PREM: პოლიტიკოსთან რეიტინგი ექსპერტებისგან „მეტრონომზე“
ინტერნეტ-გაზეთი „მეტრონომი“ იწყებს უპრეცედენტო წინასაარჩევნო პროექტს: ათმა ექსპერტმა, 10-ბალიანი სისტემით, წინასწარ, სპეციალისტების რეკომენდაციით მოწოდებული კრიტერიუმებით, 10 პოლიტიკური ლიდერი შეაფასა, რომლებიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ივლისის თვის შედეგები უკვე ჩვენი გაზეთის გვერდზე www.metronome.ge/prem/ დევს. შესაბამისად, აგვისტოს და სექტემბრის შედეგების ნახვა შეგიძლიათ ყოველი თვის 5 რიცხვში.
„მეტრონომი“ წინასაარჩევნოდ, ყოველ 5 რიცხვში, შიდაგამოკითხვებით გამოვლენილ, დამოუკიდებელი 10 ექსპერტის მიერ შეფასებულ, 10 პარტიის წამყვან პოლიტიკოსს წარმოგიდგენთ.
შერჩეულ ექსპერტებს ყოველი თვის ბოლოს, ეგზავნებათ სპეციალური ცხრილები, გამოკითხვაში მონაწილე პოლიტიკოსთა სიით. ექსპერტები აფასებენ მოცემულ თვეში, ყველა პოლიტიკოსის პოლიტიკურ აქტივობას 10-ბალიანი სისტემით, ცხრილში მოცემული სპეციალისტების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. ექსპერტები „მეტრონომის“ რედაქციას უგზავნიან შევსებულ ცხრილს. რედაქციაში ხდება ათივე ექსპერტის მიერ გამოგზავნილი შედეგების დაჯამება და დგინდება მიმდინარე თვის პოლიტიკოსთა საბოლოო რეიტინგი.
პროექტში მონაწილე 10 ექსპერტია: პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ზვიად დევდარიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ნოდარ ხარშილაძე, ჟურნალისტი კობა ბენდელიანი.
ექსპერტები წინასაარჩევნოდ 10 პარტიის ლიდერ პოლიტიკოსებს აფასებენ.
პოლიტიკოსები:
1 – გიორგი კვირიკაშვილი („ქართული ოცნება“),
2 – დავით ბაქრაძე („ნაციონალური მოძრაობა“),
3 – ირაკლი ალასანია („თავისუფალი დემოკრატები“),
4 – პაატა ბურჭულაძე („სახელმწიფო ხალხისთვის“),
5 – შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული მოძრაობა“)
6 – დავით უსუფაშვილი („რესპუბლიკური პარტია“),
7 – ნინო ბურჯანაძე („დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“),
8 – ზურაბ ჯაფარიძე („გირჩი“),
9 – ირმა ინაშვილი („პატრიოტთა ალიანსი“ )
10 – კახა შარტავა(„ეროვნული ფორუმი“)
ექსპერტების მიერ პოლიტიკოსთა ყოველთვიური რეიტინგის შეფასებისას, რედაქციის მიერ შეთავაზებული მთავარი კრიტერიუმებია:
1- საზოგადოებასთან, მოსახლეობასთან ურთიერთობა: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს თუ რამდენად აქტიურობს პოლიტიკოსი, რომ მოიცვას მოსახლეობის რაც შეიძლება მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება ფართო მასას მიაწოდოს ის მესიჯები, რომელიც მას სურს.
2 – მედიასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს თუ რამდენად ხშირად ჩანს პოლიტიკოსი მასმედიის ამა თუ იმ საშუალებებში. იმის გარდა რომ მედია თავად ცდილობს დაუკავშირდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსს და ამასთან, მაქსიმალურად დაიცვას პარიტეტი სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებთან მიმართებაში, რამდენად აქტიურია თავად პოლიტიკოსი მედიასთან ურთიერთობის დამყარებაში, მიაწოდოს მისთვის სასარგებლო საინტერესო ინფორმაცია, რათა კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახადოს მისი პერსონა.
3 – პოლიტიკური შარმი (იმიჯი): კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს თუ პოლიტიკოსი რამდენად მიზანმიმათულია და ფორმირებადი სახეა, რამდენად მიდრეკილია ის აჩვენოს განსაზღვრული ემოციურ-ფსიქოლოგიური ზემოქმედება ელექტორატს შეხვედრების თუ მედიაში წარდგენის დროს, რამდენად არის ის პოლიტიკური მარკა და რამდენად ახერხებს საზოგადოებაში დაიმკვიდროს პოზიტიური იმიჯი, რომელიც მან და მისმა PR სპეციალისტმა უნდა ჩაუბეჭდოს ამომრჩეველს ცნობიერებაში. მეორეხარისხოვნად, მაგრამ ამ კრიტერიუმში, წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, იგულისხმება მისი გარეგნობაც, ჩაცმულობაც, საუბრის მანერაც და ემოციური მხარეც კრიტიკისა თუ შექების დროს, რომელCიც, საბოლოო ჯამში, ქმნის მის საბოლოო შარმს და იმიჯს საზოგადოებაში. იმ თვისებების მაქსიმალურად ეფექტურად წარმოჩენა რამდენად ანიჭებს პოლიტიკოსს დამატებით ფასეულობებს (სოციალურს, პოლიტიკურს, ფსიქოლოგიურს, ესთეტიკურს და ა. შ.), რაც ხელს უწყობს საზოგადოების მხრიდან მისი პერსონის აღქმას.
