”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის, ანი მიროტაძის ინფორმაციით, პარტიის ნაძალადევის ოფისის გაძარცვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ოფისიდან წაღებულია საარჩევნო ინფორმაცია:
”ჩვენ ვერ ვთქვით ვერაფერი ოფისის გაქურდვასთან დაკავშირებით, ვიდრე არ გვექნებოდა პირველადი ინფორმაცია, რეალურად რას უკავშირდებოდა ეს. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალი თუ პოლიტიკური პარტიის ოფისში განხორციელებული, რაღაც გამიზნული ქმედება. მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავათვალიერეთ ოფისი, ვნახეთ, რომ წაღებულია სრული სარჩევნო ინფორმაცია, ანუ ყველაფერი რაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში გვქოდა, დაწყებული ჩვენი კოორდინატორებით, აგიტატორებით, შტაბისთვის საჭირო ინფორმაციით და ა.შ.
ინფორმაციები, რომელიც გატანილია ოფისიდან, მხოლოდ სამუშაო ინფორმაცია არაა. იქ არის კონკრეტული სახელი და გვარები ჩვენი კოორდინატორების, აქტივისტების და ადამიანების, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად მუშაობენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ამ ადამიანებზე არ განხორციელდება რაიმე ტიპის ზეწოლა და ეს ინფორმაცია, მათზე ზეწოლისთვის არ დასჭირდათ. ასევე მოვუწოდებ შესაბამის ორგანოებს, თუ რაიმე მსგავს მცდელობასთან გვაქვს საქმე, ხელი აიღონ ასეთი ტიპის მცდელობისგან, ვინაიდან არცერთი ასეთი ფაქტი ჩვენი მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება. მე გამიჭირდება იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლების ინტერესებში შედის და აქ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან ჩართულები, მაგრამ არცერთი კითხვის ნიშანი რომ არ დარჩეს, მე მჭირდება სრული გარანტია, რომ არცერთ ამ ადამიანზე არ განხორციელდება ზეწოლა”, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
თავის მხრივ ”ეროვნული ფორუმის” ნაძალადევის მე-17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თამარ ციხისელმა განაცხადა, რომ ინფორმაციების მოპოვება სავარაუდოდ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის ინტერესებში შედიოდა:
”მინდა იმ პარტიების ”სანუგეშოდ” ვთქვა, ვისაც ამის ინტერესები ჰქონდა, რომ ეს ინფორმაცია შენახულია და არ ვაპირებთ ყველაფრის, რაც გვაქვს, ასე მარტივად დაკარგვას. სავარაუდოდ, ეძებდნენ მყარ დისკს, რომელიც დამაქვს, სამუშაო კომპიუტერს ან მეხსიერების ბარათს, რასაც ოფიში არასდროს ვტოვებ”, – განაცხადა ციხისელმა.
ძარცვის ფაქტზე ოპერტიულად დაიწყო გამოძიება.