ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს, ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ დანიშნოს

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს, ქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ დანიშნოს. ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში პეტიცია გამოქვეყნდა. “მეტრონომი”პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ჩვენ, პეტიციის ხელმომწერები, მოვითხოვთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არ დანიშნოს რეფერენდუმი ადამიანის უფლებების შესაზღუდად და არ დააკმაყოფილოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაგზავნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნა წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან და გრძელვადიანი შედეგების მქონე დარტყმას მიაყენებს ეროვნულ ინტერესებს, გააძლიერებს რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას, პრორუსულ ძალებს და დაამძიმებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობას.

ვფიქრობთ, ქორწინების საკითხის განსაზღვრა ახლა, იმ უამრავი მწვავე და აქტუალური საკითხის ფონზე, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ხელოვნური და სახიფათოა. როგორც ერთ-ერთ გამოსვლაში თავადაც აღნიშნეთ, ეს საკითხი უკვე გაწერილია კანონმდებლობაში და არ საჭიროებს შემდგომ რეგულაციას. ამ თემაზე რეფერენდუმის დანიშვნა საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ძალადობის და პოლიტიკური გარემოს უფრო მეტი პოლარიზაციის სერიოზულ რისკებს აჩენს. ვინაიდან, ეჭვგარეშეა, რომ ხელისუფლება რეფერენდუმის დანიშვნას კონსერვატიული და პრორუსული ამომრჩევლის მოსაზიდად იყენებს, რასაც სერიოზული გავლენა ექნება არჩევნების შედეგებზე და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივაზე, რეფერენდუმი არ უნდა დაინიშნოს.

ამასთან, რეფერენდუმის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, არ შეიძლება რეფერენდუმის დანიშვნა იმ საკითხებზე, რამაც შეიძლება ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები შეზღუდოს. რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება უკვე განისაზღვრება, როგორც “ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ”, სარეფერენდუმო კითხვა: “თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის” აბსურდულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნოდ, ამ საკითხის წინ წამოწევა და საზოგადოების ნაწილის ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ განწყობებზე კაპიტალიზება, არის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაფარვის მცდელობა. ამასთან, პროცესი თავიდან ბოლომდე ექცევა რუსული პროპაგანდის ნარატივში, სადაც დასავლეთი წარმოდგენილია როგორც „გარყვნილების თავსმომხვევი” და „ეროვნული იდენტობისა და მართლმადიდებლობის მტერი”. რეფერენდუმის გამოცხადება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არც ერთი ლგბტ ორგანიზაცია დღის წესრიგში არ აყენებს ქორწინების თანასწორობის საკითხს, ყველა იმ ლეგენდისა და მითის ლეგიტიმაციაა, რომელიც ქართული საზოგადოების დასაშინებლად რუსული პროპაგანდის მანქანამ შეთხზა. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ხელი შეუშალოს ოკუპანტის პროპაგანდას და არ გადადგას დამღუპველი ნაბიჯი, რომელიც მძიმე დარტყმას მიაყენებს როგორც კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, ისე ქართველი ხალხის ნებას, შეუფერხებლად გაგრძელდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი”, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციაზე ხელმოწერა შესაძლებელია ლინკზე

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია მოქალაქეების დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. “საქართველოს მოსახლეობის 99%-სთვის”ერთსქესიანი ქორწინება” მიუღებელია, თუმცა კანონმდებლობაში ეს საკითხი უკვე გაწერილია”-აცხადებს მარგველაშვილი.

 

იტვირთბა....