სამართალი

“მე მაქვს მაგდა პაპიძის ჩანაწერები და არ ემთხვევა ეს წერილი მაგდას ნაწერს”: ვინ და რატომ არ ენდობა პროკურატურას

შვილისა და ქმრის მკვლელობაში მსჯავრდებულის, მაგდა პაპიძის დედამ, ლია შამუგიამ, საქმის მისთვის საეჭვო დეტალებზე ისაუბრა:

„პირველივე დღეებიდან დიდი ხარვეზებით მიმდინარეობდა ამ თემის განხილვა. პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ მაგდა გაეშავებინათ და უარყოფითად დაენახებინათ საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ის ნაფიცი მსაჯულებიც ადამიანები იყვნენ და ჩვეულებრივად უსმენდნენ ამ ყველაფერს ტელევიზიით.

მსაჯულებთან ერთი კითხვა მაქვს, რატომ არ მიაქციეს ყურადღება იმ უმნიშვნელოვანეს დეტალს, რომ დეენემი არ ემთხვევა ომარის ნაკაწრ მკლავზე, სადაც შემოხეულია მაისური და აღებულია მაგდას დეენემი ფრჩხილიდან. თუნდაც თორნიკეს ნაკაწრ სახიდან აღებულია დეენემი და ამასაც არ მიაქციეს ყურადღება. მნიშვნელოვანია რომ გაწყვეტილია ბავშვის ჯვარი, რომელიც მნიშვნელოვნად მკვრივი თასმა იყო, რომელსაც მაგდა ვერ გაწყვეტდა.

როგორ შეიძლება თვენახევრის შემდეგ აღმოჩნდეს სისხლიანი ტახტი, რომელსაც დედამთილი წარუდგენს გამოძიებას. ეს ტახტი თავიდანვე  გაიტანეს ოთახიდან, იქ არ იყო ცხედრები დასვენებული, და ამ ტახტზე ნივთები იყო დალაგებული. კითხვები პირველ რიგში დედამთილთან და შემდეგ, უნიათო გამომძიებლებთან მაქვს. გამომძიებელი, რომ ამბობს, შევედი ოთახში, ტახტზე დედამთილი, ლილი მინდიკაური იჯდა და მითხრა, ამ ტახტზე მოხდა მკვლელობაო, არ უნდა გაესინჯა ის ტახტი გამომძიებელს?

თუ ურო ნაჭერში იყო გახვეული, როგორც წერილში წერია („ურო ნაჭრით გახვეული“, მაგდა პაპიძის წერილი, გამოძიების მტკიცებით), როგორ მოახერხებდა ასეთი ბასრი ჭრილობების მიყენებას ომარის თავზე? სად არის ის ნაჭერი, თუ გახვეული იყო ურო? და მთელი თვეების განმავლობაში გვაჩვენებდნენ სუფთა უროს. მაინტერესებს, ექსპერტმა რის საფუძველზე დაასკვნა, რომ ეს მაგდას ნაწერი იყო. მე მაქვს მაგდას ჩანაწერები და არ ემთხვევა ეს წერილი მაგდას ნაწერს. პროკურატურის ერთ სიტყვას არ ვენდობი. მათ ორჯერ მომაწერინეს ჩემ ჩვენებაზე ხელი.

იმდენად ვიყავი მაგდას სიმართლეში დარწმუნებული, რომ ვერც კი წარმოვიდგინე ალტერნატიული ექსპერტიზა, რომ უნდა ჩამეტარებინა.

მაგდა ვერც ომარის მოკლავდა. 10-ის 15 წუთზე დგება სიკვდილი. რა დროს უნდა მოეკლა, რომ საერთო საცხოვრებელში ხმა ვერავის გაეგო? ბიჭი ნაბრძოლია, მყესები აქვს დამტვრეული, ზურგი ისე აქვს დაზიანებული, მხოლოდ გათრევით ვერ დაზიანდებოდა ეგრე.

ჩემი ვერსიით, ეს საქმე მამაკაცის ჩადენილია. ურნიდან ამოღებულ ფოტოებზე და დახეულ წიგნზე მაგდას დეენემი არ აღმოჩნდა. დედამთილს დებატებში ვიწვევ, უნდა დავუსვა კითხვები და მის თვალებში ამოვიკითხო სიმართლე. თუნდაც იმ საღამოს მაგდა, რომ ეუბნებოდა, დავურეკოთ პატრულსო, რატომ უთხრა, არა, ომარს არ უყვარს პატრულიო. ამ სფეროში მუშაობდა ბიჭი.

როცა ლანამ მომხდარის შემდეგ პირველად დამირეკა და მითხრა, ქმარ-შვილის  მკვლელობა მაგდას ბრალდებაო, პირველად იარაღზე გამექცა ეჭვი, რამე ხომ არ მოხდა უბედურება-მეთქი.

ნამდვილად მქონდა მეგობარ მამაკაცზე (ოთარ ბერძენიშვილზე)  ეჭვი, რომ ამ საქმეში ის ფიგურირებდა, მაგრამ ტახტის თემას რა დავარქვა, რომელიც თვენახევრის შემდეგ გამოაჩინა დედამთლმა?

ჩემი ეჭვებით და ვერსიით, დედამთილი ვიღაცას ხელს აფარებს. პირველი სამძიმრის დღეს, როცა მივედი მათთან, მე და ლანა სამზარეულოში გავედით. ერთი ბიჭი იქ ჩამუხლული იყო, რომელიც მახოსთან (მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა)  ერთად იჯდა ციხეში,  ჩუმად ლაპარაკობდა და ასეთი ფრაზა გაგიგე, „ყველაფერი ისე მიდის, ბრატ, როგორც ჩვენ გვინდა“. ამან ძალიან დამაეჭვა.

ხელახლა გამოძიებას მოვითხოვ. რისი უფლებაც მაქვს, ყველაფერს გამოვიყენებ.“-განაცხადა მაგდა პაპიძის დედამ, ლია შამუგიამ.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს შვილისა და ქმრის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

იტვირთბა....