ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სექსუალური მანიაკი თემქაზე: 26 წლის მსხვერპლი ქალი და შეშინებული მაცხოვრებლები

 

„პრაიმტაიმი“ სტატიას აქვეყნებს:

„2 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, თემქაზე ახალგაზრდა ქალს სასტიკად გაუსწორდნენ. მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული სახის არეში. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 26 წლის გოგოს თავდამსხმელი სარაჯიშვილის მეტროდან ზევით, დაახლოებით 200 მეტრში მდებარე სკვერთან ჩაუსაფრდა და მისი გაუპატიურება სცადა. გავარკვიეთ ისიც, რომ ეს ამ ტერიტორიაზე სექსუალური ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის. აღნიშნული ადგილი მსგავსი დანაშაულისთვის საკმაოდ ხელსაყრელია, რადგან ამ კონკრეტულ პერიმეტრზე (გამწვანების ზონაში) გარე განათება თითქმის არ მუშაობს და შებინდებულზე იქ გადაადგილება საკმაოდ სერიოზული ხიფათის შემცველია მათთვის, ვისაც შინ მისასვლელად სწორედ ამ გზის გავლა უწევთ.

„პრაიმტაიმთან“ ადგილობრივები სექსუალურ მანიაკზე საუბრობენ, რომელიც რიგ შემთხვევაში ქალბატონებს აშინებს, რიგ შემთხვევაში კი მათზე ძალადობს. 2 ივლისს მის მიერ გამოჩენილმა სისასტიკემ კი ყველას მოლოდინს გადააჭარბა. ახალგაზრდა ქალი, რომლის სახელსაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ, უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიმარტეს, რომ თავდამსხმელი უკვე დაკავებულია და მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. თავად ბრალდებული დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს, მისი ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ ნამდვილი მანიაკი თავისუფლებაზე იმყოფება და არ არის გამორიცხული, უკვე მორიგ მსხვერპლსაც არჩევდეს. საქმეზე დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზა, რითაც პასუხი გაეცემა კითხვას – დაკავებულია თუ არა სექსუალური მანიაკი?

საქმის დელიკატურობიდან და უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სტატიაში დაზარალებულისა და ბრალდებულის ვინაობები შეცვლილია.

ბრალდების ფორმულირებაა:

„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გიორგი შავიშვილმა (სახელი და გვარი შეცვლილია. –ავტ.) ჩაიდინა გაუპატიურების, ანუ სქესობრივი კავშირის მცდელობა ძალადობის გზით. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 21 საათზე თბილისში, ზღვის უბნის ტერიტორიაზე არსებულ გამწვანების ზოლში გიორგი შავიშვილი ძალადობის გამოყენებით შეეცადა სქესობრივი კავშირის დამყარებას ეკატერინე ახობაძესთან (სახელი და გვარი შეცვლილია. –ავტ.) კერძოდ, მან ეკატერინე ახობაძეს დაუწყო ძლიერი ცემა, მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, ცდილობდა რა მისთვის ტანსაცმლის გახდას და სქესობრივი კავშირის დამყარებას. გიორგი შავიშვილის მიერ დანაშაულებრივი განზრახვა ბოლომდე არ იქნა მიყვანილი დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევისა და გამვლელი მოქალაქეების გამოჩენის გამო. აღნიშნული ქმედებით ეკატერინე ახობაძეს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი“.

დაზარალებული გოგონა იმ უბანში დედასთან ერთად ქირით ცხოვრობდა, ამ შემთხვევის შემდეგ კი ისინი ბინიდან საერთოდ გადავიდნენ.

 

ჯუმბერ ზანთარაია, ადგილობრივი:

– მანიაკი იყო და დაიჭირესო, გვითხრეს. იმ გოგომ ამოიცნო, ვინც სცემა. ძალიან ცუდად იყო ის ბავშვი.

– სხვა მსგავს შემთხვევებზე გსმენიათ რამე?

– როგორ არა, ლამის ყოველდღე ხვდებოდა გოგოებს, წივილ-კივილი და ერთი ამბავი იყო სულ. რამდენჯერ დაუყვირიათ, – მიშველეთო. მერე აქ უბნის ბიჭები რომ გაიქცეოდნენ, უკვე აღარ ხვდებოდა იქ, იმალებოდა მალევე.

– როგორ მოხდა მისი დაკავება?

