PREM – „პოლიტიკოსთა რეიტინგის ექსპერტებისგან მეტრონომზე“„მერიოტში“ პრეზენტაცია შედგა
დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთ „მეტრონომის“ უპრეცედენტო წინასაარჩევნო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ექსპერტების შეფასებით გამოვლენილი, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერების რეიტინგის შედეგები გახდა ცნობილი.
პრეზენტაციას პროექტში მონაწილე ექსპერტები, ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელი სოფი ბერიშვილი, „აშშ-ს ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)“ წარმომადგენელი, პარტია „ქართული ოცნების“ აპარატის პრესსამსახურის წარმომადგენელი გრეტა წიწავა და მედიის მესვეურები ესწრებოდნენ.
პროექტში მონაწილე ათმა ექსპერტმა, 10-ბალიანი სისტემით, წინასწარ, სპეციალისტების რეკომენდაციით მოწოდებული კრიტერიუმებით, 10 პოლიტიკური ლიდერი შეაფასა, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ივლისის თვის შედეგები უკვე ჩვენი გაზეთის გვერდზე (www.metronome.ge/prem/) დევს. შესაბამისად, აგვისტოს და სექტემბრის შედეგების ნახვა შეგიძლიათ ყოველი თვის 5 რიცხვში.
„მეტრონომი“ წინასაარჩევნოდ, ყოველ 5 რიცხვში, შიდაგამოკითხვებით გამოვლენილ, დამოუკიდებელი 10 ექსპერტის მიერ შეფასებულ, 10 პარტიის წამყვან პოლიტიკოსს წარმოგიდგენთ.
შერჩეულ ექსპერტებს ყოველი თვის ბოლოს, ეგზავნებათ სპეციალური ცხრილები, გამოკითხვაში მონაწილე პოლიტიკოსთა სიით. ექსპერტები აფასებენ მოცემულ თვეში, ყველა პოლიტიკოსის პოლიტიკურ აქტივობას 10-ბალიანი სისტემით, ცხრილში მოცემული სპეციალისტების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. ექსპერტები „მეტრონომის“ რედაქციას უგზავნიან შევსებულ ცხრილს. რედაქციაში ხდება ათივე ექსპერტის მიერ გამოგზავნილი შედეგების დაჯამება და დგინდება მიმდინარე თვის პოლიტიკოსთა საბოლოო რეიტინგი.
პროექტში მონაწილე 10 ექსპერტია: პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ზვიად დევდარიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნოდარ ხარშილაძე, ჟურნალისტი კობა ბენდელიანი.
ექსპერტები წინასაარჩევნოდ 10 პარტიის ლიდერ პოლიტიკოსებს აფასებენ.
პოლიტიკოსები:
1 – გიორგი კვირიკაშვილი („ქართული ოცნება“),
2 – დავით ბაქრაძე („ნაციონალური მოძრაობა“),
3 – ირაკლი ალასანია („თავისუფალი დემოკრატები“),
4 – პაატა ბურჭულაძე („სახელმწიფო ხალხისთვის“),
5 – შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული მოძრაობა“)
6 – დავით უსუფაშვილი („რესპუბლიკური პარტია“),
7 – ნინო ბურჯანაძე („დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“),
8 – ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი“),
9 – ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“ )
10 – კახა შარტავა(„ეროვნული ფორუმი“)
„მეტრონომის“ რედაქტორმა გენო ჯოხიძემ პრეზენტაციაზე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ უნდა განასხვაოს პიროვნება, პარტია და ბელადომანია.
პროექტში მონაწილე ერთ-ერთმა ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ასეთი ინოვაცია მედიისგან ჯერ არ უნახავს.
„წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ასეთი ინოვაცია მედიისგან არ გვინახავს, თუნდაც ამიტომ არის სასიხარულო. რაც შეეხება მეთოდს, ეს არის წინასაარჩევნოდ პროდუქტიული მეთოდი იმ კუთხით, რომ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ლიდერებს აძლევს საშუალებას, რომ თავიანთი თავი დაინახონ სარკეში, რადგანაც აღნიშნული რეიტინგი მიღებულია მიუკერძოებელი ექსპერტების მიერ“ – განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
პროექტში მონაწილე კიდევ ერთი ექსპერტი ვლადიმერ პაპავა მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი საინტერესოა იმ კუთხით, რომ პარტიული ლიდერების ექსპერტების მიერ შეფასება ჯერ არ ყოფილა.
