თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს ოპერისა და ბალეტის უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი. დავით კინწურაშილი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მან პოსტის დატოვებამდე სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოხსნა.
“მადლობა კულტურის მინისტრს, ბატონ მიხეილ გიორგაძეს, რომ დიდი მოთმინებით, ყველა დადგენილი ნორმის დაცვით, პროცედურას მიჰყვა. ეს დრო კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ყველას საკუთარი, ნამდვილი სახე წარმოეჩინა.
მადლობა, ბატონ მიხეილს, რომ დრო მეც მომცა …
ამ დროის განმავლობაში ის გადაწყვეტილებები მოვიყვანე სისრულეში, რომელიც თავის დროზე, კონკრეტული მიზეზების, შემდეგ კი ავადმყოფობის გამო ვერ განვახორციელე.
დღეს თანამდებობიდან გავათავისუფლე სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეკატერინე გელაშვილი. ეკას, რომელიც ჩემი თეატრში მისვლისას დაგეგმარების ჯგუფის კოორდინატორი იყო, თეატრის სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და სცენის მენეჯერის – ორი უმთავრესი პოსტი ჩავაბარე თეატრში. პასუხისმგებლობიდან გამომდინარე შესაბამისი მაღალი ანაზღაურებით.
დღეს კი მის განთავისუფლებაზე ვსაუბრობ, რადგან 17 ივლისის სეზონის დახურვაზე მოსული მაყურებელი გაწბილებული დიდ წილად მის გამოც დარჩა.
მაშინ, როცა სტენოკარდიული შეტევით კლინიკაში ვიმყოფებოდი, ჩემი, როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, რომ დაგეგმილი სეზონის დახურვა შემდგარიყო, მან თავად გაუწია ორგანიზება სეზონის დახურვის ჩაშლას.
როგორც კი აღმოვაჩინე, საგულდაგულოდ დამალული, სავარაუდოდ თეატრის გახსნის შემდგომი პერიოდის დარღვევები, სამინისტრო საქმის კურსში ჩავაყენე. თეატრის დირექტორს ალექსანდრე მოწონელიძეს უნდობლობა პირადადაც გამოვუცხადე. სამინისტოს თანხმობის მიუხედავად, მისი მოხსნის შესახებ მყისიერი გადაწყვეტილება არ მივიღე და ეს დრო მიზეზების შესწავლას და სიტუაციის გამოსწორების გზების ძიებას დავუთმე. სამწუხაროდ უშედეგოდ…
თეატრისადმი მიყენებული ფინანსური და მორალური ზარალის გამო, ჩემივე უდიდესი ძალისხმევით დანიშნული დირექტორის ალექსანდრე მოწონელიძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ რეკომენდაციით, მინისტრს, გუშინ მივმართე. ბატონი მიხეილი აქაც ლმობიერი აღმოჩნდა და ალექსანდრე მოწონელიძეს არჩევანის საშუალება დაუტოვა”. – წერს კინწურაშვილი.
შეგახსენებთ, კინწურაშვილი კულტურის მინისტრმა გუშინ გადააყენა, რითაც ოპერაში რამდენიმეთვიანი პროტესტი დასრულდა.