მთავარი საზოგადოება

წერილი, რომელიც ზვიად გამსახურდიამ აფხაზ მწერალს გაუგზავნა

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში აფხაზი მწერლის, ფაზილ ისკანდერის გარდაცვალების შესახებ წერს და ამ თემასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

„გარდაიცვალა გამოჩენილი აფხაზი, საბჭოთა მწერალი ფაზილ ისკანდერი… გამახსენდა მამაჩემის მასთან პოლემიკა 70-იან და 80-იან წლებში, რომელიც კორექტულობისა და პატივისცემის ფარგლებს არ გასცილებია. აქვე მაგონდება მოექსპერტო, მოენჯეოშნიკო ლაწირაკობის რიტორიკა “გამსახურდიას ეთნონაციონალიზმზე”, და იმპერიული ძალების შეუგნებელი თუ შეგნებული გამართლება. წაიკითხეთ ეს წერილი და თავად შეაფასეთ მტყუან-მართალი…“- წერს ცოტნე გამსახურდია.

გთავაზობთ წერილს, რომელიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ მისწერა აფხაზური წარმოშობის   საბჭოთა მწერალს – ფაზილ ისკანდერს. წერილი 1988 წლით თარიღდება:

„პატივცემულო ფაზილ აბდულის ძევ!

მე გავეცანი თქვენს ინტერვიუს დასავლეთგერმანულ ჟურნალ “შპიგელში”, რის შემდეგაც ორმაგი გრძნობა გამიჩნდა. ერთის მხრივ, თქვენ ობიექტურად გააშუქეთ მესხთა რეპატრიაციის საკითხი, ქართველი ეროვნების ადამიანებისა, რომელნიც გადაასახლეს შუა აზიაში 1944 წელს, ხოლო მეორე მხრივ, მე განმაცვიფრა თქვენმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ თითქოს 40-იან წლებში დაიწყო იძულებითი “გაქართველება” აფხაზური სკოლებისა. რატომ არაფერს ბრძანებთ იმის შესახებ, რომ აფხაზური სკოლა წმინდა სახით, როგორც ასეთი, არასოდეს არ არსებობდა და არც ახლა არსებობს, ვინაიდან ე.წ. აფხაზურ სკოლაში მხოლოდ პირველი 4 კლასია აფხაზური, ხოლო დანარჩენ კლასებში სწავლება მიმდინარეობს რუსულ ენაზე? რატომ არ წუხხართ რუსიფიკაციაზე, რომელიც ნამდვილი საფრთხეა აფხაზეთისათვის, ან იქნებ “ქართველიზაციაზე” საუბარი ნაკლებ რისკთან არის დაკავშირებული?