4 – საარჩევნო კამპანიის მენეჯმენტი: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს, თუ რამდენად კარგად არის ორგანიზებული და დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანია ზოგადად. რამდენად ეფექტურად ახდენს პოლიტიკოსი და მისი საარჩევნო შტაბი შეხვედრების ორგანიზებას (აქსესუარების, ფლაიერების დარიგება). რამდენად სწორად არის დაგეგმილი ზოგადად PR კამპანია მედიაში და ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში, რამდენად ეფექტურად არის შერჩეული სარეკლამო პროდუქციის გავრცელების მასშტაბები/არეალი. ამასთან, რამდენად სწორად, მიზანმიმართულად და ეფექტურად არის განთავსებული სარეკლამო ბანერები, ბილბორდები და პლაკატები ქუჩებში თუ სხვადასხვა ადგილებში.
5 – მესიჯების და აქცენტების ეფექტიანობა პოლიტიკური პროგრამიდან: კრიტერიუმის ეს პუნქტი ითვალისწინებს, თუ რამდენად ეფექტურად ახდენს პოლიტიკოსი საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მოსახლეობასთან შეხვედრების თუ მასმედიაში გამოსვლის დროს. რამდენად სწორ აქცენტებს აკეთებს ის საარჩევნო პროგრამიდან და როგორი კრეატიულობით აწვდის ის მოსახლეობას სასარგებლო მესიჯებს. ამასთან, რამდენად კრეატიული, შინაარსიანი და მიზანმიმართულია ის მესიჯები და სლოგანები ქუჩებში თუ სხვადასხვა ადგილებში განთავსებულ სარეკლამო ბანერებზე, ბილბორდებზე და პლაკატებზე.
ექსპერტების მიერ შეფასებული კონკრეტული პოლიტიკოსის ქულების გამოქვეყნება არ ხდება, მათი უმრავლესობის თხოვნიდან გამომდინარე. მათ მიერ შეფასებული ქულების მიხედვით, რედაქცია პოლიტიკოსების საერთო, საბოლოო რეიტინგს გთავაზობთ.
პირველი თვის, ივლისის მონაცემებით, ექსპერტების მიერ, კრიტერიუმების გათვალისწინებით შეფასებული პოლიტიკოსების რეიტინგი ასე გამოიყურება (იხილეთ ცხრილი):
ცხრილის გასადიდებლად დააჭირეთ ცხრილზე
პოლიტიკოსებისთვის, კრიტერიუმების მიხედვით, ქულების მინიჭება ექსპერტების მიერ 10-ბალიანი სისტემით ხდება. უფრო ზუსტად კი, სპეციალისტების მიერ შერჩეული კრიტერიუმებიდან გამომდინარე (საზოგადოებასთან ურთიერთობა; მასმედიასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია; პოლიტიკური შარმი (იმიჯი); საარჩევნო კამპანიის მენეჯმენტი; სწორი აქცენტები პოლიტიკური პროგრამიდან) ექსპერტები თითოეულ პოლიტიკოსს 1-დან 10-ქულამდე უწერენ. საბოლოო შეჯამებისას კი პოლიტიკოსის საერთო რეიტინგი დგება.
როგორც ცხრილის მიხედვით ჩანს, ათმა ექსპერტმა კრიტერიუმების მიხედვით პირველი ადგილი გიორგი კვირიკაშვილს მიანიჭა, 305 ქულით.
მეორე ადგილი დავით უსუფაშვილმა დაიკავა, 284 ქულით. მესამე ადგილზე ირაკლი ალასანია გავიდა, 280 ქულით. მეოთხე ადგილი დავით ბაქრაძემ აიღო, 278 ქულით. მეხუთე ადგილი ექსპერტებმა პაატა ბურჭულაძეს 235 ქულით მიანიჭეს. მეექვსე ადგილი ირმა ინაშვილმა აიღო, 223 ქულით. ზურაბ ჯაფარიძე 221 ქულით მეშვიდე ადგილზე მოხვდა. ნინო ბურჯანაძემ მერვე ადგილი დაიკავა, 208 ქულით, მეცხრე ადგილზე შალვა ნათელაშვილი გავიდა, 206 ქულით, ხოლო სიის ბოლო ადგილი კახა შარტავამ დაიკავა, 104 ქულით.