„ვფიქრობ, რომ საინტერესო პროექტია, რადგან ექსპერტების შეფასება პარტიული ლიდერების ჯერ არ ყოფილა. შედეგებიც, რასაც ვხედავ, სწორია, რომ არ ჩანს თითოეული ექსპერტის მონაწილეობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე როგორც ერთ-ერთ მონაწილეს არანაირი პრეტენზია არ მაქვს, იმიტომ, რომ მეც ზუსტად ასე ვფიქრობ“ – განაცხადა აკადემიკოსმა ლადო პაპავამ.
ის მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ლიდერი და პარტია ერთად არ უნდა განიხილებოდეს. პაპავამ აღნიშნა, რომ თავად სწორედ ამ პრინციპით იხელმძღვანელა, მაგალითად მაშინ, როდესაც „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს აფასებდა. მისი შეფასებით, არის პარტიები, რომელსაც საზოგადოებაში არაფორმალური ლიდერით აფასებენ. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ყველასთვის ასოცირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, „ქართული ოცნება“ კი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან.
პროექტში მონაწილე ერთ-ერთმა ექსპერტმა, ჟურნალისტმა კობა ბენდელიანმა აღნიშნა, რომ მისი გაკვირვება იმ ფაქტმა გამოიწვია, რაც „ეროვნული ფორუმის“ ლიდერსს კახა შარტავას და „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილს ეხება. მისი თქმით, უცნაურია, როცა მათ შორის რეიტინგებში განსხვავება ძალიან მცირეა.
პროექტში მონაწილე ერთ-ერთმა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „მეტრონომის“ პროექტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ შეფასებათა ცხრილში რამდენიმე კრიტერიუმს დაამატებდა.
ექსპერტების მიერ შეფასებული კონკრეტული პოლიტიკოსის ქულების გამოქვეყნება არ ხდება, მათი უმრავლესობის თხოვნიდან გამომდინარე. მათ მიერ შეფასებული ქულების მიხედვით, რედაქცია პოლიტიკოსების საერთო, საბოლოო რეიტინგს გთავაზობთ.
პირველი თვის, ივლისის მონაცემებით, ექსპერტების მიერ, კრიტერიუმების გათვალისწინებით შეფასებული პოლიტიკოსების რეიტინგი ასე გამოიყურება (იხილეთ ცხრილი)
ათმა ექსპერტმა კრიტერიუმების მიხედვით პირველი ადგილი გიორგი კვირიკაშვილს მიანიჭა, 305 ქულით.
მეორე ადგილი დავით უსუფაშვილმა დაიკავა, 284 ქულით. მესამე ადგილზე ირაკლი ალასანია გავიდა, 280 ქულით. მეოთხე ადგილი დავით ბაქრაძემ აიღო, 278 ქულით. მეხუთე ადგილი ექსპერტებმა პაატა ბურჭულაძეს 235 ქულით მიანიჭეს. მეექვსე ადგილი ირმა ინაშვილმა აიღო, 223 ქულით. ზურაბ ჯაფარიძე 221 ქულით მეშვიდე ადგილზე მოხვდა. ნინო ბურჯანაძემ მერვე ადგილი დაიკავა, 208 ქულით, მეცხრე ადგილზე შალვა ნათელაშვილი გავიდა, 206 ქულით, ხოლო სიის ბოლო ადგილი კახა შარტავამ დაიკავა, 104 ქულით.
ექსპერტების მიერ პოლიტიკოსთა ყოველთვიური რეიტინგის შეფასებისას, რედაქციის მიერ შეთავაზებული მთავარი კრიტერიუმებია:
1 – საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან ურთიერთობა: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს თუ რამდენად აქტიურობს პოლიტიკოსი, რომ მოიცვას მოსახლეობის რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება ფართო მასას მიაწოდოს ის მესიჯები, რომელიც მას სურს.
