ოპერისა და ბალეტის თეატრში კიდევ ერთი პრესკონფერენცია ჩაატარა ოპერის დასმა. კინწურაშვილის მიერ მოულოდნელად დათხოვნილმა ორმა თანამდებობის პირმა საზოგადოებას და კულტურის სამინისტროს მიმართა.
ისინი მოითხოვენ, რომ შეიცვალოს დავით კინწურაშვილის მიერ შედგენილი ბრძანება მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ისინი დაუყოვნებლივ აღდგენილი უნდა იქნან თანამდებობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმართავენ სასამართლოს. მათი თქმით, ეს განცხადება იყო პირად შურისძიებაზე დაყრდნობილი.
“ეს არის აბსოლუტურად პირადი შურისძიება, არანაირი ხელშეკრულება ჩვენ არ დაგვირღვევია. ჩვენ გამოვთქვამდით ამ ადამიანისადმი იმ რაღაცეებს, რაც იყო დარღვევები შემოქმედებითი თვალსაზრისით, რასაც ვაპროტესტებდით. ამ ადამიანმა ისე გააკეთა ყველაფერი, რომ თითქოს ჩვენ რაღაც დანაშაული მიგვიძღვის. რომელი ვალდებულება დავარღვიეთ აგვიხსნას, რას გვედავება ეს ადამიანი, ეს არის აბსოლუტურად პირადი შეურაცხყოფა,” – აცხადებს იამზე გურჩიანი.
შეგახსენებთ, დავით კინწურაშვილი კულტურის მინისტრმა გუშინ გადააყენა. კინწურაშვილს მინისტრმა გადადგომის მოთხოვნის შესახებ განცხადების დასაწერად დღის ბოლომდე მისცა ვადა, თუმცა კინწურაშვილი თავისი ნებით არ გადადგა და მან რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.