– აქვე პირველ სართულზე ერთი ოჯახი ცხოვრობს. უკან აივანი აქვთ მიშენებული. იქ ამძვრალა და ოჯახის დიასახლისს ფანჯრიდან უთვალთვალებდა. მეზობელმა დაინახა და პოლიციას დაურეკა. მერე გაირკვა, რომ ეს სწორედ ის იყო, ვინც თავს დაესხა და სცემა იმ გოგოს. სექსუალური მანიაკია და კარგი იქნება, სხვა საქმეებსაც თუ ამოუქექავენ. ჩემი სიძე და ქალიშვილი იქით, მე-9 კვარტალში ცხოვრობენ, იყო შემთხვევა, როცა ჩემი შვილი აქეთ მოდიოდა და თავს დაესხა. საბედნიეროდ, დროულად დააღწია თავი.

სამოელ გარიდიანი, ადგილობრივი:

„მეზობლები ამბობენ, მანიაკი იყოო. პირადად მე არ შევსწრებივარ. ვიცი, რომ უმოწყალოდ იყო ნაცემი ის გოგო. ისეთი ადგილია, რომ ყველაფერი ხდება, ღამე ვერ გაივლის ქალი. რამდენიმე მეზობელს შენიშნული ჰყავს ვიღაც საეჭვო ტიპი“.

 

ანრი მაღლაკელიძე, ადგილობრივი:

„ვიცი, რომ მანიაკი იყო. მე აქ ორ გოგონასთან ერთად ვცხოვრობ. იმ დღეს სამსახურიდან მოვდიოდი და სადარბაზოსთან ჩოჩქოლი იყო, მითხრეს, ვიღაც მანიაკი დასხმია თავს ერთ გოგოსო. შეშინებული გამოვიქეცი, ვიფიქრე, ჩემი მეგობარი ხომ არ არის რომელიმე-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი მეზობელი ყოფილა ის გოგო. ქირით იყვნენ და გადავიდნენ. ეგ მანიაკი დააკავეს, როგორც ვიცი“.

ლალი ბურდული, ადგილობრივი:

„ჩვენ ზევით ცხოვრობდა ეს საწყალი გოგო. იმ ამბის შემდეგ გადავიდნენ. იყო შემთხვევა, როცა კიდევ ერთ მეზობელ გოგოს გაეკიდა საცემად თუ გასაუპატიურებლად. ეს ბოლო შემთხვევა კი ნამდვილად შემაძრწუნებელი იყო. სასიკვდილოდ გაიმეტა ახალგაზრდა ბავშვი. თურმე ხელებს უკავებდა და ეხვეწებოდა, – დედა, ან და არ გყავსო, ის ცხოველი კი გამატებით ურტყამდა. კი ამბობენ, დააკავესო, დაზარალებულმაც ამოიცნოო, მაგრამ ისიც ითქვა, რომ მანიაკი სხვა არისო. ხალხი მაინც შეშინებულია. შებინდებისას ყველა ერიდება გარეთ გასვლას. ხომ გეუბნებით, იმ კაცს რომ არ გაევლო, ეს გოგო ცოცხალი აღარ იქნებოდა“.

 

ნაცემი ეკატერინე ახობაძე გამვლელმა, გიორგი ბუხრაშვილმა შენიშნა. სწორედ მან დარეკა 112-ში. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბუხრაშვილის მეუღლე, ირინა ბუხრაშვილი ამბობს:

„ეს ადამიანი მანამდეც არაერთხელ ჰყავდათ შენიშნული. კიბესთან იყო ხოლმე დამალული და გამვლელ გოგონებს უთვალთვალებდა. ჩემმა მეუღლემ ნახა პირველად ის საწყალი გოგონა, ძალიან ნაცემი იყო. დაიძახა, – მიშველეთო და, ალბათ, ამ მომენტში გაიქცა ის პიროვნება. რამდენიმე დღის მერე დააკავეს. სხვა შემთხვევებიც იყო. ზოგადად, ეს ადგილი ძალიან საშიში მონაკვეთია“.

ბრალდებულის ოჯახი სექსუალურ ძალადობასთან გიორგი შავიშვილის კავშირს გამორიცხავს და ირწმუნება, რომ რეალური დამნაშავე ახლაც თბილისის ქუჩებში დადის. შავიშვილის ბიძაშვილი „პრაიმტაიმს“ უყვება, რა ალიბი აქვს ბრალდებულს.

ბრალდებულის ბიძაშვილი:

– გიორგის ნომრიდან 21:40 საათზეა ჩემს ტელეფონზე შემოსული ზარი, მკითხა, სახლში როდის მოხვალო. ფეხბურთის მატჩი იყო და ონლაინტოტალიზატორზე უნდა დაგვედო თანხა. ამ დროს, გამოძიების ვერსიით, უკვე შეთრეული ჰყავდა დამნაშავეს ეს გოგო და ფიზიკურად უსწორდებოდა. ამოიღონ ანძებიდან ამონაწერი და გაარკვიონ, რეალურად საიდან მირეკავდა მე გიორგი, იმყოფებოდა სახლში ჩემთან, თუ შემთხვევის ადგილზე. ეს ხომ ძალიან მარტივია. კიდევ ერთი ალიბი არის ის, რომ ზუსტად იმ დროს „ლას-ვეგასის“ საიტზე გიორგის ექაუნთით განთავსებულია ონლაინბილეთები. არსებობს სხვა უამრავი მტკიცებულება, არსებობენ მოწმეები, ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ გიორგი დროის იმ მონაკვეთში დანაშაულის ადგილზე ვერანაირად ვერ იქნებოდა.

