ბელგიის პოლიციამ დაგეგმილი ტერაქტი ჩაშალა. დაკავებულია ორი ძმა, რომლებიც ტერაქტის განხორციელებას გეგმავდნენ, – ამის შესახებ BBC იუწყება.
ჩატარებული ოპერაციის და ტერორისტების დაკავების შესახებ ინფორმაცია ბელგიელმა ძალოვანებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს.
დასავალური მედიის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაცია 8 საცხოვრებელ სახლში ჩატარდა, რომლებიც მონსის და ლიგის ფრანგულენოვან კვარტლებში მდებარეობს. დაკავებულია ორი პირი, 33 წლის ნოურედინ ჰ. და მისი ძმა, ჰამზა ჰ. მათი გვარი ჯერჯერობით არ სახელდება. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მათი საცხოვრებელი სახლებიდან იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები არ ამოუღიათ.
“ორივე მათგანი ეჭვმიტანილია მასობრივი ტერაქტის დაგეგმვაში, რომელიც ბელგიაში უნდა განხორციელებულიყო” განაცხადა ბელგიის ფედერალური პროკურატურის სპიკერმა.
პროკურატურა ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს, აქვთ თუ არა მათ კავშირი ცოტა ხნის წინ აეროპორტსა და მეტროში განხორციელებულ ტერაქტებთან.
სასამართლო ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს.