ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ გაუშვეს დარახველიძე: ყოფილი მინისტრი მმართველი პარტიის წინააღმდეგ ალაპარაკდა

დევნილთა ექს-მინისტრი დავით დარახველიძე სამინისტროს დღევანდელ პოლიტიკას აკრიტიკებს და ბევრ სხვა საკითხთან ერთად უმთავრესად დევნილებისთვის ბინების შესყიდვაში სამინისტროს მიერ ზედმეტად დახარჯულ თანხებზე საუბრობს. კონკრეტულად კი ამბობს, რომ თავისი მინისტრობისას 2088 დევნილისთვის 22-სართულიანი ბინის იაფად მშენებლობის პროექტი ჰქონდა, ტენდერში გამარჯვებულიც გამოვლენილი იყო, მაგრამ ის მოხსნეს და ეს პროექტი ეკონომიკური საბჭოს მითითებით დღევანდელმა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჩაშალა. ნაცვლად კი, სამინისტრომ უფრო ძვირად იყიდა ბინები და თან ბევრად ნაკლები, რაც მისი პროექტით იყო გათვალისწინებული.

დარახველიძე გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუსას აცხადებს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მას, როგორც ბევრ ადამიანს, იმედები გაუცრუა, თუნდაც ე.წ. სამართლიანობის აღდგენის კუთხით.

„მინისტრობიდან ჩემი გათავისუფლების მიზეზი ჩემთვის დღემდე უცნობია, რაც კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ეს ჩემი საქმიანობის გამო არ მომხდარა, რადგან იმ დროისათვის სამინისტროს ყველა მიმართულებით წარმატება ჰქონდა და პრაქტიკულად, დევნილთა საბინაო უზრუნველყოფის თვალსაზრისით სერიოზული წინსვლა იწყებოდა.

ანუ, უნდა დაწყებულიყო მასობრივი მშენებლობები. ამის თაობაზე ტენდერიც გამოცხადებული იყო. ტენდერში გამარჯვებულიც გამოვლინდა – ერთ-ერთი უცხოური კომპანია. პროექტი ძალიან მასშტაბური იყო, 22-სართულიანი რვა სახლი უნდა აშენებულიყო კრწანისში, რომელიც ახლა უკვე ექსპლუატაციაში იქნებოდა შესული და იქ 2088 ოჯახს უნდა მიეღო ბინა“ – განაცხადა დარახველიძემ „რეზონანსთან“.

მისი თქმით, ამ ხელისუფლების მიერ სამართლიანობის აღდგენის მხრივ, დაპირება ვერ განხორციელდა.

„სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით არა მარტო ჩვენ, საზოგადოებას გაუცრუვდა იმედები. ეს დაპირება ვერ განხორციელდა. ანუ, პროკურატურამ არ გამოიძია საქმეები და მხოლოდ სიმბოლური გახადა სამართლიანობის აღდგენის პროცესი რამდენიმე მანქანის გადაცემით და ა.შ. უამრავი საქმე კი თაროზეა შემოდებული. მათ შორის, დევნილთა სამინისტროდან ჩემ მიერ გადაცემული 22 საქმე და შედეგი არც ერთზე არ დამდგარა“ – განაცხადა დარახველიძემ.

წყარო: www.resonancedaily.com

იტვირთბა....