დღემდე არ ვიცი, ჰქონდა თუ არა რომელიმე მოსამართლის მიმართ ზეწოლის ფაქტს ადგილი, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა.
მერაბ ტურავა საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე წუთის წინ დაკითხვაზე გამოცხადდა. მისი თქმით, არასდროს, არავითარი ინფორმაცია არ მიუღია და არ მოუსმენია მისი კოლეგების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით.
”ალბათ, უფრო სწორი იქნებოდა, პირველი ჩვენ ვყოფილიყავით ინფრომირებული ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მე დღემდე არ ვიცი, ჰქონდა თუ არა რომელიმე მოსამართლის მიმართ ასეთი ზეწოლის ფაქტს ადგილი. დღემდე არ ვიცი, რომელი მოსამართლე იგულისხმება. მე ასე წარმომიდგენია, როდესაც სასამართლო აკეთებს განცხადებას მოსამართლეზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, მინიმუმ, განცხადების გამკეთებელს გვერდით უნდა ედგეს ის მოსამართლე, რომელზეც ვინმე ზეწოლის განხორციელებას შეეცადა”, – აღნიშნა მერაბ ტურავამ.
მისი თქმით, დღეს მთელი საკონსტიტუციო სასამართლო ეჭვმიტანილია.
„პლენუმის წევრთა უმრავლესობა თავის განცხადებაში გამოხატავს პოზიციას, რომ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულნი საჯარო განცხადების თაობაზე. მთელი საკონსტიტუციო სასამართლო არის დღეს ეჭვმიტანილი, ნებისმიერი გადაწყვეტილება, როგორიც არ უნდა იყოს ის, საზოგადოების მხრიდან იქნება აღქმული როგორც ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება.არცერთ შემთხვევაში არავის ვადანაშაულებ, პირიქით, ვფიქრობ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. არასდროს არავითარი ინფორმაცია არ მიმიღია, არ მომისმენია, ჩემი კოლეგების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა გარკვეულ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა. მისი ამ განცხადებით პროკურატურა დაინტერესდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე დაკითხვაზე საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. მოსამართლეები ეტაპობრივად ცხადდებიან დაკითხვაზე.