ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მზის ელექტროენერგიის გადამუშავების სისტემა შეიქმნა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მზის ენერგიით ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის გახსნის ცერემონია გაიმართა. იაპონური მხარის დახმარებით შექმნილი მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ, ”საქართველოს გაერთიანებული აერპორტების” დირექტორმა ქეთი ალექსიძემ, თბილისის აეროპორტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს.
”ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვითი, მეორე მხრივ, კი დანაზოგებისა და ეკონომიკური თვალსაზრისით. აღნიშნული პროექტი ჩვენს ქალაქს სჭირდება, რაც შეიძლება მეტი, ამიტომ წარმატებით განხორციელებული პროექტი სხვა უწყებებისთვის, დაწესებულებებისთვის, სამაგალითო იქნება. ამ პროექტს რაც შიძლება მეტი რეკლამირება უნდა გაუკეთდეს, რათა მეტი იურიდიული პირი დავაინტერესეოთ., რომ მათ ეს პროექტები გამოიყენონ. ჩვენ თბილისის მერიის ფარგლებშიც ვაპირებთ, მსგავსი პროექტის განხორციელებას დედაქალაქის მერიის ელექტრომომარაგებისთვის, რაც როგორც გარემოს დაცვითი, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
”საქართველოს გაერთიანებული აერპორტების” დირექტორის ქეთი ალექსიძის თქმით, აღნიშნული პროექტი იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

”თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მზის პანელები დამონტაჟდა, რომლის მიხედვითაც ხდება მზის ენერგიის გამომუშავება და საბოლოო ჯამში, ეს არის სუფთა ენერგია, რომელიც უზრუნველყოფს CO2-ის შემცირებას და ტერმინალის უზრუნველყოფას ბუნებრივი ენერგიით. ეს პროექტი იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენ აღნიშნულ წამოწყებას მივესალმებით და იმედი გაქვს, რომ მსგავსი პროექტები სხვა აეროპორტებშიც განხორციელდება”, – განცხადა ქეთევან ალექსიძემ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იაპონიის საერთაშორისი თანამშრომობის სააგენტომ საქართველოს მათავრობას პროექტისთვის – ”მზის ენერგიის სისტემით სუფთა ენერგიის გამომუშავება” 480 000 000 იენის (დაახლოებით, 4 500 000 აშშ დოლარი) ოდენობის გრანტი გამოუყო. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეირჩა.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. დამონტაჟდა მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა თბილისის აეროპორტში (ენერგიის გენერაციის სიმძლავრე 316 კილოვატი, გაანგარიშებული წლიური ენერგოგამომუშავება 337 000 კვტ/სთ, რაც ფარავს აეროპორტის შენობის საჭიროების 40%-ს) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ენერგიის გენერაციის სიმძლავრე 34 კილოვატი, გაანგარიშებული წლიური ენერგოგამომუშავება 30 000 კვტ/სთ, რაც ფარავს უნივერსიტეტის შენობის საჭიროების 15%-ს). თბილისის აეროპორტში CO2-ის ემისირების შემცირებაა 187.0 ტ/წელიწადში, ხოლო ილიას სახელწიფო უნივერსიტეტში 16.6 ტ/წელიწადში, რაც ჯამში შეესაბამება 569 000 მ2 ფართობის ტყეს.

სამშენებლო სამუშაოები იაპონურმა კომპანია Itochu Corporation-მ, მისი ქართული და იაპონური ქვეკონტრაქტორების – Fuji Furukawa Engineering & Construction Co.Ltd. და შპს „გრუსიას“ მეშვეობით განახორციელა. სამუშაოებს ზედამხედველობას უწევდა იაპონური კომპანია „Oriental Consulting”. პროექტი უახლესი იაპონური ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა. გამომუშავებული ელექტროენერგია აეროპორტების ტერმინალების განათებას მოხმარდება.
გარდა ამისა, გრანტის ფარგლებში, იაპონელი სპეციალისტების მიერ მართვასა და ოპერირებაში აეროპორტისა და ილიას უნივერსიტეტის თანამშრომლები გადამზადდნენ.

იტვირთბა....