ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„პრეზიდენტის სიძე 6 საათი დაკავებული იყო და ხორციელდებოდა კანონის უგულებელყოფა“

„სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევებს”- ამის შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარ პროკურატურაში გამოძიება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს. ბარათაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დაკავებისას კარგად იცოდნენ, რომ მინდია გოგოჭური პრეზიდენტთან ნათესაურ კავშირში იყო.

„სამართალდამცველთა მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის უხეშ დარღვევებს. 2016 წლის 28 ივნისს დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მას შეზღუდული ჰქონდა მიმოსვლის თავისუფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი იყო დაკავებული. დაკავებულ პირს გააჩნია მთელი რიგი უფლებები, მათ შორის ადვოკატის ყოლის უფლება და განმარტება იმის თაობაზე, რომ მას აქვს დუმილის გამოყენების უფლება. შედგენილი უნდა ყოფილიყო დაკავების ოქმი. არც ერთი ეს მოქმედება არ იყო შესრულებული. ეს არის უხეში დარღვევა, რაც, თავის მხრივ, ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა. სამართალდამცავებმა, რომლებმაც გოგოჭური დააკავეს, კარგად იცოდნენ, რომ ის იყო პრეზიდენტთან ნათესაურ კავშირში. ასევე დაფიქსირდა საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება და კანონის უგულებელყოფა. როდესაც დაკავებულმა მოითხოვა ადვოკატი, უთხრეს, რომ თავი ევროპაში ხომ არ ეგონა, რაც ამავდროულად არის ძალიან დიდი დარღვევა და იწვევს ბევრ საფუძვლიან ეჭვს“, – განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე გუშინ იმყოფებოდა. საქმე ეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მისი ოჯახის წევრზე სამართალდამცველების მიერ განხორციელდა ზეწოლა. დღეს პროკურატურამ დაკითხვაზე მინდია გოგოჭურის რამდენიმე მეგობარიც დაიბარა.

იტვირთბა....