უკანასკნელ ხანებში აფხაზეთის ისტორიის ზოგი ფალსიფიკატორის მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს თანამედროვე აფხაზეთის ასსრ-ს ტერიტორია მუდამ ადიღეური მოდგმის აფსუების ტომის კუთვნილება იყო (რომელთაც დღეს შეცდომით “აფხაზებს” უწოდებენ), ხოლო ქართველებმა ვითომდაც XX საუკუნეში “დაიპყრეს” აფხაზეთი. ამასთან დაკავშირებით მე შეგახსენებთ თქვენთვის კარგად ცნობილ ბესლეთის XII საუკუნის ხიდს სოხუმში, რომელიც თამარ მეფის ეპოქაშია აგებული. ამ ხიდზე მიკრულია განმარტებითი დაფა, რომელზეც წერია, რომ ხიდი ძველქართული არქიტექტურის ძეგლია და მასზე შემონახულია ქართული წარწერა, მაგრამ სიტყვა “ქართული” წაშლილია (არსებობს ფოტო ამ დაფისა). ვის დასჭირდა ამ სიტყვის წაშლა? ცხადია იმას, ვინც ესოდენ გულმოდგინედ აყალბებს აფხაზეთის ისტორიას და ავრცელებს ხმებს მისი ვითომდაც გვიანდელი “დაპყრობის” შესახებ ქართველთა მიერ. ამგვარი ადამიანები ჩქმალავენ იმასაც, რომ ამ ხიდის გარდა მთელს აფხაზეთში უამრავი ქართული ძეგლია და რომ არაქართული ძეგლები აქ საერთოდ არ მოიპოვება (რუსული ძეგლები ჩნდება XIX-XX საუკუნიდან), რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი მუდამ საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო, ხოლო თავად სიტყვა “აფხაზეთი” იყო სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი ისევე, როგორც ეგრისი და კოლხეთი, აფხაზები ქართული ტომის სახელწოდება იყო, ხოლო ამ მხარის დღევანდელი მკვიდრნი, ადიღეური აფსუები აქ ჩამოსახლდნენ XVII-XVIII საუკუნეებში, შეერივნენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას და მიიღეს “აფხაზების” სახელწოდება. ეს თანამედროვე ისტორიოგრაფიის ანბანური ჭეშმარიტებებია; ასე, რომ ამის დამალვა ან საწინააღმდეგოს მტკიცება მიგვითითებს მხოლოდ უმეცრებაზე ან ისტორიის ბოროტგანზრახულ ფალსიფიკაციაზე.

არ უნდა დავხუჭოთ აგრეთვე თვალები იმ ფაქტზეც, რომ საბჭოთა პერიოდში დაიწყო ხელოვნურად შუღლის გაღვივება ისტორიულად ურთიერთმონათესავე, მოძმე ხალხებს შორის და თქვენს მიერ აღნიშნული ფაქტებიც ამ შუღლის გაღვივებას ისახავდა მიზნად. ყოველივე ამან კულმინაციას მიაღწია 1978 წელს, როდესაც დაიწყო მასობრივი ანტიქართული აქციები, რასაც ქართველთა ხოცვა-ჟლეტაც კი მოჰყვა. ყოველივე ეს პროვოცირებული იყო მოსკოვიდან ველიკორუსული შოვინიზმის მიერ. აგრეთვე, პროთურქული ელემენტების მიერ, რომელნიც აფხაზეთის რუსეთთან შეერთების ნიღაბქვეშ მალავდნენ ოცნებას აფხაზეთის თურქეთთან შეერთებისას, რაზედაც მოწმობს 70-იან წლებში თურქეთში ოფიციალურად გამოცემული რუკა, სადაც თანამედროვე აფხაზეთი შეერთებულია ჩრდილოეთ კავკასიასთან, რომელიც თავის მხრივ თურქეთის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

მე ვიცი, რომ მოწინავე და გონიერი ნაწილი თანამედროვე აფხაზი ინტელიგენციისა არ იწონებს ამგვარ ავანტურისტულ კურსს. ფრიად სასურველი იქნებოდა თქვენი თვალსაზრისი გაგება ამ საკითხზე.

პატივისცემით,

ზვიად გამსახურდია.

1988 წლის აპრილი“- ნათქვამია წერილში, რომელიც ზვიად გამსახურდიამ აფხაზ მწერალს მისწერა.

ფაზილ ისკანდერი 1929 წლის 6 მარტს სოხუმში დაიბადა. წარმოშობით ირანელ-აფხაზი რუსულენოვანი მწერალი, ავტორია ლიტერატურული ციკლის  – „სანდრო ჩეგემიდან“, „ადამიანი და მისი სამეზობლო“, „ადამიანის სადგომი“, „კურდღლები და გველები“, „სოფიჩკა“ და სხვა.

1954 წელს დაასრულა გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. ლექსების პირველი კრებული „მთის ბილიკები“ (რუსულად) გამოსცა სოხუმში 1957 წელს, 1950-იანი წლების ბოლოს აქტიურად იბეჭდებოდა ჟურნალში „Юность“.

მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია რამდენიმე ფილმი.

იტვირთბა....