახალხო რეფერენდუმი თემაზე, რომელიც ისედაც გადაწყვეტილია – არ მესმის. მეორე, არ შეიძლება ასე გაუთავებლად რაღაცებს ვუმატებდეთ და ვაკლებდეთ კონსიტუციას. ჩვენ კონსტიტუციის მუდმივ ცვლილებას ძალიან მივეჩვიეთ და ეს მისაღები და კარგი სულაც არ არის. ამიტომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის სწორი, მისაღები და მისასალმებელი”. – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას ლაშა ბაქრაძე.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი – „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?“ რეგისტრაციაში 2016 წლის მარტის ბოლოს გაატარა. თუმცა, პირველმა საინიციატივო ჯგუფმა ზურაბ თოლორაიას ხელმძღვანელობით 200 ათასი ხმის შეგროვება ვერ შეძლო.

14 მარტს 80-მა დეპუტატმა კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ავტორები არიან შემდეგი პარტიები: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატორები“, „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველები“. მიუხედავად იმისა, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ პოზიცია მკვეთრად დააფიქსირა და აღნიშნა, რომ აღნიშნულს მხარს არ დაუჭერდა, ხელმოწერებს შორის მათი პარტიის ორი დეპუტატის, მალხაზ წერეთლისა და ფრიდონ საყვარელიძის ხელმოწერებიც ფიგურირებდა.  ინიციატორებს შორის იყო ასევე ოპოზიციური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ თითქმის სრული შემადგენლობა, ერთი დეპუტატის – ნინო გოგუაძის გამოკლებით.

როგორც აღნიშნული იდეის ერთ-ერთი ინიციატორი სანდრო ბრეგაძე განმარტავს, არის საფრთხე, რომ საქართველოში ერთიდაიმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება დააკანონონ. სწორედ ამიტომ მიიჩნევს ის საჭიროდ, კონსტიტუციით განისაზღვროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

„წელს ერთ-ერთმა მოქალაქემ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომ ორგანული კანონი მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან. ვინაიდან ორგანულ კანონში წერია, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ერთობა, ხოლო კონსტიტუციაში – არა. საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაკმაყოფილოს ასეთი მოქალაქეების მომართვა და გაააუქმოს ორგანულ კანონში არსებული ჩანაწერი და დააკანონოს ჰომოსექსუალ წყვილთა ქორწინება, რაც არის სააკაშვილის, მარგველაშვილისა და სოროსის აუხდენელი ოცნება. კონსტიტუციაში თუ ჩაიწერება, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა, მაშინ ჰომოსექსუალ წყვილთა ქორწინებას ვეღარ დაკანონებენ” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

“ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და დარწმუნებული ვარ ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ ამ ცვლილებას დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში”, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე დღის წინ ქორწინების აღნიშნულ დეფინიციას.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი პრემიერ-მინისტრისა და თავისი გუნდის წევრებისგან განსხვავებულად ფიქრობს და აცხადებს, რომ ამ საკითხის რეფერენდუმი არ სჭირდება.

„რამდენადაც ვიცი, კონსტიტუციაში უკვე წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი, დაკანონებული ერთობა. რაც შეეხება ჩემს პირად აზრს ამის შესახებ, ვფიქრობ, ეს იმდენად ცხადი რამ არის, რომ ამას რეფერენდუმი არ სჭირდება. თუმცა, არსებობს კანონი, როცა რაღაც ხელმოწერის რაოდენობაზე მეტი ხელმოწერა შეგროვდება, ამას შემდეგ სჭირდება პრეზიდენტის გადაწყვეტილება რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ჩემი აზრით, რეფერენდუმი ყოველთვის თანხებთან არის დაკავშირებული. მით უმეტეს თავისთავად ცხად საკითხზე, თანხის ხარჯვა არ მგონია სწორი იყოს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

„თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას “რუსული პროპაგანდის შესამცირებლად” აკეთებენ. თუმცა ის იმასაც ამბობს, რომ როდესაც ამ თემის შემოტანა წინასაარჩევნოდ, „ქართული ოცნების“ მიერ ხდება, ბუნებრივია, აქ ჩნდება ეჭვი – რატომ აკეთებს ამას ახლა.

“ჩვენ ვთვლით, რომ კანონით აბსოლუტურად სწორად არის დარეგულირებული დღეს საქართველოში და ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის ნებაყოფლობითი კავშირი. რატომ გახდა ეს აქტუალური დღეს და, ბუნებრივია, შეიძლება, წარმოვიდგინოთ, რომ ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური, საარჩევნო მოტივები არსებობს. მეორეს მხრივ, თუ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის დღევანდელ საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აზრი კანონში ასახული, მე რომ ვხვდები ხალხს, ხშირად, ჩემდა გასაკვირად, როდესაც სოციალურ თემებზე ვლაპარაკობ, მამაჩემის თაობის ადამიანებს, მამაჩემის მეგობრებსაც, წამოუწევიათ ეს თემა – კაცო, ეს ევროპა რას გვიშვება. მართლა გვთხოვენ ერთი სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონებას? ეს ხომ, რა თქმა უნდა, არის რუსული პროპაგანდის ნაწილი და აქედან გამომდინარე, მე ვთვლი და თავისუფალი დემოკრატები ვთვლით, რომ თუ კონსტიტუციაში ეს აისახება, ამით წერტილი დაესმება ასეთ სპეკულაციებს. ამიტომაც, თუკი ეს საკითხი გავა პარლამენტში, თავისუფალი დემოკრატები დაუჭერენ ამას მხარს. ეს ხელს შეუწყობს რუსული პროპაგანდის გავლენის შემცირებას. რუსულ პროპაგანდას გამოეცლება საფუძველი, რომ კიდევ მეტი ნიჰილიზმი შეიტანოს საზოგადოებაში ევროპის მიმართ, მას ამ საფუძველს წავართმევთ. ამიტომ, თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილება შევა პარლამენტში, ჩვენ მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა ალასანიამ მედიასთან.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი ნინო გოგუაძე ერთადერთია პარტიიდან, რომელმაც ქორწინების თაობაზე კანონპროექტის ინიცირებას მხარი არ დაუჭირა. ის თავისი პარტიის წევრებისგან განსხვავებით ფიქრობს, რომ კონსისტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთება პრო-რუსული დისკურსის გაგრძელებაა.

