მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძის ადვოკატის, მარიკა ფხალაძის განცხადებით, მათ პაპიძე ვერ დაარწმუნეს, რომ სასჯელის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. ამის შესახებ მარიკა ფხალაძემ „ექსპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მაგდა პაპიძე გადაწყვეტილების გასაჩივრებაში ჯერ ვერ დავარწმუნეთ, ის იგივე პოზიციაზეა. 1 თვიანი ვადა გვაქვს გასაჩივრების და ამ პერიოდში ვაპირებთ კიდევ ერთხელ შესვლას და მის დარწმუნებას, რომ სასჯელის ნაწილში მაინც გასაჩივრდეს, რომ იქნებ ის მაინც მოვახერხოთ, რომ მუდმივი მოეხსნას. მისთვის ამას აბსოლუტურად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მარტივ მაგალითს გეტყვით, ჩვენ, დაცვის მხარეს, უფლება გვქონდა, მსაჯულებისთვის შეგვეთავაზებინა მსუბუქი მუხლი, იგულისხმება გაუფრთხილებლობითი მკვლელობა ბავშვთან მიმართებაში და უბრალოდ განზრახ მკვლელობა 108-ე მის მეუღლესთან მიმართებაში. კატეგორიული უარი განგვიცხადა მაგდა პაპიძემ. მან გვითხრა, რომ ამ შეთავაზებით, ის ერთი წუთით მაინც უშვებს იმას, რომ მის შვილს გაუფრთხილებლობით რაღაცა ავნო. ჩემი მიზანი ის კი არ არისო, რომ მე რაღაცა პასუხისმგებლობას დავაღწიო თავი, სასჯელი შევიმსუბუქო, არამედ მიზანია ის, რომ მე არ ვიყო მსჯავრდებული ჩემი შვილისა და ქმრის მკვლელობაშიო. შესაბამისად, ამაზეც კი უარი გვითხრა და მან თქვა, რომ მზად იყო, თუნდაც მუდმივით მოეხადა სასჯელი, ვიდრე ის, რომ ეს ალტერნატივა თეორიულად მაინც დაგვეშვა. აქედან გამომდინარე, არვიცი, რამდენად მოვახერხებთ მის დარწმუნებას, რომ გაასაჩივროს, თუმცა ყველანაირად ვეცდებით“- აღნიშნა მარიკა ფხალაძემ.
მისი თქმით, მაგდა პაპიძის ოჯახს სხვა პოზიაცია აქვს. მათ უნდათ, რომ მსჯავრდებულს სასჯელი რამენაირად შეუმსუბუქდეს.
„თუნდაც 20 წელი ყოფილიყო, იქ არის უკვე საუბარი იმაზე, რომ რაღაც შეგიძლია-მაგალითად, შეწყალებაზე მიმართო, მიმართო ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე. 20 წლის შემდეგ რაღაცა შეიცვლება, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და რისკებთან არის დაკავშირებული. კონკრეტული წელი როცა ეცოდინებოდა, ის იცხოვრებდა იმ იმედით, რომ გამოვა თუნდაც 10-15 წლის შემდეგ და მისი შვილისა და მეუღლის საფლავთან მივა. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ აქვს“- აღნიშნა ფხალაძემ.
შეგახსენებთ, მაგდა პაპიძე 2015 წლის 20 დეკემბერს 5 წლის შვილისა და ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მისი მოთხოვნით, აღნიშნული საქმე ნაფიცი მსაჯულების სასამართლომ განიხილა. მათ პაპიძე დამნაშავედ ცნეს, მოსამართლემ კი უვადო პატიმრობა შეუფარდა. პაპიძე ბრალს დღემდე არ აღიარებს.