ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი, რომელსაც კულტურის მინისტრმა დღის ბოლომდე მისცა ვადა თანამდებობის დასატოვებლად, სოციალურ ქსელში წერს, რომ საზოგადოებას დამახინჯებული „სიმართლით“ არ დატოვებს:
„ვიცი ბევრი მაკრიტიკებს, რომ ხმამღლა არ ვსაუბრობდი თეატრის პრობლემებზე. ყოველთვის ვიყავი და ახლაც ვარ დარწმუნეული, რომ საკითხები შიგნითვე უნდა მომეგვარებინა, ვცდილობდი თეატრი დამეცვა და მისი იმიჯი არ შელახულიყო. სამწუხაროდ, თეატრის ნაწილმა სხვა გზა აირჩია. ამიტომ გადავწყვიტე, საზოგადოება არ დავტოვო დამახინჯებული “სიმართლის” ამარა.“
მოგვიანებით კინწურაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც იმ პირის კონკრეტული გვარი და სახელი დაასახელა, ვინც „თეატრის კარებისკენ უთითებს“:
„არ იფიქროთ, რომ ჩემს სისუსტეებზე არ ვისაუბრებ, პირველად მადლობა მაქვს გადასახდელი.
ვწუხვარ, რომ მოსალოდნელი ღალატის შესახებ ბატონ თემურ გუგუშვილის დარიგებებიც კი ვერ დავიჯერე, მისდამი ღრმა პატივისცემის ნიშნად, თეატრში მოსვლისთანავე მას დამსახურებული სოლისტის წოდება მივანიჭე და უმაღლესი ხელფასი დავუნიშნე.
შემდეგ იგი, როგორც დამსახურებული სოლისტი სამხატვრო საბჭოს წევრად დავასახელე. შედეგად, დასმა იგი სამხატვრო საბჭოს წევრად აირჩია.
თეატრის გახსნაზე “აბესალომის” როლზე დანიშნული ახალგაზრდა მომღერალი მიხეილ შეშაბერიძე მოვხსენი და ეს პატივი, მისი ღვაწლის აღსანიშნავად, ბატონ თემურს დავუთმე.
ცოტა ხნის შემდეგ ბატონ თემურს კასტინგის ხელმძღვანელის თანამდებობა შევუთავსე, რა თქმა უნდა, დამატებითი ანაზღაურებით.
რა თქმა უნდა, ბატონი თემურისთვის ვარსკვლავის გახსნაც მინდოდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ოპერაში პირველი ვარსკვლავი მისი სახელობის არ უნდა ყოფილიყო!
ჩემთ საქმიანობის ერთ – ერთი უმთავრესი კრიტერიუმი არის და იქნება დამსახურებული ადამიანებისთვის შესაბამისი პატივის მიგება.
თუ ეს ყოველივე, თეატრის წინაშე ჩადენილი ჩემი დანაშაულია, მადლობა ვუხდი მას, რომ კარისკენ მიმითითებს…. ალბათ ცდილობს მიმახვედროს, რომ ეს ყველაფერი თეატრს არ სჭირდება. მადლობა იმისთვისაც რომ ჩემი წილი პატივის მიგება მაინც მოვახერხე“ – წერს დავით კინწურაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა თანამდებობა დაატოვებინა თეატრის სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეკა გელაშვილს. როგორც მის ბრძანებაშია ნათქვამი, ეკა გელაშვილი თეატრის სცენის მენეჯერის თანამდებობაზე რჩება.
კინწურაშვილის ბრძანებით, ასევე გათავისუფლდნენ: იამზე გურჩიანი, ნინო გოგინაშვილი და გოჩა გაბიძაშვილი. მან ბრძანებაში მიზეზად დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა დაასახელა.
ასევე, მინისტრის ულტიმატუმის შემდეგ, თანამდებობა დატოვა თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ოპერის დასის ნაწილი დავით კინწურაშვილის გადადგომას მოითხოვს, მიზეზად გუნდთან კომუნიკაციის არქონა და ფინანსური დარღვევები სახელდება.