ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ბალეტისა და ოპერის თეატრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, საქართველოს კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ შეუძლებელია არსებული მენჯმენტის პირობებში პრობლემა მოგვარდეს.
გიორგაძემ ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილსა და დირექტორს, ალექსანდრე მოწონელიძეს თანამდებობის დატოვება შესთავაზა:
„სამინისტროს არაერთი მცდელობა, რომ ბრალდებები მხარეებს მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში განეხილათ, უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ, სამწუხაროდ, მე ვეღარ ვხედავ ვერანაირ ნიშანს იმისას, რომ არსებული მენეჯმენტის პირობებში ეს პრობლემა შეიძლება დარეგულირდეს. უფრო მეტიც, ამან მიიღო აბსოლუტურად მიუღებელი ფორმები. სახეზეა აშკარა დისკომუნიკაცია და მმართველი რგოლის შეუთანხმებელი მოქმედება. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს შევთავაზე, დატოვონ თანამდებობა დღის ბოლომდე. იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, სამინისტრო თავის მხრივ მიიღებს ზომებს ოპერის მენეჯმენტის გადაყენებასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
ბოლო ინფორმაციით, ოპერის დირექტორი ალექსანდრე მოწონელიძე უკვე გადადგა.
შეგახსენებთ, რომ ოპერის დასის ნაწილი ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადადგომას ითხოვს. მიზეზად გუნდთან კომუნიკაციის არქონა და ფინანსური დარღვევები სახელდება.