ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ექსკლუზიური დეტალები: რატომ არ უყოფს თემურ უგულავა კანონიერ მეუღლეს ქონებას

 

ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული და საინტერესო განქორწინების პროცესი, ქონებრივი ღირებულებით ყველაზე მასშტაბური გაყრის საქმე, ცნობილი ბიზნესმენის თემურ უგულავასა და კანონიერ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ბაია დავითაიას სასამართლო დავა კვლავ გრძელდება. საქმე სააპელაციოშია და საბოლოო გადაწყვეტილების მიმართ დიდი ინტერესია.

განქორწინების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულია, რომ მეუღლეების თანაცხოვრების პერიოდში შექმნილი  ქონება თანაბრად უნდა გაიყოს. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ და, კონკრეტულად, მოსამართლე გიორგი ებანოიძემ „მოახერხა“ და ქონების 100-ვე პროცენტი უგულავას მიაკუთვნა. ბაია დავითაიამ და ქალთა უფლებების დამცველებმა, ასევე საზოგადოების ნაწილმა, სასამართლოს ეს ქმედება პატრიარქალურ და დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებად შეაფასა, რომელიც უდიდესი ალბათობით კორუფციული გარიგების შედეგად იქნა გამოტანილი. ამჯერად საქმის განხილვა სააპელაციო ინსტანციაში გრძელდება.

გახმაურებული დავის ობიექტურად აღწერისთვის „მეტრონომი“ შეეცადა დაკავშირებოდა ორივე მხარეს.

a39558_bigulava-45

„მეტრონომი“ წარმოგიდგენთ ბაია დავითაიას იურისტების მიერ, ერთი წლის წინ ბრიფინგზე წარმოდგენილ მასალებს, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ რამდენად დაუცველია განქორწინებისას ქალის უფლებები საქართველოში:

საარქივო მასალებიდან:

„ბაია დავითაია და თემურ უგულავა 10 წლის მანძილზე თანაცხოვრობდნენ ერთ ოჯახად, ხოლო აქედან 7 წლის მანძილზე (ფორმალურად, დღემდე) იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამ პერიოდის განმავლობაში, თემურ უგულავა გადაიქცა ერთი რიგითი, ჩვეულებრივი, ყველასათვის უცნობი ბიზნესმენიდან, ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად საქართველოში, რომელსაც აქვს უმსხვილესი სათამაშო, სასტუმრო და სხვა ბიზნესები.

ამ პირობებში, მოსამართლე გიორგი ებანოიძემ გადაწყვიტა, რომ ქორწინების პერიოდში შექმნილი, შეძენილი და ღირებულებაგაზრდილი ქონებიდან ბაია დავითაიას არაფერი ეკუთვნის.

დამატებით, მან დაადგინა, რომ ის თანხა, რომელსაც ბოლო წლების მანძილზე თემურ უგულავა იხდიდა აუტიზმის მძიმე ფორმით დაავადებული შვილის სამკურნალოდ და საცხოვრებლად ნიუ იორკში,  უნდა შემცირდეს დაახლოებით 25%-ით.

„მეტრონომმა“ ბაია დავითაიას მიერ ჟურნალისტებთან თავის დროზე გავრცელებული მასალები მოიძია. ამ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „სწორედ ეს იყო ბატონი უგულავას კაპრიზი – ის მოითხოვდა არა მხოლოდ ნანა დავითაიას უკანონოდ, დისკრიმინაციულად დაჩაგვრას ქონების გაუყოფლობის გზით, არამედ მის სამაგალითოდ „დასჯას“იმისთვის, რომ მან  „გაბედა“ და მოითხოვა ის, რაც კანონით ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე გიორგი ებანოიძის მხრიდან იმთავითვე აშკარად გამოიკვეთა თემურ უგულავას მხარდაჭერა, რაც გამოიხატებოდა შემდეგ დეტალებში:

1- ბაია დავითაიას მხარე, შესაბამისი დასაბუთებით, ითხოვდა გარკვეული დოკუმენტაციის გამოთხოვას უგულავას კომპანიებიდან, რაზეც მოსამართლემ, დავითაიას მხარეს  ცალკე სასარჩელო წარმოების, კორპორატიული ტიპის დავის დაწყება ურჩია.

2 – სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. განქორწინების შემთხვევაში, აღნიშნულ კომპანიებში წილი მეუღლეთა შორის იყოფა თანაბრად. მოსამართლე ებანოიძემ არ დააკმაყოფილა ქორწინების პერიოდში შეძენილი, ან დაფუძნებული კომპანიების წილების გაყოფის მოთხოვნა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი თავი აარიდა შეკითხვას, თუ რა სამართლებრივი საფუძველი დაედო აღნიშნულ მოთხოვნაზე უარის თქმას.

3 – სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ ვერ გაითვალისწინებდა ბაია დავითაიას მხარის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს კომპანიების საბაზრო ღირებულების ზრდისა და გაწეული ხარჯების შესახებ იმ მოტივით, რომ ანგარიში მომზადებული არ იყო ,,აუდიტორულ ჭრილში“ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე და ანგარიშის ავტორი კომპანია არ წარმოადგენდა აუდიტორულ კომპანიას.

