ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლები, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩხრეკის მიზნით თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტის, დავით კახაბერის საცხოვრებელ სახლში შევიდნენ, სადაც ის დედასთან ერთად იმყოფებოდა. ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობით, ორდერის გარეშე.
კახაბერის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – (EMC)-ის იურისტი, გურამ იმნაძე იცავდა.
ადვოკატი გურამ იმნაძე “მეტრონომთან” იმ დარღვევებზე საუბრობს, რაც ორდერის გარეშე ჩატარებული ჩხრეკისას მოხდა.
“პოლიციელები ცესკოს სახელით მოტყუებით შევიდნენ სახლში. მხოლოდ შემდგომ განაცხადეს, რომ პოლიციელები იყვნენ და სახლი უნდა გაეჩხრიკათ. ორდერი არ ჰქონდათ. მათი თქმით, ჩხრეკა-ამოღება გადაუდებელი აუცილებობით ტარდებოდა, რისი უფლებაც გამომძიებლებს პრინციპში აქვთ, თუმცა დასაბაუთებული უნდა იყოს და კონკრეტული მტკიცებულებები უნდა არსებობადეს, რათა დადასტურდეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს, რაც პრინციპში ამ საქმეში ცოტა საეჭვოა. იძახდნენ, რომ თითქოს ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ, თითქოს ამ ადამიანმა საზღვრიდან შემოიტანა არაკანონიერი ნივთიერებები, თუმცა მისი დაკავება ან ჩხრეკა აეროპორტში არ მომხდარა”. -აცხადებს იმნაძე.
ადვოკატის განცხადებით, ჩხრეკისას რაიმე სამართალდარღვევა არ მომხდარა.
“მეტრონომი” დავით კახაბერსაც დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კომენტარისგან თავი შეიკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.