„ერთადერთი, ვისაც დაზარალებულებისთვის თანხის ანაზღაურება შეუძლია, არის მაია რჩეულიშვილი, თუმცა ის პატიმრობაში იმყოფება“- ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის დამ რუსუდან კერვალიშვილმა განაცხადა.
ის იმედოვნებს, რომ 1-ელ სექტემბერს სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისა და ადამიანებისთვის სამართლიანი იქნება.
ამ კომენტარის გაკეთების დროს რუსუდან კერვალიშვილსა და დაზარალებულებს შორის სიტუაცია დაიძაბა. კომენტარის დროს დაზარალებულები სკანდირებდნენ – „მაიას ადგილი ციხეშია“. დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ იმ საქმეზე, რა საქმის განხილვაც დღეს უნდა გაიმართოს, მათი ზარალი ათიათასობით დოლარს შეადგენს.
დაზარალებულები მოითხოვენ, რომ მაია რჩეულიშვილთან ერთად დააკავონ ვახტანგ რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთი ფინანსური ხელმძღვანელი ქეთი ჟორდანია.
შეგახსენებთ, მაია რჩეულიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ბათუმის „მაგნოლიას“ საქმეზე აქვს შეფარდებული.