ამ გადაწყვეტილებაში არ არის მოსამართლის განმარტება, თუ რატომ უნდა შეფასდეს კომპანიის საბაზრო ღირებულება ,,აუდიტორულ ჭრილში“ (ბუნებრივია, ასეთი განმარტება ვერც იქნებოდა, რადგან საქართველოს კანონმდებლობში მსგავსი მოთხოვნა არ არსებობს). ანგარიშის ავტორი კომპანია მოქმედებდა ,,შეფასების საერთაშორისო სტანდარტების“ შესაბამისად და შედგენილი დოკუმენტი სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

4 – მოსამართლემ სრული იგნორირება მოახდინა საქორწინო ხელშეკრულების იმ დანაწესის, რომლის მიხედვით თემურ უგულავას პირად საკუთრებაში არსებული შპს ,,სითი ლოფტისათვის“თანასაკუთრებაში არსებული

ბიზნესის აღმოჩენის შემთხვევაში, ამ ბიზნესზე კვლავ შენარჩუდენობდა თანასაკუთრების რეჟიმი.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო დავის დაწყების შემდგომ თემურ უგულავას მიერ განხორციელებული  ქმედებების შესახებ. კერძოდ:

–      აზარტული ონლაინ თამაშების ბიზნესის გადატანა ჯერ მეგობრის კომპანიის, ხოლო შემდგომ მისსავე არაპირდაპირი საკუთრებაში, კომპანიის მფლობელობაში;

–      სპორტის სასახლის მმართველი კომპანიის გადაფორმება მესამე პირზე.

ასეთ პირობებში, მოსამართლე ებანოიძემ დაადგინა, რომ თუ თანასაკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება მოხვდება იმ კომპანიის საკუთრებაში, რომლის 100%-ს ფლობს თემურ უგულავა, თანასაკუთრების სტატუსის მქონე ქონება კარგავს თანასაკუთრების რეჟიმს (მიუხედავად იმისა, რომ საქორწინო ხელშეკრულება რადიკალურად საპირისპიროს ადგენს).

5 – დამატებით, სასამართლომ, თემურ უგულავას, როგორც აუტისტური სპექტრის მქონე არასრულწლოვანი ბავშვის მამას, 25% -ით შეუმცირა ხარჯები, რომელსაც წლების მანძილზე მამა იხდიდა შვილის დიაგნოზიდან გამომდინარე მკურნალობა/რეაბილიტაციისთვის. აქვე გასათვალისწინებელია, რომ უმძიმესი დიაგნოზის მატარებელ ბავშვს დროის 100%-ის მანძილზე უვლის დედა, ბაია დავითაია, რომელიც ამის გამო მოკლებულია საშუალებას ჰქონდეს საკუთარი პროფესიული კარიერა.

(ადვოკატის მასალებიდან) სასამართლოს მიდგომით, აუტისტური სპექტრის მქონე შვილის მკურნალობა და მის ზრუნვაზე ცხოვრების დიდი დროის დახარჯვა თურმე აბრკოლებს ქორწინების პერიოდში შექმნილი მატრიალური სიკეთის თანასაკუთრებად ქცევას (ქონების გაყოფაზე უარის საფუძვლად სასამართლო უთითებს, რომ ბაია დავითაია აქტიურ მონაწილეობას ვერ იღებდა ქონების ღირებულებს ზრდაში, ვინაიდან შვილის მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა საზღვარგარეთ). ამგვარი უკანონო მიდგომა ბავშვის უფლებების საწინააღმდეგო სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს, რაც მომავალში შეიძლება გამოიხატოს მშობლობის დიდი ტვირთის ნიველირებით და არჩევანის წინაშე დაყენებით – იზრუნოს შვილზე ქალმა თუ შეეცადოს ბავშვის იგნორირების ხარჯზე აქტიური მონაწილეობა მიიღოს თანასაკუთრებაში არსებული ქონების ღირებულების ზრდაში“.

იურისტების მასალებში მოტანილი ანალიზის მიხედვით, „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულია მეუღლეთა თანასწორობა და ქორწინებისას შეძენილი ქონება ითვლება თანასაკუთრებად, რეალურ ცხოვრებაში,  სამართლებრივი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ამ თანასწორობის განხორციელებას. ბაია დავითაიას შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ირღვევა ქალთა ქონებრივი უფლებები განქორწინების დროს. დღეს საქართველოში ქალებს არ აქვთ იმის გარანტია, რომ განქორწინების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ კანონიერ წილს მეუღლეთა საერთო საკუთრებიდან.“ – ნათქვამია ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებში, რომელიც რედაქციაში ინახება.

რა ეტაპზეა გახმაურებული საქმე და დაკმაყოფილდება თუ არა ორივე მხარის უფლებები თანაბრად? ამ საკითხთან დაკავშირებით „მეტრონომი“ ბაია დავითაიას დაუკავშირდა. როგორც მან გვითხრა, სასამართლო პროცესის განმავლობაში ვრცელი ინტერვიუსგან თავს იკავებს, ამიტომ მცირე კომენტარით შემოიფარგლა:

“სასამართლო დავა სააპელაციო ინსტანციაში გრძელდება. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას მეორე მხარესთან და იმედი გვაქვს, მოვახერხებთ სამართლიანი მორიგების მიღწევას. ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია, ვნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები.“ – განაცხადა დავითაიამ.

„მეტრონომი“ შეეცადა თემურ უგულავას კომენტარიც ჩაეწერა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ერთი უცნაური მომენტიც უნდა აღინიშნოს: თავდაპირველად, როცა მან გვიპასუხა და ვუთხარით, რომ რედაქციიდან ვრეკავდით, გვკითხა, თუ რომელი სააგენტოს წარმოვადგენდით. როგორც კი მას მოახლოებული სასამართლო პროცესი ვუხსენეთ, გვითხრა, რომ სხვაგან მოვხვდით…

„მეტრონომი“ მომავალშიც შემოგთავაზებთ გახმაურებული საქმის მსვლელობის ამსახველ მასალებს. მკითხველმა კი თავად შეაფასოს, ბაია დავითაიას საქმე არის თუ არა მაგალითი იმისა, თუ როგორ ირღვევა ქალთა ქონებრივი უფლებები საქართველოში, განქორწინების დროს, სასამართლო დონეზეც კი.

მანა ნოდია

იტვირთბა....