“ჩემების (თავისუფალი დემოკრატების წევრების) არგუმენტი ვიცი, რომ რადგანაც მთელი ამბავია ატეხილი იმაზე, რომ თითქოს ევროპა გვაიძულებს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების დაკანონებას, რაც სინამდვილეში ტყუილია, დავუჭიროთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომ ამაზე საუბარი შეჩერდეს. მაგრამ, ჩემი აზრით, საჭირო არ არის არარსებულ საფრთხეზე გამარჯვება. მე კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთებას მხარს არ დავუჭერ” – განაცხადა მაშინ გოგუაძემ.

ახლახანს კი „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა შალვა შავგულიძემ, რომელმაც კანონპროექტის ინიცირებას თავის დროზე მხარი დაუჭირა, „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სწორად არ მოიქცა:

„რა თქმა უნდა, ამ რეფერენდუმს მხარს არ ვუჭერ. მისი გამართვის არავითარი საჭიროება არ არსებობს. რომ მცოდნოდა, „ქართული ოცნება” ასე ბოროტად შემოატრიალებდა ამ საკითხს, ასე გამოიყენებდა საარჩევნო პიარკამპანიაში, გადაიტანდა ამომრჩევლის ყურადღებას, თითქოს ის ცდილობს ოჯახის ინსტიტუტის დაცვას… ასეთ შემთხვევაში არც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დავუჭერდი მხარს. მაშინ ჩემი მხარდაჭერა მოტივირებული იყო იმით, რომ ხდებოდა სპეკულირება, თითქოს დასავლური ღირებულებები არღვევს ოჯახის ინსტიტუტს” – განაცხადა შავგულიძემ.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა ცოტა ხსნის წინ თავისი პოზიცია კვლავ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ამგვარი ჩანაწერი კონსტიტუციაში უნდა იყოს.

„ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი თანაინიციატორები ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც ვამბობდით, რომ ამგვარი ჩანაწერი გაჩენილიყო კონსტიტუციაში. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფრით მოახერხა უმრავლესობის შეკრება, რომ ეს საკითხი მოხვედრილიყო კონსტიტუციაში და წერტილი დასმოდა გაუგებარ ინსინუაციებს“- განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მომხრეა, რომ ქორწინების დეფინიციამ კანონში ასახვა ჰპოვოს, ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დიახაც, საქართველოში ყოველთვის იყო ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირი და ეს რაკიღა საჭირო გახდა, ეს ცალკე ტრაგედიაა, რომ ამაზე საჭირო გახდა ლაპარაკი და ახსნა-განმარტება. დიახ, ამან კანონში თავისი ასახვა უნდა ჰპოვოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

აღნიშნული კანონპროექტის მომხრეა ასევე „პატრიოტთა ალიანსი“. როგორც პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ქორწინება მხოლოდ ქალისა და კაცის თანაცხოვრებას გულისხმობს.

„ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, მაზიარებელი, აღმსარებელი და ქორწინებასთან და ოჯახთან მიმართებაში ვაღიარებ მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის აზრს, რომ ქორწინება და ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის თანაცხოვრება და სხვა არაფერი” – განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის პარტიის ინიციატივით ქუჩაში ამ თემასთან დაკავშირებით ხელმოწერებსაც აგროვებდნენ შეკითხვით: „ეთანხმებით თუ არა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას“.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურიც მიიჩნევს, რომ კანონში ქორწინების განმარტება საჭიროა. „ამის ფორმულირება აუცილებელია, რომ ზოგიერთ ლიბერალს არ გაუჩნდეს მისი სხვანაირად ინტერპრეტირების საშუალება” – განაცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან.

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც კონსტიტუციაში ცვლილების მომხრეა. როგორც მან „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტი სამართლებრივი სივრციდან გავიდა, როცა უარი განაცხადა რეფერენდუმის დანიშვნაზე.

„პრეზიდენტს არჩევანისთვის ერთ მხარეს ჰქონდა 220 000 მოქალაქის ხელმოწერა, რომელიც აბსოლუტურად სამართლებრივი ნორმების დაცვით იყო შემდგარი და მეორე მხარეს ჰქონდა 10-15 კაცის, ლიბერალების, ჰომოსექსუალთა მომხრეების რაღაცა პეტიცია, კიდევ ამერიკის ელჩის რეკომენდაცია. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რასაც მე ბევრი წელია ვამბობ, რომ ჩვენი ქვეყანა იმართება ქვეყნის გარედან. პრეზიდენტი და ხელისუფლება არის მარიონეტი.

საზოგადოება თავად გასცემს პასუხს ოქტომბერში, თუ რომელი პოლიტიკური გუნდია ქვეყნისთვის მისაღები. ერთი კი ფაქტია, რომ 2012 წლის არჩევნებით მოსახლეობამ კარგად გაითავისა და შეისწავლა, თუ როგორია ისეთი დაპირებები, რომლის შესრულება შეუძლებელია. საზოგადოების იოლად გაცურებას წესით ვეღარ შეძლებენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს რეიტინგის გამო საკუთარ იდეოლოგიაზეც უარს ამბობენ და ყველაფერზე მიდიან.

 

მარიამ ვარადაშვილი

ნინი ცხადაია

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....