განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებისთვის თავისუფალი გაკვეთილების ჩასატარებალად მცირე გრანტების გაცემა იგეგმება.
ჯეჯელავამ “ლიბერალთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ სკოლებისთვის თავისუფალი გაკვეთილების ჩასატარებალად მცირე გრანტების გაცემის პროექტის დაწყებისთანავე პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა, ამა თუ იმ საგანში “თავისუფალი გაკვეთილების” ჩატარების შესახებ სამინისტროში შეიტანონ საგრანტო განაცხადი და მიიღონ დაფინანსება, რომელიც მინისტრის თქმით 3000 ლარით იქნება განსაზღვრული.
ჯეჯელავას თქმით, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში 3000 ლარიდან 1000 ლარს სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს, 1000 ლარს – პედაგოგი, 1000 ლარი კი, პროექტისთვის საჭირო ხარჯებს დაფარავს.
მინისტრის თქმით, შეიქმნება კომისია, რომელიც საკონკურსო განცხადებებს განიხილავს. კომისია მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებით არ იქნება დაკომპლექტებული.
“ვაპირებთ, გავაკეთოთ მცირე გრანტების პროგრამა, რომელიც სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების ჩატარებისთვის იქნება გამიზნული. თავისუფალ გაკვეთილს ბავშვი სურვილის მიხედვით დაესწრება. მოსწავლეები არ ისხდებიან ფორმალურად, არ დაიწერება ნიშნები, არ მიეცემა საშინაო დავალებებიც. წახალისდება ტექნოლოგიების გამოყენება, თამაში და ა.შ. მასწავლებელი ამა თუ იმ საგანში თავისუფალი გაკვეთილის ჩასატარებლად შემოიტანს საგრანტო განაცხადს, გაწერს აქტივობებს და მოითხოვს დაფინანსებას. შეიქმნება კომისია, რომელიც იქნება გამჭირვალე და მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებით არ დაკომპლექტდება. ეს კომისია გააკეთებს გრანტების ადმინისტრირებას. ის კონკრეტულ მასწავლებელს აძლევს 3000 ლარს და მასწავლებელი 3 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ ჩაატარებს თავისუფალ გაკვეთილს. სამთვიანი გრანტის დასასრულ პედაგოგი დაწერს შემაჯამებელ ანგარიშს – რა გააკეთა. თუ საქმე შედეგიანად წარიმართა, გაუგრძელებენ და მეორე სამთვიან პორციას მისცემენ; თუ საქმემ სამჯერ წარმატებით ჩაიარა – გაიცემა ერთწლიანი გრანტი”, – აცხადებს ჯეჯელავა.