ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ახალი თემა სარეფერენდუმოდ: ბურჯანაძე კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩანაწერის შეტანას მოითხოვს

“გაერთიანებული დემოკრატების” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მხარდამჭერებთან ერთად ხელმოწერების შეგროვებას აპირებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩანაწერი შევიდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც უსუფაშვილი განმარტავს, ინიციატორები აპირებენ შეაგროვონ ხელმოწერები და საქართველოს კონსტიტუციაში მოითხოვონ უბლოკო სტატუსის ჩაწერა.

“მინდა მოგახსენოთ იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტში ორშაბათს 3 საათზე გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილება პარლამენტში შემოსული განაცხადი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან. ამ ინიციატივის ავტორები არიან ნინო ბურჯანაძე და სხვები. ორშაბათს ბიუროზე არავის არ შევუქმნით პრობლემას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ასეთი თემებით ასე სპეკულირება და საარჩევნო ქულებად ქცევა ყველაფრის, მათ შორის საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი ინტერესების, არის დაუშვებელი და მიუღებელი. ვერ ვიქნები ამ მოვლენების პასიური მაყურებლის როლში, ამიტომ გადავწყვიტე მივმართო ჩემს კოლეგებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და პარლამენტში შევიტანოთ ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ჩაწერის. იმ ცვლილების, რომელიც სჭირდება საქართველოს მის უსაფრთხოებას, მის მომავალს და მის კეთილდღეობას. კერძოდ კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ სადაც საუბარია იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება მას სახელმწიფო დაემატოს ფრაზა: დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”. – განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

იტვირთბა....