ახალი ამბები მთავარი სამართალი

„აღიარა, რომ ჩემი შვილი გააუპატიურა“: რატომ სცადა 16 წლის ორსულმა გოგომ ორჯერ თვითმკვლელობა

მარნეულში, ორსულმა არასრულწლოვანმა, რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, თვითმკვლელობა ორჯერ სცადა, – ინფორმაციას ოჯახის წევრები და ფსიქოლოგი ადასტურებენ.

მათი განცხადებით, 16 წლის გოგონაზე მეუღლის ნათესავმა, 47 წლის მამაკაცმა ცივი იარაღის მუქარით იძალადა. ოჯახის წევრების ვარაუდით, ბრალდებულმა საქართველოს საზღვრები უკვე დატოვა:

„აღიარა, რომ ჩემი შვილი გააუპატიურა და არ დაუკავებიათ. ორ კვირაზე მეტია გასული. დანით დაემუქრა. ჩემი შვილი უმძიმეს მდგომარეობაშია. ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. დამნაშავემ კი ვეჭვობ საზღვრები დატოვა“,- განაცხადა გოგონას დედამ.

დახმარების თხოვნით გოგონას ოჯახმა „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მიმართა.

ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით,  საქმეში უკვე ჩართულია ფსიქოლოგი:

„საქმეში ჩართულია ფსიქოლოგი. სცადა წამლების დალევა, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან იზრუნა ჯანსაღი ბავშვის დაბადებაზე. მეორედ თვითმკვლელობა იმიტომ სცადა, რომ ბრალდებული დაკავებული არ არის“, – აღნიშნა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატმა.

როგორც შსს-ს პრესცენტრში „მეტრონომს“ განუცხადეს, გამოძიება 137-ე, გაუპატიურების მუხლით დაიწყო.

გოგონას დაკითხვა მარნეულის პოლიციაში რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ჩატარებულია ექსპერტიზა და გამოძიება დასკვნას ელოდება.

იტვირთბა....