მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა შევიდა.
“ევა გოცირიძე არის იმ ხუთ საუკეთესო კანდიდატს შორის, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეებისა და ადვოკატთა ასოციაციის მაღალი წარმომადგენლების მონაწილეობით, საჯარო კონკურსის გზით შეარჩია და მოგვიანებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქართველოს მთავრობას წარუდგინა“. – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.