– მაშინ რით ხსნით იმას, რომ დაზარალებულმა სწორედ გიორგი ამოიცნო…

– მას ამოსაცნობად დაუყენეს რამდენიმე პირი, თუმცა როდესაც გიორგი დააკავეს, მისი ფოტოსურათი წინასწარ ანახვეს დაზარალებულს, ეს პიროვნება დავიჭირეთო. შემდეგ უკვე მან ალბათობით დაადო ხელი გიორგის. მთავარი, რითაც დაზარალებულმა „ამოიცნო“, იყო ტანსაცმელი, არადა იმ დღეს გიორგის საერთოდ არ სცმია ისეთი ტანსაცმელი, ამის მოწმეებიც არსებობენ და სასამართლოს ყველა მისცემს ჩვენებას.

– კარგით, ეს გასაგებია, მაგრამ რას იტყვით მოწმეებზე, რომლებიც, ასევე, გიორგიზე მიუთითებენ?

– მე არ ვიცი, რა ინტერესი აქვთ მათ, უდანაშაულო ადამიანი საციხედ გაიმეტონ, მაგრამ ვეჭვობ, რომ ეს ხალხი შეცდომაშია შეყვანილი. გადაჭრით არავინ არაფერს ამბობს, მათი ჩვენებები დამყარებულია ვარაუდებს. ვარაუდის დონეზე კი წარმოუდგენელია ადამიანის გასამართლება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გიორგი დააკავეს, არის მისი ნასამართლობა. წარსულში ის წვრილმანი ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, ამიტომ ჩათვალეს, რომ სწორედ ის იქნებოდა დამნაშავე, რადგან დაკავების დღეს იმ ტერიტორიის სიახლოვეს გადაადგილდებოდა. არადა იქ მეც ხშირად დავდივარ, მე მგონი, ჯერჯერობით ქვეყანაში ადამიანების თავისუფლად გადაადგილება არავის შეუზღუდავს. თემქაზე ხევისკენ, ჩემს მეზობელსაც დახვდნენ და თავი გაუტეხეს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ გიორგიმ ჩაიდინა ეს ყველაფერი?! ბევრი მსმენია მსგავსი ფაქტების შესახებ, მაგრამ ჯობია, რეალური დამნაშავე ეძებონ, ვიდრე ხელი შეაწმინდონ უდანაშაულო ადამიანს. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, დარწმუნებული ვარ, ეს დასკვნა ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

– და თუ ექსპერტიზამ თქვენი საწინააღმდეგო დასკვნა დადო, მიიღებთ მას, როგორც მოცემულობას?

– ერთი პროცენტითაც კი არ ვუშვებ ამას, რადგან ზუსტად ვიცი, რომ გიორგი იქ არ იმყოფებოდა და არც ის ტანსაცმელი ეცვა, რითაც ვითომ ამოიცნეს. თუ სახელმწიფო ექსპერტიზა თეთრზე დაწერს შავს, მაშინ ჩვენ საქმეში ჩავრთავთ ალტერნატიულ, დამოუკიდებელ ექსპერტს.

 

მოკლედ, ოჯახი გიორგი შავიშვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, რომ 33 წლის ბრალდებული წარსულში 3-ჯერ არის ნასამართლევი. მისი ადვოკატი, თამარ აბესაძე საქმეზე ვრცელი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა განმარტავს, რომ ბრალდებულის ნასამართლობას მომხდარ ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

„ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს. ვფიქრობ, მალე გამოძიებაც დარწმუნდება, რომ შავიშვილი უდანაშაულოა, რეალური მანიაკი კი კვლავაც თავისუფლად დადის გარეთ“, – ამბობს ადვოკატი.

 

„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა დაზარალებულ გოგონასაც, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, ინტერვიუზე უარი თქვა, თუმცა მცირე კომენტარი მაინც გააკეთა:

„საუბარი იმაზე, რომ ამოცნობა არასწორად ჩატარდა, ან თითქოს უდანაშაულო ადამიანს დავადე ხელი, არის სრული ტყუილი. დიახ, ვინც ჰყავთ დაკავებული, ნამდვილად ეგ დამესხა თავს და მე მას ნებისმიერ დროს ვიცნობ“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას დაზარალებული.“

პრაიმთაიმი

იტვირთბა....