„მეტრონომმა“ რეიტინგის ივლისის თვის შედეგები ორ პოლიტოლოგს, გია ნოდიას და გიორგი ცხადაიას გააცნო, რომელთაც შეფასების კრიტერიუმები განიხილეს.
პოლიტოლოგი გია ნოდია “მეტრონომთან” საუბარში აღნიშნავს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიხეილ სააკაშვილის სახე ვერცერთმა სხვა ლიდერმა ვერ დაჩრდილა:
“რაც შეეხება ჩემს შეფასებას საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხში, ალბათ გიორგი კვირიკაშვილი უფრო აქტიური იყო და გარკვეული წარმატებაც ჰქონდა. საერთოდ, კვირიკაშვილის შემთხვევაში საკამათოა, რამდენად არის ის ლიდერი, ისევე როგორც, დავით ბაქრაძე. კვირიკაშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაწილში ნამდვილად ლიდერია. რაც შეეხება იმიჯს, კვირიკაშვილი უფრო სახეა “ქართული ოცნების”, ვიდრე- ლიდერი, თუმცა, ის ამ ამოცანას წარმატებით ართმევს თავს. საერთოდ მიმაჩნია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ასე ცალსახად ლიდერი არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილის სახე ვერცერთმა პოლიტიკოსმა ვერ დაჩრდილა. ეს კარგია თუ ცუდი, არ ვიცი, მაგრამ ეს ასეა. მენეჯმენტის საკითხზე კვირიკაშვილის შეფასება რთულია, რადგან ფაქტია, რომ “ქართული ოცნების” მენეჯმენტს კახა კალაძე აკეთებს. აქედან გამომდინარე, კვირიკაშვილის ამ კუთხით შეფასება არ მგონია სწორი. შეიძლება ალასანია მივიჩნიოთ პარტიის მენეჯმენტში უპირატესად, მაგრამ ბოლო დროს, მათი საარჩევნო კამპანია დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. შესაძლოა ზურაბ ჯაფარიძე გამოირჩეოდეს პარტიის მენეჯმენტის კუთხით. (ჯაფარიძე) კლიპებით და კრეატიულობით ნამდვილად გამოირჩევა, თუმცა ხალხთან ურთიერთობაში ის დაბალ შეფასებას იმსახურებს. სწორი აქცენტების დასმის კუთხით პარტიის პროგრამაში, ვფიქრობ “ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ლიდერობენ“. -აცხადებს ნოდია.
პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია “მეტრონომის” პროექტს ამომრჩევლის პოლიტიკური გემოვნების დახვეწის ერთ-ერთ შესაძლებლობად მიიჩნევს:
„ექსპერტის და ამომრჩევლის შეფასებები განსხვავდება. ექსპერტები, როგორც წესი, ერთგვარი აკადემიური ელიტაა, რომელსაც, როგორც სოციალურ ჯგუფს, განსხვავებული პრეფერენციები და ინტერესები აქვს.
მაგალითად, დავით უსუფაშვილი მოსახლეობის დიდ ნაწილში არ სარგებლობს დიდი პოპულარობით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტებმა მეორე ადგილზე გაიყვანეს.
სამაგიეროდ, უსუფაშვილი ჯდება შეფასების გარკვეულ აკადემიურ კრიტერიუმებში, რაც ექსპერტებს მოეწონათ.
ზურაბ ჯაფარიძეს, ჩემი აზრით, სრულიად ადეკვატურად აქვს დაბალი ქულა პოლიტიკური შარმის კომპონენტში.
„მეტრონომი”: რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს როგორც პოლიტიკოსებისთვის, ასევე-ამომრჩევლისთვის?
გიორგი ცხადაია: პროექტი მნიშვენლოვანია იმდენად, რამდენადაც, ზემოდან ქვემოთ (ექსპერტებიდან მოსახლეობისკენ) ძალისხმევით შესაძლებელია პოლიტიკური გემოვნების და პრეფერენციების დახვეწა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ახლა არ ემთხვეოდეს ექსპერტების და მოსახლეობის პრეფერენციები ერთმანეთს.”
„მეტრონომი“ უპრეცედენეტო პროექტის პრეზენტაციას გამოკითხვაში მონაწილე ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და მედიის წარმოამდგენლებთან ერთად 10 აგვისტოს, „ქორთიარდ მერიოტში“, 14:00 საათზე აწყობს.
გამოკითხვა ჩატარდება ყოველი თვის ბოლოს და საზოგადოებას საშუალება ექნება, არჩევნებამდე, ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვში, ჩვენს საიტზე იხილოს ახალი რეიტინგი და გაიგოს, პოლიტიკოსთა აქტივობის მიხედვით, შეიცვლება თუ არა მათი ქულები და შესაბამისად, რეიტინგი.
ივლისის რეიტინგისთვის დააჭირეთ აქ