ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვროს ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი სოციალურ ქსელში ქართველი სოპრანოს, ნანა ქავთარაშვილის მიერ მის მიმართ გაგზავნილ შეტყობინებებს აქვეყნებს:
„ჩემო ძვირფასებო,
უკომენტაროდ, მხოლოდ ფაქტები.
ქართველი სოპრანო, ნანა ქავთარაშვილი
ყველაფერი დაიწყო აქედან:
მოვიწვიე 30 იანვარს თეატრის გახსნაზე, როგორც ყველა ქართველი მომღერალი, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობდა. იგი ვერ ჩამოვიდა და ყველას წარმატება გვისურვა:
“დიდ წარმატებებს გისურვებთ!!! მადლობა კიდევ ერთხელ და რომ ჩამოვალ შევხვდებით აუცილებლად!”
გაზაფხულზე ჩვენ ერთმანეთეთს შევხვდით და თბილი საუბარი გვქონდა მომავალ გეგმებთან დაკავშირებით, სადაც მე მას ვუდასტურებ თანამშრომლობას, როგორც კი საშუალება გვექნება.
20 მაისს ვიღებ მუქარის წერილს იმის თაობაზე, თუ რატომ არ მოვიწვიე იგი 4 ივლისის ეუთოს ღონისძიებაზე და საერთოდ, არცერთ სპექტაკლზე:
“დავით კინწურაშვილო რატომ არ დამპატიჟეთ 4 ივლისის გალა კონცერტზე, რომ მეც მივიღო მონაწილეობა??? ბევრი გყავთ ჩემისთანა ხმიანი მომღერალი? რაშია საქმე ამიხსენი თუ შეიძლება…….. როგორც ვატყობ თქვენთან კეთილი მიდგომა და თბილი სიტყვა არ გადის….”
ნანა, 20-წლიანი სტაჟის მქონე მომღერალი, სურვილს, დაბრუნდეს საქართველოში, ასე აცხადებს წერილობით:
“სხვათაშორის ტელევიზიას რედაქციას ყველა არხს ავაწრიალებ, თუ პასუხი არ მივიღე … კულტურის მინისტრს, ასევე ბიძინა ივანიშვილსაც, პრეზიდენტსაც და პატრიარქსაც! მე პატრიარქის ნათესავი და ახლობელი ვარ, ასე, რომ არ გამიჭირდება …. მერე შენ წარმოიდგინეე დანარჩენი …. კულტურის მინისტრს პასუხი მოეთხოვება ამაზე და რა თქმა უნდა შენც!
თან არჩევნების წინ!
გადაბრალება კულტურის სამინისტროზე ….”
შემდეგ მე მას ვთავაზობ, ყველაფერი მომწეროს ემეილზე:
“——- ეს არის ჩემი მეილის მისამართი. შეგიძლიათ ამ მისამართზე მომწეროთ თუ რამე შემოთავაზებაა ან რამე გაქვთ მოსაწერი. ასევე იტალიის მობილურის ნომერი +39 ————- პატივისცემით ნანა”
ყოველივე ამის შემდეგ ნანა ქავთარაშვილი წყვეტს ჩემთან კონტაქტს და გადადის …. „სოციალურ“ სივრცეში.”-წერს დავით კინწურაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოპერის დასის ნაწილი დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. შესაბამისი განცხადებით მათ კულტურის სამინისტროს მიმართეს. მიზეზად კინწურაშვილის მიერ დასთან კომუნიკაციის არქონა და ფინანსური დარღვევები სახელდება. დავით კინწურაშვილმა ოპერის დასის ნაწილის ბრალდებებს 10-გვერდიანი წერილით უპასუხა, რომელიც კულტურის მინისტრს გაუგზავნა. სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებით, ის გადადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპერის სრული დასი მოითხოვს ამას.