ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„როდის შეიგნებს ეს 57%, რომ მესია აღარ მოვა“: რა კოზირი აქვს შემონახული „ოცნებას“ „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ

ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევის პოლიტიკური ნაწილი დღეს გამოქვეყნა. NDI-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 57% გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არ აქვს ვის მისცემს ხმას არჩევნებზე.

მაღალია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, თუმცა ვის მისცემს ხმას ჯერ კიდევ არ იცის. NDI-ის კვლევის მიხედვით, 2016 წელს დაგეგმილ  არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოსახლეობის 67% აპირებს. 19% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, “ნაციონალურ მოძრაობას” – 14%, არ იცის – 35%, პასუხზე უარი 13%-მა თქვა.

ოპოზიცია იმ ამომრჩევლებს, რომლებიც უარს აცხადებენ დაასახელონ ვის აძლევენ ხმას, როგორც წესი, საკუთარ ამომრჩევლად თვლიან, რადგან მათი თქმით, ხელისუფლების მომხრეები ყოველთვის ღიად აფიქსირებენ ხოლმე საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს.

Untitled5-615x350

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია “მეტრონომთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებით დადასტურდა, პოლიტიკური ორგანიზაციები ამომრჩევლთა განწყობებს არ ასახავენ.

“ზოგადად სასიამოვნო არ არის, როცა ამდენ ადამიანს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს და ძალიან ცუდ წინაპირობას ქმნის არჩევნების წინ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს 57% შემცირდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები ბოლო თვეები რაც დარჩა, ამ პერიოდში მაინც, მოახერხებენ მუშაობას, სწორი მესიჯების გაგზავნას, იმ საკითხებზე საუბარს, რაც მოსახლეობას აინტერესებს. თუ ყველაფერი ისე დარჩა როგორც არის და ქართული პოლიტიკის ძირითადი აქტორები არ შეცვლიან თავის რიტორიკასა და ქმედებებს, ამან შესაძლოა გარკვეული პრობლემები წარმოქმნას. მე მაინც მგონია, რომ ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი და პოლიტიკური პარტიები გაანალიზებენ და იღონებენ ყველაფერს, რათა ეს შეიცვალოს. ის დაპირებები, რაც პოლიტიკურმა პარტიებმა გასცეს არ იყო საკმარისი და კიდევ მნიშვნელოვანია, ვინ სთავაზობს აღნიშნულ დაპირებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ უყურებს მოსახლეობა ამ პოლიტიკოსის წარსულს”. – აცხადებს კაკაჩია.

რაც შეეხება იმ 13%-ს, რომლებიც თავს იკავებენ ღიად დააფიქსირონ პოლიტიკური არჩევანი, კაკაჩია მიიჩნევს, რომ სავსებით შესაძლებელია ეს ამომრჩეველი ოპოზიციის ელექტორატს მივაკუთვნოთ. თუმცა ის განმარტავს, რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ ღიად რომ მიიწეროს ეს ხმები არასერიოზული იქნება.

“ოპოზიციურ სპექტრში ჩვენ სხვადასხვაგვარი პარტიები გვყავს. ვერავინ იტყვის, ეს 13% როგორ გადანაწილდება. რთულია იმის თქმა, რომელ პარტიას მოემატება ხმები. რომელიმე პარტიამ რომ მოახდინოს აპელირება, მაინცდამაინც მას მოემატება ხმები, არასერიოზული იქნება. სავარაუდოდ, ალბათ იგულისხმება, რომ ეს ისეთი ტიპის ამომრჩეველია, რომელსაც სხვადასხვა მიზეზების გამო მისი პოლიტიკური შეხედულებების გამჟღავნება საზოგადოებაში არ უნდა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა 2012 წლის მსგავსად პოლარიზაცია, რომ მოახდინონ, ამისთვის მათ ისეთი საკითხი სჭირდებათ, რაც საზოგადოების გაყოფას გამოიწვევს”. – აღნიშნავს კაკაჩია.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი ნიჰილიზმი და მმართველი პარტიის ასეთი დაბალი რეიტინგი მთავრობის უმოქმედობის, ერთიანი ნარატივის არქონისა და ინერციით მართვის სტილში უნდა ვეძიოთ. ამასთანავე, კაკაჩია განმარტავს, რომ ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა და იმ დაპირებებს, რომელთაც დღის განმავლობაში ასე უხვად იღებს, უკვე კრიტიკულად უდგება.

