საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელის განცხადებით, მას იმედი აქვს სავალდებულო სამხედრო გაწვევა ყველა სტრუქტურაში გაუქმდება:
„სავალდებულო გაწვევის გაუქმებას თავდაცვის სამინისტროში ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ მთავარი მიზეზი ის არის, რომ არ შეიძლება ქვეყანაში გყავდეს უფასო მუშა ხელი და 18-19 წლის ახალგაზრდებს ვიყენებდეთ მონური შრომისთვის. ეს ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება იყო და თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილების გარეშე ვერ დავტოვებდით. არგუმენტები ძალიან ბევრია, რომ 21-ე საუკუნეში ახალგაზრდები არ გამოიყენონ უფასო მუშა-ხელად, ხოლო არგუმენტები იმის სასარგებლოდ, თუ რატომ უნდა გყავდეს ასეთი წვევამდელები ჯარში, არ არსებობს.
დიდი იმედი მაქვს, რომ არა თუ თავდაცვის სამინისტროში არ გადაიხედება ეს გადაწყვეტილება, არამედ საერთოდ, ქვეყანა მიიღებს ამ ძალიან მნიშვნელოვან, მარტივად მისაღებ გადაწყვეტილებას, რომელსაც სჭირდება პატარა გამბედაობა და უარს იტყვის სავალდებულო გაწვევაზე ყველა სტრუქტურაში. ჩემი აქტი ეხება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს. ასეთი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მიიღონ სხვა უწყებებში“, – აღნიშნა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.