ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ჭიათურის სოფელ ქვედა ჭალოვანში გადაღებულ სიუჟეტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს. საქმე ეხება საინფორმაციო საშუალებების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისთვის ჭიათურის გამგეობა შინაურ ცხოველთან ფოტოს გადაღებას ითხოვს.
„ბოლო დღეებში საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჭალოვანში გადაღებულ სიუჟეტს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა განმარტავს შემდეგს:
მოსახლეობაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოსდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად, სავალდებულოდ მოითხოვს გადაღებულ იქნას ფოტოსურათები შინაურ ცხოველებთან ერთად, არ შეესაბამება სინამდვილეს. ასეთი ფოტომასალის წარმოდგენას არ ითვალისწინებს არცერთი სამართლებრივი აქტი და მითითება.სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ჰქონია ადგილი მსგავს მოთხოვნას.
სამწუხაროდ, მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გავრცელებული კონკრეტული საჯარო მოხელის – გამგებლის წარმომადგენლის მიერ.
აღნიშნულ ფაქტზე,ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა განახორციელებს რეაგირებას და მოახდენს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას შესაბამისი პირის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სოფელ ქვედა ჭალოვანში და ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დანარჩენ14 სოფელში.
ბოდიშს ვუხდით სოფელ ქვემო ჭალოვანის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინციდენტის გამო მაღალმთიანი დასახლებებისთვის კანონით გათვალისწინებული სიკეთეების განხორციელებას ხელი არ შეეშლება“- ნათქვამია განცხადებაში.