ნებისმიერ სოციოლოგიურ კვლევაში მნიშვნელოვანია უარყოფითი რეიტინგი. უარყოფითი რეიტინგით ქართულ პოლიტიკაში “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” გამოირჩევიან.

NDI-ის კვლევის მიხედვით კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას 21% ასახელებს “ნაციონალურ მოძრაობას”, 19% “ქართულ ოცნებას”. სწორედ ამ უარყოფით რეიტინგზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ხუხაშვილი “მეტრონომთან” განმარტავს, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში მოვა ეს 21% ქუჩის აქციებით გააპროტესებს. ეს კი ისედაც მყიფე პოლიტიკური პროცესისთვის მავნებელია.

2012 წელს არჩევნების შედეგი სულ ბოლოს, პრაქტიკულად, რამდენიმე დღით ადრე  უკანონოდ მოპოვებულმა ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველმა კადრებმა შეცვალა. მაშინ გია ხუხაშივლი “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო. კითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას არჩევნების წინ მსგავსი ბერკეტი შემონახული, რაც მათ ძირითად ნარატივს “სისხლიანი რეჟიმის” შესახებ უფრო განამტკიცებს, ხუხაშვილი პასუხობს, რომ სავარაუდოდ არ აქვთ, თუმცა “ქართული ოცნების” მთავრი მიზანი ამ ეტაპზე ამომრჩევლის პოლარიზებაა.

პოლიტოლოგი გია ნოდია იმ საშიშროებებზე საუბრობს, რასაც გადაუწყვეტელი ადამიანების რაოდენობა უქმნის პოლიტიკურ სიტუაციას.

“ამდენი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომ არის ქვეყანაში არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ძალიან ცუდია. მაგრამ მთავარია ვთქვათ, რით არის ცუდი. პროგრესულ-პოლიტკორექტული რეაქციაა: „რა ცუდი პოლიტიკური ელიტა გვყავს, საწყალ ხალხს წესიერი არჩევანი ვერ გაუკეთებია“.

ეს მსჯელობა ეყდრნობა უპასუხისმგებლო და ინფანტილურ სტერეოტიპს: „უმანკო ხალხი, ცუდი ელიტა“ – მაგრამ ელიტა ციდან არ მოფრინდება, ის ხალხის ნაწილია – შედარებით აქტიური ნაწილი, მეტი არაფერი. თუ ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა (თუ უმეტესობამ) არჩევანი კიდევ ვერ გააკეთა, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: მათ არ იციან, რა უნდათ. დავაზუსტებ: არც ის იციან, ვინ უნდათ და არც ის იციან, რა უნდათ.

სხვა ინტეპრეტაციაა: მათ უნდათ ახალი მესია, რადგან წინა მესიებმა (მიშა, ბიძინა) იმედი გაუცრუეს. რამდენი ხანი უნდა გავიდეს, რომ ამ 57%-მა შეიგნოს, მესია აღარ მოვა, არჩევანი უნდა გააკეთო იმ მეტად არასულყოფილ პარტიებს შორის, რომლებიც ამ წუთში არსებობს და რომლებზე უკეთესსაც ეს საზოგადოება არ იმსახურებს.

უკეთესს რომ იმსახურებდეს, იარსებებდა კიდეც, რადგან პარტიებს სწორედ ეს მისტიკური ერთეული, „საზოგადოება“ თუ „ხალხი“ ქმნის. – აცხადებს  ნოდია.

 

მარიამ ვარადაშვილი

 

იტვირთბა....