2 – მედიასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს თუ რამდენად ხშირად ჩანს პოლიტიკოსი მასმედიის ამა თუ იმ საშუალებებში. იმის გარდა რომ მედია თავად ცდილობს დაუკავშირდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსს და ამასთან, მაქსიმალურად დაიცვას პარიტეტი სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებთან მიმართებაში, რამდენად აქტიურია თავად პოლიტიკოსი მედიასთან ურთიერთობის დამყარებაში, მიაწოდოს მისთვის სასარგებლო საინტერესო ინფორმაცია, რათა კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახადოს მისი პერსონა.
3 – პოლიტიკური შარმი (იმიჯი): კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს თუ პოლიტიკოსი რამდენად მიზანმიმათულია და ფორმირებადი სახეა, რამდენად მიდრეკილია ის აჩვენოს განსაზღვრული ემოციურ-ფსიქოლოგიური ზემოქმედება ელექტორატს შეხვედრების თუ მედიაში წარდგენის დროს, რამდენად არის ის პოლიტიკური მარკა და რამდენად ახერხებს საზოგადოებაში დაიმკვიდროს პოზიტიური იმიჯი, რომელიც მან და მისმა PR სპეციალისტმა უნდა ჩაუბეჭდოს ამომრჩეველს ცნობიერებაში. მეორეხარისხოვნად, მაგრამ ამ კრიტერიუმში, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, იგულისხმება მისი გარეგნობაც, ჩაცმულობაც, საუბრის მანერაც და ემოციური მხარეც კრიტიკისა თუ შექების დროს, რომელCიც, საბოლოო ჯამში, ქმნის მის საბოლოო შარმს და იმიჯს საზოგადოებაში. იმ თვისებების მაქსიმალურად ეფექტურად წარმოჩენა რამდენად ანიჭებს პოლიტიკოსს დამატებით ფასეულობებს (სოციალურს, პოლიტიკურს, ფსიქოლოგიურს, ესთეტიკურს და ა. შ.), რაც ხელს უწყობს საზოგადოების მხრიდან მისი პერსონის აღქმას.
4 – საარჩევნო კამპანიის მენეჯმენტი: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს, თუ რამდენად კარგად არის ორგანიზებული და დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანია ზოგადად. რამდენად ეფექტურად ახდენს პოლიტიკოსი და მისი საარჩევნო შტაბი შეხვედრების ორგანიზებას (აქსესუარების, ფლაიერების დარიგება). რამდენად სწორად არის დაგეგმილი ზოგადად PR კამპანია მედიაში და ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში, რამდენად ეფექტურად არის შერჩეული სარეკლამო პროდუქციის გავრცელების მასშტაბები/არეალი. ამასთან, რამდენად სწორად, მიზანმიმართულად და ეფექტურად არის განთავსებული სარეკლამო ბანერები, ბილბორდები და პლაკატები ქუჩებში თუ სხვადასხვა ადგილებში.
5 – მესიჯების და აქცენტების ეფექტიანობა პოლიტიკური პროგრამიდან: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს, თუ რამდენად ეფექტურად ახდენს პოლიტიკოსი საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მოსახლეობასთან შეხვედრების თუ მასმედიაში გამოსვლის დროს. რამდენად სწორ აქცენტებს აკეთებს ის საარჩევნო პროგრამიდან და როგორი კრეატიულობით აწვდის ის მოსახლეობას სასარგებლო მესიჯებს. ამასთან, რამდენად კრეატიული, შინაარსიანი და მიზანმიმართულია ის მესიჯები და სლოგანები ქუჩებში თუ სხვადასხვა ადგილებში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზე, ბილბორდებზე და პლაკატებზე.
„მეტრონომი“ წინასაარჩევნოდ, ყოველი თვის 5 რიცხვში, შიდაგამოკითხვებით გამოვლენილ, დამოუკიდებელი 10 ექსპერტის მიერ შეფასებულ, 10 პარტიის წამყვან პოლიტიკოსს წარმოგიდგენთ.