საზოგადოება სამართალი

“მეორე დღეს ასეთი დედა არ იღვიძებს და კაცთან ყოფნის გამო, შვილს არ კლავს”

5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, პაპიძის მიერ ნაფიცი მსაჯულების არჩევა იყო მოულოდნელი. ის გარკვეულწილად ეთანხმება საზოგადოების იმ ნაწილის პოზიციას, რომელიც ამბობს, რომ ნაფიცი მსაჯულების არჩევა დაცვის მხარის არასწორი სტრატეგია იყო, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ეს მთლად დაცვის მხარის სტრატედია არ ყოფილა.

„სწორედ ეს არის მთელი ჩვენი უბედურება, რომ  ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტი არ გამოაქვთ. ამბობენ და არაერთხელ გაჟღერდა, რომ დაცვის მხარის არასწორი სტრატეგია იყო, როცა ნაფიცი მსაჯულები აირჩია. გარკვეულწილად ვეთანხმები ამ მოსაზრებას, მაგრამ მოდით, ნუ დავარქმევთ ამას დაცვის მხარის სტრატეგიას. კი ბატონო, მე ვიცავ მაგდას ინტერესებს და ჩემი მოვალეობაა, მაგდა დავარწმუნო, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. დამერწმუნეთ, ბოლო მომენტამდე მაგდაც და ჩვენც ჩამოყალიბებული ვიყავით იმაზე, რომ ეს საქმე უნდა განეხილა სასამართლოს იმიტომ, რომ სასამართლო იყო ვალდებული, თავისი განაჩენი დაესაბუთებინა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარე როცა შუამდგომლობას აყენებს, რომ ურო დაუშვებელი მტკიცებულებაა, რადგან მასზე ნელ-ნელა გაჩნდა სისხლის კვალები და არაა უარყოფილი გონივრული ეჭვი ამ თვისებების შეცვლის, რომ დივანზე არსებული სისხლის ლაქები დაუშვებელი მტკიცებულება იყოს, კედელზე ნანახი სისხლის წვეთები დაუშვებელი მტკიცებულება იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ თვენახევრის შემდეგაა მოპოვებული, დაცვის მხარე როცა აკეთებს აქცენტს, რომ თუნდაც ის დღიური, რომელიც ორი კვირის შემდეგ იპოვეს, ესეც დაუშვებელი მტკიცებულებაა. ქალმა თურმე თავისი შვილის ფლომასტერები, წიგნები დახია და გადაყარა ბუნკერში და ამ გეგმას გიტოვებს თაროზე? ლოგიკა არ არსებობს), და მოსამართლე უარს გეუბნება. მაგდა ადგა და მეკითხება, რომ ამ სასამართლოს იმედი უნდა მქონდესო?  არვიცი, რომელი ადვოკატი აიღებდა იმ წუთში თავის თავზე პასუხისმგებლობას  და იმას, რომ არა, მაგდა, შენ გინდა თუ არა სასამართლო აირჩიე. ჩვენი პასუხი იყო ასეთი-მაგდა, შენ იცი საზოგადოების  აზრი შენთან დაკავშირებით, რომ 100-დან 90 შენი წინააღმდეგია და შენ ესწრები სასამართლო პროცესს. შენ თვითონ გადაწყვიტე, ჩამოყალიბდი. იქვე მიიღო მაგდამ გადაწყვეტილება, ეს იყო ჩვენთვისაც მოულოდნელი და იყო სიურპრიზი, რომ მისი საქმე უნდა განეხილათ ნაფიც მსაჯულებს, რადგან ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეთანხმებული ვიყავით, რომ მისი საქმე განეხილა სასამართლოს“ – აღნიშნა მარიკა ფხალაძემ.

მისი თქმით, მაგდა პაპიძემ ინანა, რომ ნაფიცი მსაჯულების სასამართლო აირჩია თავისი საქმის განსახილველად.

„როდესაც ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი დავიწყეთ, მან ნახა  იქ, რა კონტიგენტი მოდიოდა, აი მაშინ, შერჩევის სხდომაზე თქვა, რომ ეს იყო ჩემი დიდი შეცდომა, ჩვენი საზოგადოება არ არის მზად იმისათვის, რომ  იყვნენ ნაფიცი მსაჯულები და მათ როგორ უნდა გადაწყვიტონ ჩემი ბედიო. შერჩევის სხდომაზევე მიხვდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო…

თუმცა, თუკი სასამართლო  დარწმუნდებოდა, რომ გამოტანილი ვერდიქტი იყო აბსოლუტურად შეუსაბამო და არ არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები ვერდიქტის კანონიერების გასამყარებლად, შეეძლო მსაჯულები დაეთხოვა და ახალი მსაჯულები მოეწვია. გარანტი იმისა, რომ შეიძლებოდა შემდეგ რაღაცა შეცვლილიყო, არვიცი. უბრალოდ, ბავშვის ნაწილში  სასამართლო ვერანაირად  ვერ დააყენებდა განაჩენს და შესაძლებელია, სასამართლოს კვალიფიკაციის შეცვლაზე ემსჯელა. იმედის დროში გაჟღერდა, რომ დაცვა იყო სუსტი, დაცვა იყო თუ არა სუსტი, ესაა იმ ადამიანის შესაფასებელი, ვის ინტერესსაც იცავ. მაგდა პაპიძე  არ არის იმ კატეგორიის ქალი, რომელიც რომ მიმხვდარიყო, რომ სადღაც მისი ინტერესების დაცვა სათანადოდ არ ხორციელდებოდა, მას თავისი პოზიციის დაფიქსირება, ჩვენი ამ საქმიდან ჩამოშორება, ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. ის მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას. მაგდა კარგად ხედავდა, რაც ხდებოდა. მან თვითონ იცოდა, რომ  ნაფიცი მსაჯულები იყო მისი გადაწყვეტილება და მან აიღო მის თავზე პასუხისმგებლობა. ისიც იცოდა, რომ თუკი მსუბუქ მუხლს არ შევთავაზებდით ნაფიც მსაჯულებს, არსებობდა რეალური რისკები, რომ მას მუდმივი პატიმრობა ელოდა, ეს არ იყო მაგდასთვის მოულოდნელი“- განაცხადა მარიკა ფხალაძემ.

მისი თქმით, პროცესზე გამოიკვეთა, რომ მაგდა გიჟი დედა იყო, ასეთი დედა კი სხვა დამიანთან ყოფნის გამო საკუთარ შვილს არ კლავს.

„პროცესზე გამოიკვეთა, რომ მაგდა გიჟი დედა იყო, გიჟი დედა იყავიო მისმა მაზლმა უთხრა და ყველა მოწმისგან გამოიკვეთა, რომ მაგდა საკუთარი შვილის თვალზე ცრემლს ვერ იტანდა და მზად იყო, პატარა ბავშვებსაც კი დაპირისპირებოდა და მათთვისაც კი “გაერჩია” საქმე, რომ მეორედ თორნიკესთვის მათ არ ეწყენინებიათ.

მეორე დღეს ასეთი დედა არ იღვიძებს და ოთარ ბერძენიშვილთან ყოფნის გამო, საკუთარ შვილს არ კლავს. არ მჯერა და ვერავინ დამაჯერებს ამაში. არ გინდა ქმარ-შვილი? მარტივია, დატოვე და წადი“- აღნიშნა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მისი საქმე ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ განიხილა, რომლებმაც მას გამამტყუნებელი განაჩენი ერთხმად გამოუტანეს, მოსამართლემ კი უვადო პატიმრობა შეუფარდა. პაპიძე დანაშაულს დღემდე არ აღიარებს.

იტვირთბა....